|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქონების დამალვის ფაქტები ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  ბაღდათისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების  თანამდებობის პირების მიერ  2017-2018 წლებში არასრულად შევსებული დეკლარაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის  შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 4, ხოლო ხარაგაულში - 1 ფაქტი გამოვლინდა; ასევე ბაღდათის მუნიციპალიტეტში თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 2 შემთხვევა აღმოაჩინეს. 

ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით, ბაღდათის მერის პირველი მოადგილეს კახა ენუქიძეს 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ იგი არის შპს “კაპ გრუპის” 100%-იანი წილის მესაკუთრე და ამავე კომპანიის დირექტორიც, რაც წარმოადგენს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმად, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი, ასევე კახა ენუქიძემ დაარღვია ამავე კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნა, რადგან მის საკუთრებაში არსებული კომპანიის წილი სამართავად სხვა პირს არ გადასცა.

მერის მოადგილე ფირუზ ბურჯანაძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს “ჯორჯია სეთ კომპანი 2-ის” 15%-იანი წილის მესაკუთრე, მას ასევე არ მიუთითებია, რომ ,,ჯორჯიან სენდ კომპანიში’’ 50%-იანი წილის მფლობელია. ფირუზ ბურჯანაძეს წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, შპს “ჯორჯიან სენდ კომპანიმ” 2018 წლის 2 თებერვალს 1600 ლარის ოდენობის გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა ა(ა)იპ “ჭიათურის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვის ცენტრთან”, რომლის შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ქვიშის მიწოდება.

შალვა მშვილდაძე საკრებულოს თავმჯდომარე - შალვა მშვილდაძის მიერ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ იგი არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ,,მამუკა მდინარაძე, გიორგი გელაშვილი, შალვა მშვილდაძის’’ კომპანიაში 10%-იანი წილის მფლობელი, თუმცა მშვილდაძე ამავე დროს აღნიშნული მეწარმე სუბიექტის დირექტორიცაა, რითაც არღვევს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი, ამასთან, შალვა მშვილდაძე სპს-ში ფლობს არა 10%-იან, არამედ 15%-ს წილს და ამავე დროს, მას აღნიშნული წილი სამართავად სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც ასევე წარმოადგენს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის დარღვევას.

გაბრიელ ღიბრაძე ფრაქცია “ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარეგაბრიელ ღიბრაძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შემდეგი მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრე:ბაღდათის მუნიციპალიტეტი; სოფელი წითელხევი; 4003.0 კვ.მ.ბაღდათის მუნიციპალიტეტი ; სოფელი ვარციხე; 1183.0 კვ.მ. გაბრიელ ღიბრაძეს დეკლარაციაში ასევე არ აქვს მითითებული, რომ მისი შვილი ირაკლი ღიბრაძე არის შპს ,,დი.ეი.ჯი. ქონსალთინგის’’ დირექტორი და 33%-იანი წილის მფლობელი.

ზაზა ზივზივაძე ფრაქცია “ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარის მოადგილე -ზაზა ზივზივაძემ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ის არის შპს ,,ფერსათი - 1914-ის’’ 100%-იანი წილის მფლობელი. თუმცა, მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

მურად ბურჯანაძე ფრაქცია “ქართული ოცნება” თავმჯდომარის მოადგილე. მურად ბურჯანაძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შემდეგი მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრე:ბაღდათის რაიონი, სოფელი პირველი ობჩა; 4498.0 კვ.მბაღდათის რაიონი, სოფელი პირველი ობჩა; 701.0 კვ.მ ბაღდათის რაიონი, სოფელი პირველი ობჩა, 2800.0 კვ.მ

მაია კბილაშვილი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე- მან დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მას თანასაკუთრებაში აქვს შემდეგი მიწის ნაკვეთები: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიმი 2000 კვ.მ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიმი; 2100 კვ.მ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან გიორგაძემ 2018 წლის შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ ის არის შპს საზაფხულო დასასვენებელი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკი “კლდეკარის” 50%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.

გარდა ამისა, რუსუდან გიორგაძეს დეკლარაციაში არ აუსახავს, რომ მისი მეუღლე, ბესარიონ ჭიჭინაძე, არის შპს ,,დ გრუპის’’ დირექტორი და 100%- იანი წილის მფლობელი.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.

 "ნიუპრესი" შეეცადა კვლევაში მოხსენიებული საჯარო პირების პოზიციის გაგებას.  ბაღდათის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიურომ ფირუზ ბურჯანაძის მიმართ განახორციელა საჯარიმო სანქცია 500 ლარის ოდენობით ქონებრივი დეკლარაციის არამართლზომიერი შევსებისთვის. რაც შეეხება სხვა პირებს, საჯარო სამსახურის ბიუროს მათთან დაკავშირებით  არ მოუმართავთ და მომართვის შემთხვევაში კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დასკვნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს ბაღდათის საკრებულოს ფრაქცია  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მაია კბილაშვილი. როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, მიწის ნაკვეთები, რომელიც მან დეკლარაციაში არ მიუთითა, არის მისი მშობლების ოჯახის, ძმის და ძმისშვილების საკუთრება, რის გამოც ის ამ ქონებას თავისად არ მიიჩნევს, შესაბამისად, არც დეკლარაციაში ჩაუწერია.   

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა