|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფრთხის შემცველი კომფორტი

ლიფტი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ პირველიდან მეხუთე, ან მეთექვსმეტე სართულამდე რამდენიმე  წამში ახვიდე, თუმცა ეს კომფორტული მოწყობილობა სავსებით შესაძლებელია საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. 

„ნიუპრესი“ დაინტერესდა რა მდგომარებოაა ამ კუთხით ქალაქში და რა პრობლემები აქვთ ადგილობრივებს.

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ლიფტის შახტაში 3 წლის ბავშვი  ჩავარდა. შემთხვევა არასრულწლოვანი მშობლებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. ბავშვმა ლიფტის კარი შემთხვევით გააღო გადავარდა. მეზობლების ინფორმაციით, ლიფტის კარი დიდი ხნის დაზიანებული იყო, რომელსაც  სხვა ადამიანი შემთხვევით გადაურჩა, თუმცა პატარა გოგონას დაზიანებიც მიზეზი კი გახდა.  ბავშვი  მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავში ფაქტი მოხდა  თბილისშიც. შარდენზე მდებარე ბარში - "ტერასა 360" მე-4 სართულიდან ლიფტის შახტის ჩავარდნის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.  ეს შემთხვევები  მოწმობს, რომ ერთი შეხედვით, კომფორტული გადაადგილების საშუალება,  შესაძლოა, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს.

ქუთაისი მეგაპოლისი არაა და არც ცათამბჯენებითაა განებივრებული, თუმცა ლიფტიანი შენობები მრავლადაა. ამიტომ ჩვენ დავინტერესდით, რა მდგომარებაა ქალაქში ამ კუთხით. ქუთაისის რამდენიმე დასახლებას ვეწვიეთ და ადგილობრივებს გავესაუბრეთ: ”ჩვენთან ლიფტი მუშაობს, მართალია, ძველია, მაგრამ ჯერჯერობით არის, ხანდახან ჭრიჭინებს, მოვა ხელოსანი,  გააკეთებს, მერე ისევ ჭრიჭინებს და ასე გრძელდება. ზოგს ფეხით ურჩევნია ასვლა, მაგრამ ხანდახან დაღლილი რომ მოდის ადამიანი, სახლში ჭრიჭინა ლიფტით ურჩევნია ასვლა“, - ამბობს სულხან-საბას ქუჩის  მცხოვრები ნათია ხურციძე.

„ჩვენთან საერთოდ არაა ლიფტი და შესაბამისად, ფეხით ადის ყველა სახლში. თუმცა ქალაქში არსებული ლიფტები უმეტესად  მოძველებულია, ამიტომ სხვაგანაც  კიბეებით ასვლას  ვამჯობინებ“, - ამბობს მშვიდობის ქუჩის მცხოვრები ქეთი ლომიძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ლიფტების რეაბილიტაციისთვის თანხები ყოველწლიურად გამოიყოფა.  წელს ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი 200 ათასი ლარი იყო.  ამ თანხით რეაბილიტაცია  17 ლიფტს ჩაუტარდა.  ეს 200 ათასიანი ქალაქისათვის დიდი ვერაფერი შეღავათია.

პროექტი თანადაფინანსებით ხორციელდება.  90 პროცენტს ადგილობრივი თვითმმართველობა, ხოლო 10-ს მოსახლეობა იხდის. ხშირად მოსახლეობას ამ თანხის მოძიებაც უჭირს.  „ვიდრე ამხანაგობას ექნება მზაობა შემოვიდეს 10 პროცენტის დაფინასებაში,  ჩვენ მზად ვართ მივიყვანოთ პროექტი ბოლომდე. ამხანაგობა აკეთებს პროექტს  და პროექტით და განცხადებით მოგვმართავს ჩვენ“, -  ამბობს მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე.

  ლიფტების რეაბილიტაციისას მთავარი სამუშაოების შესრულების ხარისხია.  როგორც საბინაო სამსახურში გვიხსნიან, მას შემდეგ, რაც სამუშაოები სრულდება,  მას ამოწმებს მოწვეული ექსპერტი და იდება დასკვნა:  „სამუშაობს ამოწმებს ჩვენი ინსპექტირების ჯგუფი.  ექსპერტი სამუშაობს ტექნიკურ ნაწილს ამოწმებს,  ჩვენ ხარჯთაღრიცხვის ნაწილს. როცა ლიფტი დასრულებულია,  მას ხელს სამი მხარე აწერს ხელს.  ჩვენ,  შემსრულებელი კომპანიის მხარე და ამხანაგობის თავმჯომარე. მათი ვალდებულებაა, გააფორმონ ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც მიმდინარე ექსპლუატაციას გაუწევს ლიფტს და ჩაატარებს  სამუშაოებს. მას შემდეგ, რაც ლიფტი ჩაბარდება, ის ამხანაგობების საკუთრებაა.  სამუშაოს დასრულებიდან 2  წლის განმავლობაში, ლიფტზე პრობლემის  დაფიქსირების შემთხვევაში,  იგივე ფირმა ვალდებულია  გაწიოს სარეაბილიტაციო მომსახურეობა.   ჩვენ კი   2, 5 %-ს ვიტოვებთ სატენდერო თანხიდან  იმისათვის, რომ შემდეგში  შეკეთებითი სამუშაები დაფინანსდეს.  ბაზარზე რამდენიმე კომპანიაა, რომელიც  ლიფტებზე მუშაობს. მათ შორის არჩევანს ამხანაგობა აკეთებს, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. მათ შორის დადებულ ხელეკრულებში  უნდა იყოს მითითებული,  რა პერიოდულობით უნდა შემოწმდეს ლიფტები და რაზეა პასუხისმგებელი კომპანია“, - განმარტავს საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე.

როგორც საბინაო სამსახურში ამბობენ, ლიფტების შეკეთების პროგრამა  წელსაც გაგრძელდება.  რესტავრაციის შემდეგ კი მონიტორინგის განხორციელება საბინაო სამახურს აღარ ევალება და ლიფტის უსაფრთხო მდგომარეობაზე ზრუნვა ბინათამხანაგობებს მართებთ.

ქალაქში ამ დრომდე ისევ ათეული წლების წინანდელი კონსტრუქციები ფუნქციონირებს.   ზოგან  კი  უფრო მარტივი გამოსავალი იპოვეს, ლიფტები გააუქმეს.  გამოთავისუფლებული ფართი კი  მოსახლეობამ საკუთარ ბინებს მიუერთა,  ან სათავსოებად გამოიყენა. საბოლოო ჯამში,  მოქალაქეებს უწევთ არჩევანის გაკეთება,  ფეხით  სიარულს,   მოძველებული, თუ გამართული ტექნიკით გადაადგილებას შორის. 

ავტორი: ანა ჯიქია