საბურავებისა და პლასტიკური მასალების დაწვა 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება
ე.წ. ჭიაკოკონობაზე საბურავებისა და პლასტიკური მასალების დაწვისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს მოსახლეობას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
უწყების განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე.
სამინისტროს განმარტებით, კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, შედეგად გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები გამოიყოფა. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში. შესაბამისად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს საბურავები და პლასტიკური მასალები არ დაწვან.
ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.
შეგახსენებთ, საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. ჭიაკოკონობა იმართება.
ავტორი: ნიუპრესი