"სამშვიდობო მისიებში მონაწილე ბიჭები უდიდესი ძალა და შეუფასებელი განძია ჩვენი ქვეყნისთვის"
- თქვენი გზა სამხედრო სამსახურამდე...
ჩემი ბავშვობა თბილისს უკავშირდება. აქ დავიბადე, გავიზარდე, დავამთავრე საშუალო სკოლა, მივიღე უმაღლესი განათლება. პროფესიით იურისტი ვარ. სავალდებულო სამხედრო სამსახურმა ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. სასაზღვრო ჯარში სავალდებულო გაწვევას თავი ვერ ავარიდე. გულწრფელად გითხრათ, ამის სურვილი არ მქონდა. მაგრამ ის, რაც თავიდან უინტერესო მეგონა, დროთა განმავლობაში ჩემი მთავარი ინტერესის სფერო გახდა. ნელ-ნელა მოვიდა მთავარი განცდა, საკუთარ თავს ვპოულობდი. სავალდებულო ვადის ამოწურვის შემდეგ კონტრაქტი ჩემივე სურვილით გავაგრძელე. ცოტა მოგვიანებით ქვეყნის თავდაცვის უწყებაში გადმოვედი და ეს კიდევ განსხვავებული აზარტი იყო. დღეს ბედნიერი ვარ, ამ საქმეს რომ ვემსახურები. იცით, რა განცდაა, როდესაც ღამე მშვიდად გძინავს? ბედნიერი ხარ, რომ შენ შენს ქვეყანას იცავ! ამ საქმეს, ამ გრძნობას არაფერში გავცვლიდი. მიხარია, რომ ჩემი ცხოვრება, სწორედ, ამ გზით წარიმართა.
_ როდის და რატომ გადაწყვიტეთ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა?
_ ავღანეთის მისიაში წასვლამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ერთი წელი ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში, ბაზა ფორტ ბენინგზე სამხედრო მიმართულებით სხვადასხვა კურსი გავიარე. რასაც თეორიულად ისწავლი, ის აუცილებლად უნდა გამოცადო პრაქტიკაში. ვმონაწილეობდი 2008 წლის აგვისტოს ომში. ვეტერანი ვარ, თუმცა, ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ცოდნაც გავიმდიდრე. აუცილებლად უნდა გამომეცადა საკუთარი თავი პრაქტიკაში. მთავარი მოტივაცია და მიზანიც ეს იყო.
_ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას?
_ საქართველო მცირე ძალის მქონე ქვეყანაა. სამშვიდობო მისიები ბევრი კუთხით არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ჯარისკაცებისთვის. პირველ რიგში, საერთაშორისო მხარდაჭერის განმტკიცების კუთხით. თუ ჩვენ ვმონაწილეობთ სამშვიდობო მისიებში, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი ქვეყნების პარტნიორი ქვეყანა ვართ. ეს ურთიერთობები ორმხრივია. ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში სხვებს ავალდებულებს, რომ გასაჭირში არ მიგვატოვონ. შეიძლება არასრული სპექტრით, მაგრამ დიპლომატიური კუთხით მაინც დაგვიდგებიან გვერდში და ამის მაგალითებიც გვაქვს. მეორე მხრივ, შეირაღებული ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამოცდილების მიღება. არმია ცოცხალი ორგანიზმია. თუ ყოველდღიურად არ ივარჯიშა, არ გაიწვრთნა, თუ არ იმოქმედა, ერთ ეტაპზე გაჩერდება და ეს სარგებელს ვერ მოუტანს ქვეყანას. სამშვიდობო მისიებში მონაწილე ბიჭები უდიდესი ძალა და შეუფასებელი განძია ჩვენი სამშობლოსთვის.
_ როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებას?
_ ოჯახს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუჭირდა ჩემს გადაწყვეტილებასთან შეგუება. განსაკუთრებით დედაჩემს. პროტესტი იყო თავიდან, სამხედრო კარიერის დასაწყისშიც, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ვიღებ, ამიტომ ოჯახი ნელ-ნელა ეგუება ჩემი ცხოვრების სტილს. უკვე პროფესიონალი სამხედრო ვარ და თავად გადავწყვიტე ამ გზაზე დავმდგარიყავი.
_ შთაბეჭდილებები, რომელიც ავღანეთიდან ჩამოგყვათ...
_ ავღანეთში ჩასვლისას კულტურული შოკი მივიღე. სულ სხვა რეალობის წინაშე დავდექი. მოვხვდი გარემოში, სადაც ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვიან. მუდმივ შიშს, მოულოდნელ თავდასხმებს ადგილობრივები შეგუებულები არიან და მიუხედავად ყველაფრისა, მათ ყოველდღიურობაზე ეს არ აისახება. ჩვენ ავღანელ ხალხს თალიბანის აგრესიული ქმედებებისგან თავის დაღწევაში ვეხმარებით. ვისაც ეხმარები, მათ უნდა იცნობდე. უნდა იცოდე რას ფიქრობენ, რას გრძნობენ, სხვანაირად დახმარებას ვერ შეძლებ. ამ ხალხთან ურთიერთობა ჩემთვის ძალიან უცნაური გამოწვევა იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ადამიანები სულ სხვა რეალობაში ცხოვრობენ და სანამ იქ ხარ, უნდა მიიღო მათი ცხოვრების სტილი. თუმცა, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილი სამხედროების თვალები იყო. უყურებ თვალებში და მათ განვლილ ცხოვრებას ხედავ, გგონია რომ ყველაფერი ამოიკითხე, მაგრამ ხვდები, რომ სივრცეში იკარგები. ეს არასდროს დამავიწყდება.
-დღე, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა
ჰელმანდის რაიონის დიდ სოფლებში ვატარებდით ოპერაციებს, სადაც გარკვეული აგრესორი დაჯგუფება აქტიურობდა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს დაგვევალა, 4 დიდი ზომის სახლის გაწმენდა პოტენციური თავდამსხმელებისგან. 2 სახლის გაწმენდა ორმხრივი შეტაკების ფონზე, 2-3 საათი მიმდინარეობდა, თუმცა მიზანს მივაღწიეთ. მესამე სახლისკენ მივდიოდით, როდესაც ნაღმზე ავფეთქდი. გონება არა, მაგრამ მხედველობა დავკარგე. 25 წუთში მოვიდა მედევაკი, სამედიცინო ევაკუაცია. უახლოეს ბაზაზე გადამიყვანეს, სადაც ბრიტანელების ჰოსპიტალი იყო. იქ დავიძინე და 5 დღეში გერმანიაში გავიღვიძე. მხედველობა თვალების გასუფთავების შემდეგ მალევე დამიბრუნდა. ინცინდენტის შემდეგ ერთი ქვედა კიდური დავკარგე, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდანაც არაფერს შევცვლიდი. ყველაფერს გააზრებულად ვაკეთებდი. ალბათ, უფრო ფრთხილად ვიქნებოდი. მაგრამ მე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მიმაჩნდა საჭიროდ. საბედნიეროდ, ჩემ გარდა არავინ დაშავებულა. ამიტომ არაფერს შევცვლიდი.
_ დღეს რას საქმიანობთ?
_ გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ მცირე პაუზა მქონდა. რეაბილიტაციისთვის იყო საჭირო. ამჯერად, რეინჯერების მოსამზადებელი სკოლის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვარ. ვაგრძელებ ჩემს სამხედრო კარიერას. სწავლების შემდეგი ეტაპი 2 წელიწადში მიწევს. ეს იქნება ყველაზე მაღალი დონის სწავლება, რაც აქამდე გამივლია. მაიორი ვარ და შემდეგი წოდებისთვის მჭირდება სწავლის გაგრძელება.
_ როგორ შეაფასებდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერას დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიმართ?
_ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რესურსისა და შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურს აკეთებს. მე პირადად არასდროს მიგრძვნია უყურადღებობა. რაც მთავარია, სამინისტროში არ არის კომუნიკაციის პრობლემა. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თემაზე შემიძლია საუბარი უწყების წარმომადგენლებთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი საერთო საქმე გვაერთიანებს და ეს ქვეყნის თავდაცვაზე ზრუნვაა. მინისტრთან გვქონდა შეხვედრა და იქაც აღვნიშნე, დღეს ძალიან აქტუალურია სოციალური მიმართულებები. ეს ლოგიკურია და ასეც უნდა იყოს. მაგრამ ასეთივე წარმატებით უნდა გააქტიურდეს განათლების საკითხი. როგორც ვიცი, ამ კუთხითაც სასიამოვნო სიახლეები გვაქვს. 20, 22 და 25 წლის დაჭრილი ბიჭები გვყავს, რომლებსაც ახალი რეალობა სჭირდებათ ცხოვრებაში. მათ უნდა მიიღონ განათლება, ახალ რეალობაში უნდა იპოვონ თავი და ამაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ.
_ რას ეტყოდით დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, მათ, ვინც ახლა აპირებს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას მიღებას?
_ არ არსებობს ეტაპი, რომელიც არ მთავრდება. არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ მოერევი. მთავარია, სწრაფად შეძლო ადაპტაცია. უნდა გჯეროდეს, რომ ყოფით პრობლემებზე ძლიერი შენ ხარ. ყველას აქვს იმის ძალა, თავი დააღწიოს სირთულეს, ნებისმიერი სახის სირთულეს - უბრალოდ უნდა დაინახო ეს შესაძლებლობა საკუთარ თავში. ყოველთვის უნდა იარო ახალი მიზნებისკენ და შეიძლება საერთო საქმესაც ემსახურო, მთავარია ეს იპოვო.
ბიჭებს კი, რომლებიც სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის ემზადებიან ვეტყვი - საკუთარ თავში პროფესიონალი უნდა იპოვოთ. გაითვალისწინეთ სხვისი დაშვებული შეცდომები, ასე უკეთ ისწავლით. გამოწვევა ბევრია და ამას წინასწარ ვერასდროს განჭვრეტთ, თუმცა, იხელმძღვანელეთ უკვე დაშვებული შეცდომებითაც.
ავტორი: