|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიის დეპოში თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

სამტრედიის სავაგონო დეპოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

ადგილზე მოკვლევა "რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირებმა" დაიწყო. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის ილია ლეჟავას განმარტებით, მიმდინარეობს შემოწმება, ხომ არ აქვს გარდაცვალებასთან კავშირი რკინიგზაში არსებულ მძიმე პირობებს.

„ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა. სპეციალისტები მუშაობენ და დაადგენენ, იყო თუ არა არსებული მძიმე შრომითი პირობები გარდაცვალების მიზეზი. ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა რკინიგზაში და კარგად არის ცნობილი, რა მდგომარეობაა რკინიგზაში. ამიტომ ხდება დადგენა. ამასთან, 2016 წელს სადაზღვევო პაკეტიდან ამოიღეს სიცოცხლის დაზღვევის კომპენსაცია. წინა წლებში კომპენსაცია 3000 ლარის ოდენობით გაიცემოდა, მიუხედავად იმისა, რა იქნებოდა გარაცველების მიზეზი. ვცდილობთ, დავეხმაროთ ოჯახს კომპენსაციის მიღებაში“, - განაცხადა ილია ლეჟავამ.

მისი თქმით, მოკვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა ადმინისტრაციის ბრალეულობა, გატარდება შესაბამისი ღონისძიება.

ლეჟავას განმარტებით, გასულ წელს პროფკავშირებმა 700 გვერდიანი რკინიგზაში დასაქმებულებისთვის არასათანადო და საფრთხისშემცველი სამუშაო პირობების შესახებ დასკვნა გამოქვეყნა, თუმცა რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელია.

ავტორი: ნიუპრესი