სამხატვრო გალერეაში "ვარლა" გამოფენა გაიხსნა
ქუთაისში სამხატვრო გალერეაში "ვარლა" მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ჯგუფური გამოფენა, რომელიც წელიწადში 4-ჯერ იმართება, ყველა თაობის შემოქმედებას აერთიანებს. სახელოვანი და აღიარებული მხატვრების, ჯავა ჭეიშვილის, თემურ თადუმაძის, გივი თოდაძის, ვიტალი კაპანაძის გვერდით იფინება დებიუტანტი მხატვრების ნამუშევრები.
როგორც „ნიუპრესს“ იმერეთის მხატვართა რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვალერი მეძმარიაშვილმა განუცხადა, „გამოფენის უხუცესი მონაწილეები არჩილ ჩოგოვაძე და მიხეილ ჩოგოვაძეეები, 90 და 85 წლის ადამიანები არიან, მათი შემოქმედება დასაფასებელია. მათ გვერდით გვყავს დებიუტანტები. წარმოდგენილია ნამუშევრები, როგორც ფერწერასა და გრაფიკაში, ასევე ქანდაკებასა და გამოყენებით ხელოვნებაში. საინტერესო შემოქმედება აქვს გიორგი გაწერელიას, გიორგი ჭიღლაძეს, აღსანიშნავია თამარ ჭეიშვილის თექაში შესრულებული ნამუშევრები".
გამოფენაზე იმერეთის მხარის 60 მხატვრის 107 ნამუშევარია წარმოდგენილი. ყველა მათგანის შემოქმედება გამორჩეულია და საინტერესო.
„ნიუპრესი“ გამოფენის ერთ-ერთ მონაწილეს გაესაუბრა. ირმა კუხიანიძის თქმით, ასეთი გამოფენები აუცილებელია მხატვრებისათვის. „ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში. ეს დიდი სტიმულია ჩვენთვის. ერთმანეთის ნამუშევრებს და სიახლეებს ვეცნობით",-აღნიშნა მან.
გამოფენას ორგანიზებას იმერეთის მხატვართა რეგიონალური ორგანიზაცია ქუთაისის მერიისა და ცხვირის ქირურგიული ცენტრის მხარდაჭერით უწევს. გამოფენა 10 დღის განმავლობაში გასტანს.
ავტორი: ირინა მაკარიძე