|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის ინტერვიუ

_ თქვენ პირადად კურირებთ განათლების მიმართულებას უწყებაში. რატომ გახდა აუცილებელი ამ მიმართულების გააქტიურება?
_ განათლება, სამინისტროს პრიორიტეტი ადრეც იყო, მაგრამ დღეს, როცა ინტენსიურ ეტაპზე ვართ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გააქტიურების მხრივ, განათლების საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. გარდა ამისა, ჩემი აზრით, განათლება არის მთავარი სოციალური მობილობის საშუალება. ანუ, დემოკრატიულ საზოგადოებაში მობილობა ერთი სოცილურ-ეკონომიკური ფენიდან მეორეში ხდება არა ნეპოტიზმის, ნაცნობობის საფუძველზე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, არამედ, დამსახურების საფუძველზე. დამსახურებაში კი მთავარი კრიტერიუმი ყოველთვის განათლებაა. რა რესურსსაც ადამიანი ჩადებს საკუთარ თავში, როგორც იშრომებს და განავითარებს საკუთარ შესაძლებლობებს, ამის მიხედვით უნდა შეძლოს წარმატების მიღწევა. იგივე ეხებათ ჯარისკაცებს. ჩვენი ხედვის თანახმად ჯარი უნდა იყოს აგებული შემდეგ პრინციპზე _ სოცილური მობილობა ჯარის შიგნით! რანგებს შორის სვლა უნდა ხდებოდეს პირველ რიგში კომპეტენციის და განათლების მიხედვით. ეს სისტემა რომ დაინერგოს, ამისთვის, რა თქმა უნდა, გვჭირდება ინვესტიციების ჩადება განათლების სისტემაში.
_ კონკრეტულად რა პროექტები დაიგეგმა ამ მიმართულებით? გთხოვთ, მოგვიყვეთ განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე...
_ რამდენიმე პრიორიტეტია, რომელიც გვინდა რომ განვახორციელოთ 2015-2016 წლებში. პირველი, ეს არის სამაგისტრო პროგრამის შემოღება. სამინისტროში დიდი ხანია საუბრობენ სამაგისტრო პროგრამის შექმნის აუცილებლობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ვფიქრობთ, რომ მარტში უკვე დავამტკიცებთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამაგისტრო პროგრამას თავდაცვის ანალიზში. გარდა ამისა, სექტემბრისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სპეციალიზაციის ორ კურსს (ინფორმაციული ტექნოლოგიები და მენეჯმენტი) დაემატება ბაკალავრიატი თავდაცვის ანალიზის მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ აქამდე არსებული კურსები საკმარისად ვერ პასუხობდა გამოწვევებს. ეს კურსი კი მოგვცემს შესაძლებლობას, გვყავდეს ოფიცრები, რომლებსაც ეცოდინებათ რა არის შეიარაღებული ძალები, რას ემსახურება, რა არის თავდაცვა და კონკრეტულად თავდაცვის სამინისტრო, როგორ გეოპოლიტიკურ სივრცეში ვართ და ა.შ. ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმა _ ვისაუბროთ ერთ ენაზე, რაც გულისხმობს ინგლისური ენის მაღალ დონეზე შესწავლას. ფაქტია, რომ ამ რეფორმას სჭირდება სერიოზული გადახალისება. საჭიროა ახალი მეთოდიკების შემოტანა, დანერგვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს ბევრი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც იცის ინგლისური ენა, თუმცა, ეს რაოდენობა ნამდვილად არ არის ჩვენი ამოცანებისთვის საკმარისი. შესაბამისად, ვგეგმავთ, გადავახალისოთ ინგლისური ენის სისტემა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, ეს არის ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სასწავლებლად უცხოეთში გაგზავნა, მათი შერჩევა და დასაქმება დაბრუნების შემდეგ. ბევრი პრობლემა გვაქვს. საკმაოდ დიდი რაოდენობით ხალხს ვაგზავნით ყოველ წელს სასწავლებლად, თუმცა უკან დაბრუნებულებს გარანტირებულად დასაქმებას ვერ ვთავაზობთ. ჩვენი რეფორმის ფონზე, უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც სამხედრო სფეროში მიღებული ცოდნით დაბრუნებულ სამხედროებს დაუგეგმავს მომავალ საქმიანობას. შეიცვლება შერჩევის სისტემაც. გახდება მეტად გამჭვირვალე. თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ექნება შესაძლებლობა, თავად შეიტანოს საკუთრი მონაცემები კონკურსზე და არ დაელოდოს ხელმძღვანელის ან მეთაურის განწყობასა და ნომინაციას, როგორც აქამდე ხდებოდა. ასევე მნიშვნელოვანი რეფორმა არის ნატოს სკოლის შექმნა. მოგეხსენებათ, რომ ვარშავის სამიტზე მიღებული პაკეტის ფარგლებში უნდა გავხსნათ სკოლა და ეს სკოლა იქნება ადგილი, სადაც გავწვრთნით ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს და ჩვენს ცოდნას გავიტანთ რეგიონში, პარტნიორ ქვეყნებში. ამ სკოლამ საქმიანობა ზაფხულის დასაწყისში უნდა დაიწყოს.
_ რა განწყობა აქვთ სამხედროებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე?
_ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შევძლოთ და ამ ტიპის ინფორმაციები დავიყვანოთ რიგით ჯარისკაცამდე. თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი, ყოველთვიური გამოცემა „ნიუსლეთერიც“ ხომ ამ მიზანს ემსახურება? სამხედროებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ გახსნილია გარკვეული კურსი, ხელმისაწვდომია მონაწილეობა და ცნობილია დეტალები, რომელსაც კონკურსი ითვალისწინებს. მათ უნდ იცოდნენ, რომ საფრანგეთში, ინგლისში ან ნებისმიერ ადგილას სასწავლებლად წასვლა ძალიან რეალურია. ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას ჩვენ უზრუნველვყოფთ მედიით, რეგიონებში სიარულით, პირდაპირი კომუნიკაციით და სწორედ ამ საქმეს ემსახურება ეს ინტერვიუც, რომელსაც ჯარისკაცები სამინისტროს ინფორმაციულ ჟურნალში წაიკითხავენ. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები თითოეული ჯარისკაცისთვის მნიშვნელოვანია და მათ ეს იციან.

 “სამშვიდობო მისიებში მონაწილე ბიჭები უდიდესი ძალა და შეუფასებელი განძია ჩვენი ქვეყნისთვის”

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა