|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ბაზი შეიქმნება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად და პლენარულ სხდომაზე მის გატანას მხარი დაუჭირა.

„კანონპროექტის ძირითად მიზანია ქვეყანაში შეიქმნას დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელსაც ასევე ექნება რამდენიმე ქვემიზანი: დანაშაულის პრევენცია, დანაშაულის გახსნა და გამოძიება, დაკარგული პირების იდენტიფიცირება“,  - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე  საუბრისას.   
        
მომხსენებლის განმარტებით, ეს მონაცემები დღეის მდგომარეობით, გარკვეული ფორმით  არსებობს, ვინაიდან სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ხდება დნმ-ის მონაცემების შეგროვება, ასევე ადამიანები საკუთარი სურვილით აკეთებენ დნმ-ის ანალიზს და ა. შ. თუმცა ამას ერთიანი სტრუქტურიზებული ფორმა არ გააჩნია. შესაბამისად, ინიციატორთა მიზანია, რომ სწორედ წარმოდგენილი კანონპროექტით დარეგულირდეს მსგავსი ბაზის არსებობა. დნმ-ის მონაცემთა ბაზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე შეიქმნება და მასში „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონის შესაბამისად განსაზღვრული გენეტიკური პროფილები შეინახება.
წარმოდგენილი კანონის პროექტით დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლები და პირობები განისაზღვრება.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრება ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები, კერძოდ, სავალდებულო იქნება ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში აისახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები. გარდა ამისა, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის, მისივე თანხმობით, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, კანონპროექტი 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, დამატებით გამოვა მთავრობის შესაბამისი დადგენილება კონკრეტული პროცედურული საკითხების დასადგენად, რომლებიც მნიშვნელოვანია ბაზის გამართული ფუნქციონირებისათვის.  მისივე თქმით, პროექტი საკმაოდ ძვირად ღირებულია და აღნიშნული ბაზის ფორმირებას საბოლოოდ 15 მილიონი ლარი დასჭირდება.

ავტორი: ნიუპრესი