|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საუბნო კომისიის წევრების შერჩევა „ფარსი“ - თუ დემოკრატიული პროცესი?

როგორც მოსალოდნელი იყო, საუბნო კომისიის წევრების შერჩევას ვნებათაღელვის გარეშე არ ჩაუვლია. ცესკომ საუბნო კომისიების შერჩევის ვადა 6 სექტემბრამდე განსაზღვრა. ქუთაისში შესაბამის ვადების დაცვით,  123 უბნის კომისიის დამოუკიდებელი წევრების შერჩევა 3-4  სექტემბერს მოხდა.

საარჩევნო ადმინისტრაციას უნდობლობა გამოუცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელმაც ამ შერჩევას „ფარსი“ უწოდა და განაცხადა, რომ საუბნო კომისიის  დამოუკიდებელ წევრთა შერჩევა უკვე „ქართული ოცნების“ სარჩევნო შტაბებში მოხდა.

"საუბნო კომისიის წევრობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობენ "ოცნების" შტაბების მიერ შერჩეული ადამიანები, ასეთი მდგომარეობაა ქუთაისსა და იმერეთის რაიონებში. ამაზე რეაგირება იმერეთის არც ერთ რაიონში საოლქო კომისიის არცერთ ხელმძღვანელს არ მოუხდენია. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააყენა შუამდგომლობა, რომ კონკურსანტებთან მომხდარიყო გასაუბრება, რაზეც უარი მივიღეთ.  ასევე კონკურსიდან არ მოხსნეს ის 61 კონკურსანტი, რომლებსაც  წინა არჩევნებში მიღებული აქვთ დისციპლინური დევნა, რომელთა შეცდომები იყო იმდენად მძიმე, რომ გავლენა იქონია საარჩევნო პროცესზე -  უბნებზე და მათ შორის, შედეგებზე ", - აცხადებს გია უკლება.

მისი თქმით, რაიონებში უკვე აქვთ სია, თუ ვინ დაინიშნება საუბნო კომისიებში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით, ასევე ის,  თუ ვის რა თანამდებობა ექნება, რაც არის კანონდარღვევა.

"ეს შერჩევა არის ფარსი და მას არანაირი კავშირი არ აქვს კონკურსთან და დემოკრატიასთან, რამდენიმე კონკურსანტმა განაცხადი რომ შეავსო, ბლანკში საარჩევნო გამოცდილებად - "კოორდინატორი" მიუთითა,  იმდენად არაკომპეტენტურები არიან. კონკურსში მონაწილეობის  მერიის თანამშრომლები იღებენ, ასევე მერიის აიიპი "პარკინგსერვისის" თანამშრომლები კოლექტიურად მივიდნენ და განცხადება შეიტანეს კონკურსში მონაწილეობის შესახებ", -განაცხადა გია უკლებამ.

მანვე „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე   წარმოადგინა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნეების“ შტატებში შედგენილი  წინასწარი სიები, რომელშიც აღნიშნულია,  თუ ვისი არჩევა უნდა მოხდეს საუბნო კომისიებში, ზოგ შემთხვევაში კი მითეთებულია საუბნო საარჩევნო კომისიაში, ვინ რა პოზიციას დაიჭეს.  ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის, ტყიბულის წინასწარ სიებში მითითებულია საოლქოს მიერ სავარაუდოდ ასარჩევი კომისიის წევრების სიას უბნების მიხედვით. 

(იხილეთ თანდართული ფოტოები)

 

 

 

როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტეს, ზესტაფონის სიაში ლურჯად არის აღნიშნული, ვინ უნდა აერჩიათ წევრებად, თუმცა ეს სია შეიძლება შეიცვალოს, რადგან გუნდის ნაწილს ძალიან არ მოეწონა „ოცნების“ მერობის კანდიდატი. 

უკლებას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რეგიონის მასშტაბით უარს აცხადებენ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კენჭისყრებში მონაწილეობაზე.

ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს ქუთაისის #59 სააოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

იმ ფაქტს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატები ხშირ შემთხვევაში მმართველი პარტიის  მხარდამჭერები არიან და ამაზე რეაგირებიას საოლქო არ ახდენს, ავთანდილ ოსეფაიშვილი ამგვარად ხსნის:

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველისაგან  ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე ისეთ დოკუმენტს, რომელიც  განსაზღვრავდეს, იყო თუ არა ის კოორდინატორი. ჩვენ, უბრალოდ, ვუთითებთ, რომ განცხადებაში დააფიქსიროს მისი საარჩევნო გამოცდილება, სხვა მონაცემებს არ ვითხოვთ“, - აღნიშნავს ავთანდილ ოსეფაიშვილი. 

რაც შეეხება იმ 61 კონკურსანტს, რომლებსაც შარშან დისციპლინარული სასჯელი ჰქოდათ, მისი თქმით, აქვთ კონკურსში მონაწილეობის უფლება.

„დისციპლინარული სასჯელის დიფერენცირება ხდება, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს იმისათვის, რომ მან რაღაც ტექნიკურად სწორად ვერ გააკეთა, ან იმისათვის, რომ მან დანაშული შენგებულად ჩაიდინა. ვისაც რაიმე მძიმე სასჯელი ჰქონდა,  ისინი არც ერთ კონკურსში არ მონაწილეობდნენ  და შესაბამისად, ვერც ავირჩევდით.  რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ შენიშვნა, ან გაფრთხილება დოკუმენტაციის შეფუთვასთან, ან მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ ადამიანებს შანსს ვაძლევთ, რადგან მაინც და მაინც დიდი რესურსით განებივრებული არ ვართ საარჩევნო უბნებში, ამიტომ ადამიანს როცა გამოცდილება აქვს, ზოგ შემთხვევაში ჩვენ ისინი ავირჩიეთ“, - აცხადებს ოსეფაიშვილი.

მისი თქმით, საოლქო კომისიის წევრებს პარტიებიდან ჰქონდათ შესაძლებლობა შესარჩევ კანდიდატებს გასაუბრებოდნენ: „სხდომის დაწყებამდე  ჩვენ მათ გადავეცით ყველა კონკურსანტის შესახებ არსებული ინფორმაცია, სურვილის შემთხვევაში, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ ნებისმიერ კანდიდატს, თუმცა მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს“-  აღნიშნა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

საოლქო კომისიის ინფორმაციით,  საუბნო კომისიის წევრების შერჩევაში   1154 კონკურსანტი მონაწილეობდა, ხოლო მათი შერჩევა  მოხდა არა გასაუბრებით, არამედ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სადაც მითითებულია საარჩევნო გამოცდილება და შესაბამისი სერთიფიკატი.   უპირატესობა  გამოცდილების მქონე და სერთიფიცირებულ კადრებს მიენიჭება.

#59 საოლქო  საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,  საუბნო სარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცედურას ბოიკოტი გამოუცხადა ოთხმა პარტიამ, მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ", „ქრისტიან-კონსერვატორების", "პატრიოტთა ალიანსის" და "გაერთიანებული დემოკრატების"  მიერ დანიშნული კომისიის წევრებმა, ხოლო "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ყველა კონკურსანტის  წინააღმდეგ მისცა ხმა.კენჭისყრაში  მონაწილეობა არ მიიღო "ევროპულმა საქართველომ."

 შედეგად, ქუთაისის საარჩევნო ოლქის 123 უბანზე 738  კომისიის წევრი შეირჩა. საოლქო საარჩევო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, მხოლოდ  4 შემთხვევაში დადგება განმეორებითი კენჭისყრა. 

 "738 არჩეული კომისიის წევრიდან 563-ს აქვს შესაბამისი გამოცდილება, 10 არის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე, 72 ფლობს საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების დასრულების სერთიფიკატს, 15 არის საარჩევნო განათლების სკოლის კურსდამთავრებული, 2 ახალგაზრდა ამომრჩეველის სერთიფიკატის მფლობელი.

75 ადამიანს არ აქვს გამოცდილება, მაგრამ ისინი არიან ახალგაზრდები 19-დან 23 წლამდე, რომლებსაც მივეცით შანსი, მიეღოთ შესაბამისი გამოცდილება. თუ შანს არ მივცემთ, ისე გამოცდილებას ვერ მიიღებენ"-განმარტავს ოსეფაიშვილი. 

შეგახსენებთ,ომისიების შემადგენლონაში 13 წევრია, ამათგან 7 სხვადასხვა პარტიას 6 კი დამოუკიდებელი წევრია. წესით, ამ კვოტით ნეიტრალური ადამიანები უნდა დაინიშნონ, თუმცა სწორედ ეს კვოტა წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების სამიზნეს.

 

      

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა