|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები სახალხო დამცველმა გაასაჩივრა

სახალხო დამცველმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. 
საქმე ეხება როგორც სახის დაფარვის შესახებ აკრძალვას, ასევე არაადეკვატურ ჯარიმასა და პატიმრობას. 
„საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა, რომლითაც გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა.
შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხიმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.
ამასთან, საკონსტიტუციო სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: