|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შემოდგომა „ილოს“ დროა!" - ფოტოკონკურსი "ილო 2018" იწყება

დღეს ტრადიციული ფოტოკონკურსის "ილო 2018" პრეზენტაცია გაიმართება. ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსი თამთა თურნამიძე დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

"2007 წლიდან, ყოველ შემოდგომას ქუთაისელი ფოტოგრაფები და ფოტომოყვარულები ელოდებიან ფოტოკონკურს „ილოს“ დაწყებას, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს და აქედან პირველი, რა თქმა უნდა თავად ილო ხახიაშვილის ფიგურაა, ვის სახელსაც ეს ფოტოკონკურსი ატარებს.

ილო ხახიაშვილი ქუთაისელი ფოტოგრაფი და მთელი ქალაქის საყვარელი კოლორიტი იყო. მისი ფოტოატელიე ათწლეულების განმავლობაში ქუთაისელების  ცხოვრების ნამდვილ მატიანეს წარმოადგენდა. თითქმის მთელი ქალაქი მასთან მიდიოდა სურათის გადასაღებად - პასპორტისთვის, სტუდბილეთისთვის, პროფკავშირული მოწმობისთვის და ა.შ. დღეს თითქმის ყველა ქუთაისელის საოჯახო ალბომში ინახება მასთან გადაღებული სურათები.

წლევანდელი ფოტოკონკურსის პრეზენტაცია გაიმართება 4 ოქტომბერს 18:00 საათზე, ცოტა უჩვეულო გარემოში,  ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ისტორიული შენობის ეზოში, რომელიც ჯერ კიდევ აკაკი წერეთლის ბიძის მიერ არის აშენებული და შემდეგში გუბერნატორების რეზიდენციას წარმოადგენდა.

დებულების მიხედვით ფოტოკონკურს „ილოს“ მიზანს ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენა და ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, მაგრამ ამ კონკურსის კიდევ ერთი მიზანი სწორედ იმ ქუთაისური განსაკუთრებული ხასიათის, სითბოსა და სიყვარულის შენარჩუნება და ფირზე აღბეჭდვა წარმოადგენს, რომლის სახეც ილო ხახიაშვილი იყო. ამიტომაც ძირითადი კონკურსის პარალელურად თითქმის ყოველთვის არის რუბრიკა, რომელიც უშუალოდ ქუთაისს ეხება. წლების განმავლობაში სწორედ ამ რუბრიკაში შემოსული ფოტოებით გახდა შესაძლებელი ფოტოალბომის „ქუთაისი: გუშინ, დღეს, ხვალ“ გამოცება. წელს ამ რუბრიკას „ჩემი ქუთაისი“ ეწოდება, რომელშიც მონაწილეებმა უნდა ასახონ თავისი სუბიექტური დამოკიდებულება ამ ქალაქის მიმართ, მისი კოლორიტი, არქიტექტურა, სული, ადამიანები და ხასიათი! აღნიშნულ რუბრიკაში შემოსული სურათები განთავსდება კულტურის განყოფილების გვერდზე სოციალურ ქსელ ფეისბუკში, სადაც ასევე განთავსდება ინფორმაცია ჩვენს ქალაქში არსებული ძველი ისტორიული შენობების შესახებ.
         ძირითადი ფოტოკონკურსის თემა კი ტრადიციულად თავისუფალია და მასში გამარჯვებულებს პროფესიული ჟიური გამოავლენს. I, II და III ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ფულად ჯილდოებთან ერთად გადაეცემათ თავად ილოს გამოსახულებიანი მინიატურული ქანდაკებები.

წელს „ილოს“ დასკვნითი გამოფენისთვის ვფიქრობთ შევაგროვოთ ილოს ფოტოატელიეში გადაღებული სურათები და მათი ექსპოზიცია მოვაწყოთ საკონკურსო ფოტოებთან ერთად"-ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ავტორი: ნიუპრესი