სკოლამდელ დაწესებულებებში გენდერული საკითხებისადმი დამოკიდებულების შეცვლას ითხოვენ
სკოლამდელ დაწესებულებებში გენდერული საკითხებისადმი დამოკიდებულების შეცვლას მოითხოვს ფონდი "სოხუმი". ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში საჭიროა გოგონებისა და ბიჭებისათვის საძინებელი ოთახებისა და სველი წერტილების ცალ-ცალკე განთავსება. პროექტის ფარგლებში გამოკითხვა 12 სკოლამდელ დაწესებულებაში ჩატარდა. ძირითადი პრობლემები, რომელზეც გამოკითხულები საუბრობდნენ, ბაღებში მოძველებული სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებებისა და სივრცითი დეფიციტია. ამის შესახებ ფონდ “სოხუმის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე ბაღების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ქუთაისის ბაღებში საკმაოდ ბევრი აღსაზრდელი ირიცხება, რაც არსებულ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს. „35 ბაღში 10 000 - მდე ბავშვი ირიცხება, ამიტომ ჯერჯერობით ასეთი ფუფუნება არ გვაქვს, რომ ცალ-ცალკე ოთახებში მოვათავსოთ გოგონები და ბიჭები“, - განაცხადა პირველი და მეათე ბაღების წარმომადგენელმა ზაალ ხონელიძემ.
ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლელა შენგელიას თქმით კი : “გენდერული თვალსაზრისით შემუშავდა რეკომენდაცია, რომ ბაღები, რომლებიც მომავალში გაკეთდება, იქ მაინც იყოს დაცული ეს განსხვავება, თუნდაც საძინებლების და სველი წერტილების მხრივ".
პროექტს - "ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან მიმართებით” მხარი ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაციამ ”დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობა“ დაუჭირა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე