|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლიდან სცენაზე და სიმბოლური საჩუქრები წარმატებულ მასწავლებლებს

ქუთაისის საჯარო სკოლების მასწავლებლებმა და საბავშვი ბაგა-ბაღების აღმზრდელებმა პროფესიული დღე აღნიშნეს. პედაგოგები მესხიშვილის თეატრში შეიკრიბნენ. ისინი შეკრებილ საზოგადოებას სხვადასხვა ამპლუაში მოევლინენ. პედაგოგებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს და სცენაზე სიმღერები შეასრულეს.

დღესვე ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, პედაგოგებს, რომლებიც თავიანთმა სკოლებმა წარმატებულად აღიარეს, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე სპეციალურად მათთვის დამზადებული გულსაბნევით დაჯილდოვდა ათი ღვაწლმოსილი პედაგოგი.

ღონისძიებას დაესწრენ ქუთაისის მერი და კულტურის სამსახურის უფროსი. შოთა მურღულიამ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა.

„ჩვენი ქალაქის სახელოვან პედაგოგებს, ღვაწლმოსილ ადამიანებს, ჩემთვის ყველაზე ძვირფას პიროვნებებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. მე თავად პედაგოგთა ოჯახში გაზრდილს განსაკუთრებულად ვუდგები ამ დღის აღნიშვნას. ვიცი, როგორ შრომობთ, როგორი რუდუნებით ასრულებთ თქვენზე დაკისრებულ უდიდეს მოვალეობებს. გილოცავთ ძვირფასო პედაგოგებო მასწავლებლის დღეს! იყავით მხნედ, რამეთუ მხნედ მყოფმა და ენერგიულმა უნდა აღზარდოთ ჯანსაღი თაობა“, -განაცხადა შოთა მურღულიამ.

 

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი