ქუთაისს ახალი კულტურული სივრცე შეემატა
ქუთაისში, თი ბი სი გალერეაში ცნობილი მთამსვლელისა და ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენა გაიმართა. გალერეაში წარმოდგენილი იყო გურამ თიკანაძის გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გადაღებული ფოტოები.
გამოფენაზე აღინიშნა, რომ გურამ თიკანაძე საბჭოთა პერიოდში
ქართული მხატვრული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ, რომელმაც სხვა განზომილება
და ფუნქცია გამოუნახა და გააცოცხლა იმ პერიოდის
ქართული ფოტოგრფია. „როგორც დამოუკიდებელმა ფოტოგრაფმა მხატვრულ ფოტოს უფრო
ფართო ასპარეზი მისცა ქართულ სივცეში. გულდასწყვეტია,
რომ ამ გამოფენას აკლია გურამ თიკანაძის, ასე ვთქვათ, „სული“, მისი მთის პეიზაჟები.
თუმცა ამ უმშვენიერეს ნამუშევრებშიც ჩანს მისი ხასიათი. თანაც რეგიონებში გადაღებულ
ფოტოებში სულ სხვა პიროვნება ჩანს, ვიდრე თბილისის პეიზაჟებში. ბევრის თვალისთვის ტიპიური
მოვლენები გურამთან იღებს უჩვეულო და შთამბეჭდავ სახეს“, - აღნიშნა ფოტოგრაფმა მალხაზ
ახვლედიანმა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამოფენით ქუთაისში უკვე ოფიციალურად გაიხსნა თი ბი სი გალერეა, რითაც
ახალი კულტურული სივრცე შეემატა ქალაქს. აღნიშნულ კულტურლ სივრცეში თი ბი სი ბანკის
მესვეურები ბევრი ღონისძიების მოწყობას პირდებიან ქუთაისელ საზოგადოებას. „გალერეის მიზანი იქნება ქართული კულტურის პოპულარიზაცია
და ადგილობრივი ავტორების ნამუშევრების წარმოდგენა“, - აღნიშნა თი ბი სი ბანკის მედიაკომუნიკაციების დირექტორმა თამარ კირვალიძემ.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი