ხარვეზებით შესრულებული „შადრევან პირველი“?!
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დასაქმებულ მუშებს
ხელფასის სრული ოდენობა ამ დრომდე არ აუღიათ. მუშების განცხადებით, ხელფასის დარჩენილი ნაწილის
გაცემას შადრევანზე არსებული ხარვეზების გამოსწორების
შემთხვევაში ჰპირდებიან.
ქუთაისში, რეაბილიტირებული ცენტრალური მოედანი ქვეყნის
პირველმა პირმა მიმდინარე წლის 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე გახსნა. მანამდე კი,
შადრევნის მშენებლობის პროცესში, მიხეილ სააკაშვილმა ის „შადრევან პირველად“ მონათლა.
მოედნის გახსნის შემდეგ, მაისის ბოლოს, მუშები გაუცემელ
ხელფასებზე ალაპარაკდნენ. მაშინ ქალაქის მერიაში აცხადებდნენ, რომ საბოლოო კალკულაცია გაკეთებული
არ იყო. თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ სამუშაოების მწარმოებელი ფირმა, შპს „მშენებელი 2011“ სახელმწიფო შპს იყო და მუშებს ხელფასის გარეშე არ დატოვებდა. რაც შეეხება ამ უკანაკნელის პოზიციას, კომპანიაში
აცხადებდნენ, რომ მერიამ თანხის გარკვეული ნაწილი გადარიცხა, ხოლო დარჩენილ ნაწილს მას შემდეგ მიიღებდნენ,
რაც ობიექტს ექსპერტიზა ჩაუტარდებოდა და შესრულებული სამუშაოების ხარისხი გაირკვეოდა.
როგორც ცნობილი ხდება, ცენტრალური მოედნის რებილიტაციაზე
დასაქმებულმა მუშებმა ხელფასის 70% გასულ კვირაში
მიიღეს. დარჩენილი 30%–ის გადახდას კი მათ
შადრევანზე არსებული ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში ჰპირდებიან.
„ხელფასი სრულად არ მოუციათ. როგორც გვითხრეს, შადრევანზე
რაღაც დარჩა შესაცვლელი. მერე წყალი გაუშვეს
და ვერ გაკეთდა. მგონი წებო სჭირდება. მაგრამ წყალი თუ არ დაშრა, ისე ვერ ვაკეთებთ.
რამდენიმე დღეში დაგვიძახებენ. ალბათ სიჩქარეში
ისე არ გაკეთდა, როგორც საჭირო იყო, რადგან მუშებს ობიექტის დასრულებას გვაჩქარებდნენ,“
– ამბობს მოედნის რეაბილიტაციაზე დასაქმებული ერთ–ერთი მუშა ვასილ ლანჩავა.
„მშენებელი
2011“–ის სამუშოების მწარმოებელი ლევან ჭანტურია შადრევანზე ხარვეზების არსებობას უარყოფს.
მუშების ხელფასებთან დაკავშირებით კი განმარტავს, რომ ხელფასს ყველა მუშა უკლებლივ
მიიღებს.
„შადრევანი ნორმალურად მუშაობს და მე მგონი, ამას ყველა
ხედავს. ობიექტი ამ დრომდე არ ჩაბარებულა, რადგან ხელშეკრულება ჯერ კიდევ მოქმედია.
მოედანს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული
ბიურო ექპსპეტიზას უტარებს. დამკვეთი თუ რაიმეს
შესწორებას მოგვთხოვს, შეიძლება ის შევასწოროთ. გარდა ამისა, მოედანზე კურპუსების რეაბილიტაცია
მიმდინარეობს. ამის გამო შესაძლოა, ტექნიკამ მოედანზე ფილები დააზიანოს და მისი შეცვლა
მოგვიხდეს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ფულის დარჩენილი ნაწილი დაირიცხება და ყველა
მუშა ხელფასს უკლებლივ მიიღებს“ – ამბობს ლევან ჭანტურია.
ქალაქის მერიაში იმ ინფორმაციას ადასტურებენ, რომ ობიექტი მერიას ჯერ არ ჩაუბარებია. მერიის კეთილმოწყობის
სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჭანჭალეიშვილი საკითხთან დაკავშირებით სრული კომენტარის
გაკეთებას ვიცე–მერთან აუდიენციის შემდეგ დაგვპირდა,
თუმცა მოგვიანებით მობილური ტელეფონი გამორთო.
აღსანიშნავია, რომ მუშების მოტყუება ქუთაისისთვის ერთგვარ ტრადიციას
წარმოადგენს. ამის მაგალითი აღმაშენებლის გამზირზე მოწყობილი ველოგზა და ბალახვანში,
ე.წ. ასსაფეხურიანი კიბების რეაბილიტაციაა. ორივე ობიექტი მერიამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიზეზით არ ჩაიბარა. შესაბამისად, სამუშაოების
შემსრულებელმა ფირმამ ქალაქის მერიისგან კუთვნილი თანხა ვერ მიიღო. შედეგად კი მუშები
ანაზღაურების გარეშე დარჩნენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე