ცოტნე გამსახურდია ბარბარეს ეკლესიის გაძარცვის ფაქტს ეხმაურება
თბილისში, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ძარცვის ფაქტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი რელიგიური დისკრიმინაციის გამოვლინებად ვერ ჩაითვლება: "ქვეყანაში, სადაც მართმადიდებლური რელიგია პრაქტიკულად სახელმწიფო რელიგიაა, ასეთი ვანდალიზმი დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება."- დაწერა მან facebook-ის საკუთარ გვერდზე.
გამსახურდია აცხადებს, რომ 15 და 17 წლის მოზარდების ასეთი საქციელი გაუნათლებლობისა და უკულტურობის გამოვლინებაა და ყურადღებას აღზრდის პრობლემაზე ამახვილებს: "ვფიქრობ, ესენი იმ მრავალ ყმაწვილთაგანი უნდა ყოფილიყვნენ, ვისი მშობლებიც, თავად გაუნათლებელნი და უკულტურონი, სარჩოს ძიებას არიან გადაგებული და შვილებისათვის ვერც იცლიან. და რომც მოიცალონ, კარგს ვერაფერს ასწავლიან მათ, რადგან გამორჩენისა და ყველაზე პრიმიტიული მატერიალური ინსტინქტების გარდა თავადაც არაფერი ამოძრავებთ. არც ოჯახში არსებობს სხვა დისკურსი. სამწუხაროდ, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ასეთების ხვედრითი წილი ჩვენს საზოგადოებაში მკვეთრად გაზრდილია და აგრძელებს ზრდას..."-წერს გამსახურდია.
ავტორი: ნიუპრესი