|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალთა მიმართ ძალადობა გლობალურ პრობლემას წარმოადგენს

მრავალ ქვეყანაში ქალებს მეორეხარისხოვან ადამიანებად თვლიან. ასეთი შეხედულება ღრმად არის ფესვგადგმული. ქალებზე ნებისმიერი ფორმის ძალადობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება ეგრეთ წოდებულ განვითარებულ ქვეყნებშიც კი.

გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის აზრით, „ქალებზე ძალადობა გლობალურ პრობლემად იქცა ყველა ტიპის საზოგადოებასა თუ კულტურაში. ქალები ნებისმიერი რასის, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური წარმოშობისა თუ დაბადების ადგილის მიუხედავად, ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან“.

ჰოლანდიის ვიქტიმოლოგიის ინსტიტუტის მონაცემებით, სამხრეთ ამერიკის მხოლოდ ერთ ქვეყანაში ყოველი ოთხი ქალიდან ერთი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდება. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს მონაცემებით, ყოველი ოთხი ევროპელი ქალიდან ერთი მთელი სიცოცხლის მანძილზე ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წლის მონაცემებით, ინგლისსა და უელსში მხოლოდ ერთ წელიწადში ყოველკვირა საშუალოდ ორ ქალს კლავდა თავისი იმჟამინდელი თუ ყოფილი პარტნიორი. ინდოეთში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთი იუწყებოდა, რომ ამ ქვეყანაში ქალებს შიში მუდამ თან სდევთ; მოძალადე მათ შეიძლება ნებისმიერ დროსა და ადგილას დახვდეს — მოსახვევში, გზაზე თუ საზოგადოებრივ ადგილას და გააუპატიუროს.

1994 წლიდან პაკისტანელმა აქტივისტმა, რომელმაც „პროგრესულ ქალთა ასოციაცია“ დააფუძნა, რათა ტერორის მსხვერპლ ქალებს დაეხმაროს, 7 800 შემთხვევა დააფიქისირა, როცა ქალები დაწვეს მჟავათი, დამდუღრეს  და ეს მონაცემი მხოლოდ ისლამაბადიდანაა. მაგრამ უფრო უარესია ის რეალობა, რომ ამის გამო დამნაშავეთა მხოლოდ 2% დაისაჯა.

ავღანელებმა მჟავა შეასხეს გოგონების ჯგუფს, რომლებმაც სკოლაში სიარული გაბედეს. ერთ-ერთმა მათგანმა, 17 წლის შამსიამ, როცა საავადმყოფოში იწვა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მე ვივლი სკოლაში მაშინაც, თუ მომკლავენ. მე მინდა მტრებს გადავცე, რომ თუნდაც მათ ეს ასჯერ გააკეთონ, მე მაინც გავაგრძელებ სწავლას“.

დღესდღეობით პაკისტანში ყოველწლიურად მინიმუმ 200 ქალი ქმრისა და მისი ნათესავების თავდასხმის მსხვერპლი ხდება. დასჯის ერთ-ერთი ყველაზე „პოპულარული“, მათ შორის, უკვე ე.წ. რეგიონალურ მეთოდად ქცეული ფორმა, სახეში მჟავას შესხმაა.

"ნიუ-იორკ-თაიმსის" კოლუმნისტი ნიკოლას კრისტოფი თავად იყო ჩასული პაკისტანში, რათა ქალებზე ძალადობის პრობლემა შეესწავლა და საკუთარი თვალით ენახა. ის წერს:

„მე გამოვიკვლიე მჟავათი თავდასხმის შემთხვევები. ამას ქალების შესაშინებლად და დასამორჩილებლად იყენებენ მთელს აზიაში, ავღანეთიდან კამბოჯამდე. მამაკაცებზე ასეთი სახის თავდასხმა არასოდეს ხდება. რადგანაც ქალები არაფრად ღირან პლანეტის ამ ნაწილში, ისინი, ვინც მათ თავს ესხმის, ძალიან იშვიათად სამართლდებიან. მჟავას გაყიდვა კი არანაირად არ კონტროლდება“.

 

სიტუაცია ამ მხრივ საქართველოშიც საგანგაშოა. გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალთა 50,1 % ფიქრობს, რომ კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება მას. ქალთა 34,1 % კი ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს.  44,9 % ფიქრობს, რომ აუცილებელია, მამაკაცმა ცოლს-პარტნიორს დაანახოს, თუ ვინ არის ოჯახის უფროსი.

მაინც რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღიკვეთოს ოჯახში ძალადობა? უპირველეს ყოვლისა უნდა ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას სხვა კუთხით შეხედონ ამ პრობლემას,  არა ზიზღით, დაცინვით, არამედ პრობლემის გადაჭრის, კეთილგონიერი თვალით.

საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედებს არადისკრიმინაციული პოლიტიკა სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით. დადგენილი წესების თანახმად, საკადრო პოლიტიკა არ უნდა დაეფუძნოს ვარაუდს ან ინფორმაციას, რომ პირმა განიცადა ან მოექცა ოჯახში ძალადობის ზეგავლენის ქვეშ.

ასევე გათვალისწინებულია ტრეინინგების ჩატარება მომსახურე პერსონალისათვის ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც მიზნად ისახავს მოსამსახურეთათვის სწორი მიმართულების მიცემას და უსაფრთხოების ზომებით უზრუნველყოფას. ფსიქოლოგიური თვითდაცვის მექანიზმი ერთ-ერთია სხვათა შორის, რომელიც ეხმარება პიროვნებას შეიქმნას ემოციურად ნეიტრალური მდგომარეობა. ფსიქოლოგიური თვითდაცვა არის ადამიანის ფსიქიკის რეგულაციის სისტემა, რომელიც მიმართულია კონფლიქტური სიტუაციების მოხსნაზე ან შემცირებაზე. იგი იცავს პიროვნებას ნეგატიური ემოციებისაგან.

ოჯახში ძალადობა კომპლექსური პრობლემაა და არ არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა სიტუაციას მოერგება. თუმცა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დახმარების დროული და ეფექტური აღმოჩენის სისტემის შექმნა ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმის მთავარი დანიშნულებაა.


 უცხოური პრესის მიხედვით მოამზადა ასმათ ყურაშვილმა

 

 

ავტორი: ნიუპრესი