|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორი ძეგლი - ორი თვალსაზრისი

ქართულ-ებრაული დღეების ფარგლებში, ქუთაისში "ვეფხისტყაოსანის" ივრითზე მთარგმნელის, ბორის გაპონოვის ძეგლი დაიდგა, რომელიც მოქანდაკემ, გიორგი კიკვიძემ შექმნა.

 ძეგლის დადგმას ადგილობრივების განსხვავებული რეაქცია მოყვა. ნაწილი უკმაყოფილო დარჩა, რადგან გაპონოვის ძეგლი, მესხიშვილის თეატრის გვერდით არსებულ, იპოლიტე ხვიჩიას ძეგლს აგონებდათ. მათი მოწონება ვერც  ძეგლების კომპოზიციამ დაიმსახურა.

"გაპონოვის და ხვიჩიას ძეგლები იდენტური რომ არის, სირცხვილიც კია. მეტი ფანტაზია არ აქვთ შესაბამის ორგანოებში?!  თუ შესაძლებლობებია ცოტა?! აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ბავშვი რომ ძეგლს ხედავს, არ უნდა შეეძლოს ზედ ჩამოჯდომა. ეს ძეგლი რაღაც ახალ გრძნობას უნდა აღძრავდეს მასში და არა ყოველდღიურს. ეს განსხვავებულობის და ღვაწლის სიმბოლოა და არა გართობა. დამსახურების ნიშანია, და არა მოდა. როგორც ასეთი, ძეგლის დადგმა მისასალმებელია, მაგრამ მას თავისი ფორმა და დატვირთვა უნდა ჰქონდეს." -  აღნიშნა newpress.ge-თან საუბრისას ქუთაისის მკვიდრმა, თორნიკე ხურციძემ.

ხურციძისგან რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვს ლევან მჟავანაძეს, რომლის თქმითაც,  ვერც გაპონოვი და ვერც ხვიჩია, მას ვერ წარმოუდგენია კვარცხლბეკზე შემდგარი და სრულიად ეთანხმება გიორგი კიკვიძის მიერ შექმნის კომპოზიციას.

"მე ვეთანხმები კონცეფციას, რომ ისტორია არ უნდა იყოს წმინდა, ხელშეუხებელი და მიუწვდომელი. მითუმეტეს ის ისტორია, რომელიც ჩვენი და ჩვენი მამების მეხსიერებაში ხდებოდა. შეიძლება ჩვენი ბაბუები მეგობრობდნენ კიდეც იპოლიტესთან ან ბორისთან. ისინი ჩვენი კულტურის, ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ქმნიდნენ. მე ისინი ვერ წარმომიდგენია კვარცხლბეკზე შემდგარი, ზემოდან რომ გადმოსცქერიან თავის ხალხს. ისინი თვითონ წარმოადგენდნენ  ხალხის ნაწილს, შესაძლოა, ჩვენი მეგობრების ბაბუებთან მეგობრობდნენ,  ნარდსაც თამაშობდნენ, ქალებთან  ერთად არშიყობდნენ და ამის გამო მათი გამოსახვა თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქუთაისის სკამზე ჩამომჯდარი, უფრო მისაღებია. ეს  მიგვანიშნებს, რომ ისინი ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით არიან." - განაცხადა მჟავანაძემ.

"იპოლიტეს ძეგლი რომ დაიდგა, ძალიან მომეწონა. რაკი ქუთაისის თეატრში მოღვწეობდა, იქ მისი ძეგლის დადგმართებულად ჩავთვალე. დიდი მსახიობი იყო და მისი ძეგლის დადგმა ერთგვარად მისი ნიჭიერების პატივგებაცაა.  რაც შეეხება გაპონოვის ძეგლს, ჯერ რეალურად არ მინახავს. მხოლოდ ფოტოთი ვნახე და ვიფიქრე, იქნებ აჯობებდა, რაღაც სვა ფორმით გამოექანდაკებინათ მეთქი. იპოლიტეს ძეგლის სკამზე ყოფნა თავიდან მეხამუშა. მერე კი რააც კრეატიულობა აღმოვაჩინე მასში  და მომეწონა, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი გაპონოვის ძეგლზე. იპოლიტე სახასიათო ტიპაჟი იყო, გაპონოვი -მწერალი და დიდი ქართული ნაწარმოების მთარგმნელი. ალბათ აჯობებდა რაღაც სხვა ფორმა შეერჩიათ მისთვის." -  განაცხადა ლია ხარაბაძემ.

ნიუპრესი ხელოვნებათმცოდნეს, ზურაბ თოდუას ესაუბრა. მისი განმარტებით, ძეგლების უშუალოდ ჩართვა ცხოვრებაში, ახალი და ორიგინალური რამ არ არის.

"ამ ძეგლების უშუალოდ ჩართვა ცხოვრებაში, ეს არ არის ახალი და ორიგინალური, არც კიკვიძეს მოუგონია. ევროპაში ბევრი ძეგლია, რომელიც ხელს გიწვდის და უბრალოდ შედიხარ მასთან კონტაქტში. თუმცა მსგავსი კომპოზიცია რომ დაიშტამპოს, ამის წინააღმდეგი ვარ. როდესაც რაიმე მინიშენებაა დეტალზე, ის დეტალი არ შეიძლება მონუმენტურ ქანდაკებაში შემთხვევითი იყოს. ის უნდა ემსახურებოდეს ამ სახის გაღრმავებას.  მონუმენტური ქანდაკება არის ლაკონური ხელოვნება, იქ არ შეიძლება ზედმეტსიტყვიერება. თუ სხვადასხვა დამსახურების მქონე ადამიანების ძეგლები მოვაქციეთ ერთნაირ კომპოზიციებში, მაშინ იკარგება პიროვნებაც და ძეგლიც ერთფეროვანი ხდება. ერთფეროვნება კლავს სილამაზეს და ორიგინალურობას. გიორგი ძალიან ნიჭიერი მოქანდაკეა და კარგია, რომ ამ დარგში მუშაობს, მაგრამ ყველაფერი გასათვალისწინებელია. არ შეიძლება ესეთი გადახრა შტამპისკეს. ეს ყოველთვის ინდივიდუალური უნდა იყოს." - განაცხადა თოდუამ.

 რაც შეეხება თავად მოქანდაკეს, გიორგი კიკვიძეს, მას გაუკვირდა კიდეც, თუ რა დაინახეს მოქალაქეებმა იდენტური გაპონოვისა და ხვიჩიას ძეგლებში.

"მთელი ევროპა სავსეა ასეთი ქანდაკებებით,  რა იდენტურობა ნახეს ვერ ვხვდები. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მე თავდაპირველად გაპონოვის ძეგლი სავარძელში მყავდა ჩასმული. უბრალოდ არ მოხერხდა, თანხა არ ეყოფოდა სავარძელს. გამოსავალი ბოლოს ის იყო, რომ ისიც საპარკო სკამზე დაგვესვა." - აღნიშნა კიკვიძემ.

აღსანიშნავია,რომ  გაპონოვის ძეგლის კომპოზიციის შექმნისათვის კონკურსი არ გამოცხადებულა, ის მოქანდაკე  გიორგი კიკვიძემ ქალაქს უსასყიდლოდ გადასცა.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი