ქურდული და ქუჩური მენტალობის მატარებლებად ხშირად გოგონები გვევლინებიან
შემაშფოთებელია, როცა ქურდული და ქუჩური მენტალობის მატარებლებად გოგონები გვევლინებიან. ვფიქრობ, საზოგადოებამ, განათლების სამინისტრომ ერთად უნდა ავტეხოთ განგაში ამ საშინელი ტენდენციის შესაჩერებლად.
ადვილი შესაძლებელია, თბილისის პრესტიჟულ სკოლაში უფროსკლასელ გოგონებს შორის დაწყებული კონფლიქტი ტრაგიკული შედეგებით დასრულებულიყო, რომ არა, ერთ-ერთი გოგონას დედის მიერ სასწრაფოდ მიღებული ზომები. ჩვენი რესპოდენტის თხოვნით, ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობას და სკოლის ნომერს არ გავამხელთ, თუმცა გეტყვით, რომ გოგონებს შორის კონფლიქტი მოსწავლე ბიჭის გამო დაიწყო. ყმაწვილზე შეყვარებული ერთ-ერთი გოგონასთვის მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ მისი რჩეული სხვა გოგონაზე იყო შეყვარებული. მიუხედავად იმისა, რომ „სხვა გოგონამ“ ყმაწვილის გრძნობების შესახებ არაფერი იცოდა, შეურაცხყოფილმა „მეტოქემ“ მისი სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ დედამ დაუსრულებელი მუქარებითა და „საქმის გარჩევებით“ შეწუხებული შვილის სკოლიდან გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო დირექციამ მოძალადე გოგონები სკოლიდან გარიცხა. არასამთავრობო ორგანიზაცია
„ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი თამარ დადიანი დარწმუნებულია, რომ სკოლებში დისციპლინის გაუარესება მანდატურის ფუნქციის შესუსტებას უკავშირდება და განათლებისა და შს სამინისტროებს კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალური და საკმაოდ პრესტიჟული სკოლიდან რამდენიმე უფროსკლასელი გოგონა უსაქციელობის გამო გარიცხეს. ყველაფერი ერთ-ერთი უფროსკლასელი ვაჟის გამო დაიწყო, რომელზეც ამ გოგონებიდან ერთი გახლდათ შეყვარებული. გოგონამ გაიგო, რომ ვაჟს სრულიად სხვა გოგონა მოწონდა და მიუხედავად იმისა, რომ „მეტოქემ“ ვაჟის გრძნობების შესახებ არაფერი იცოდა, მასთან ანგარიშსწორება გადაწყვიტა. და მისი დაქალები ამ გოგონას გადაეკიდნენ და საშველს არ აძლევდნენ: ამ ბიჭს თავი დაანებე, თორემ დაგჭრით, ამას გიზამთ და იმას გიზამთო. როგორც ვიცი სიტყვიერადაც ემუქრებოდნენ და მესიჯებსაც უგზავნიდნენ. დაუსრულებელი მუქარების და საქმის გარჩევების შემდეგ, საქმეში ვაჟის რჩეული გოგონას დედა ჩაერთო, რომელმაც ამ სიტუაციის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო და შვილი სასწრაფოდ სხვა სკოლაში გადაიყვანა. გონივრული გადაწყვეტილება მიიღო სკოლის დირექციამაც და ქუჩური თუ ქურდული მენტალობისკენ მიდრეკილი გოგონები სკოლიდან გარიცხა. ჩემი აზრით, სკოლებში დისციპლინის გაუარესება მანდატურის ფუნქციის შესუსტებას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც მანდატურების მხრიდან კონტროლის შესუსტება იგრძნეს, მოსწავლეების ნაწილი აღარავის ემორჩილება და სკოლაში ძალაუფლების ხელში აღებას ცდილობს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ქურდული და ქუჩური მენტალობის მატარებლებად გოგონები გვევლინებიან. ვფიქრობ, საზოგადოებამ, განათლების სამინისტრომ ერთად უნდა ავტეხოთ განგაში ამ საშინელი ტენდენციის შესაჩერებლად.
„ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირი“ საზოგადოების ყურადღების გადატანას კიდევ ერთი საგანგაშო ტენდენციისკენ ცდილობს და აცხადებს, რომ მოსწავლე გოგონების უჩვეულო აქტივობები შეინიშნება აღმაშენებლის გამზირზე განთავსებულ თურქულ ბარებში. თამარ დადიანის თქმით, მშობლების კონტროლსა და ყურადღებას მოკლებული ბავშვები უცხოელებს მათ კაფეებსა და ბარებში უფასოდ გართობის სანაცვლოდ საეჭვო კავშირებზე თანხმდებიან. აღმაშფოთებელია, რომ ასეთი ფაქტები განათლების სამინისტროის სიახლოვეს ხდება და ჩვენ ვაპირებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მივმართოთ გააკონტროლოს რა ასაკის ბავშვები და რა მიზნით შედიან აღმაშენებელზე და არა მარტო იქ განთავსებულ კაფეებსა და რესტორნებში_ აცხადებს
თანამედროვე ცხოვრების რიტმის გამო, მთელი დატვირთვა ქალზე გადავიდა და ბავშვები ძიძებისა, ბებიების ან სულაც კეთილი ადამიანების იმედად დარჩნენ. ჩვენი ინფორმაციით, უკონტროლოდ დარჩენილი ბავშვების ნაწილმა გასართობად აღმაშენებლის გამზირზე მდებარე თურქულ ბარებს მიაშურა, სადაც გართობის და უფასო ტკბილეულის სანაცვლოდ, საეჭვო კავშირებს სთავაზობენ. 13-14 წლის გოგონებისთვის ასეთ კაფეებში გამოყოფილია რამდენიმე მაგიდა, სადაც ბავშვები უფასო ტკბილეული მიითმევენ და ხანდახან ალკოჰოლურ სასმელსაც აყოლებენ, მაგრამ იმაზე თუ რა გაგრძელება მოჰყვება ამ ურთიერთობას, საუბარი მიჭირს. ეს არის არასრულწლოვან ბავშვებთან დაკავშირებული დანაშაული, რომელსაც საზოგადოება მშვიდად უყურებს. პატარა გოგონების შუაღამეზე კაფეებში სიარულის შესახებ ხმები პირველად შევარდნაძის დროს გაისმა, როცა ქალაქში თურქული კაფეები და რესტორნები გაიხსნა და დღესაც იგივე მდგომარეობას ვუბრუნდებით. განსხვავება იმაშია, რომ მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები ღამეებს ათენებდნენ, ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ და ასეთ ფაქტებს კამერებით იღებდნენ. დღეს კი არასამთავრობოები მთლიანად პოლიტიკურ პროცესებზე გადაერთნენ და ბავშვები აღარავის ახსოვს. ყველაზე აღმაშფოთებელი, რომ ეს ამბები განათლების სამინისტროს სიახლოვეს ხდება და სამინისტროს რეაქცია არა აქვს. ჩვენ ვაპირებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართოთ მოთხოვნით, გააკონტროლონ რა ასაკის ბავშვები შედიან ამ კაფეებში და რესტორნებში. ვფიქრობ, რომ 13-14 წლის ბავშვებს ასეთ დაწესებულებებში არაფერი ესაქმებათ და ამაზე შეზღუდვა და კონტროლი უნდა დაწესდეს.
სად გადის ზღვარი პოლიციური სკოლის ტოტალურ კონტროლსა და სრულ უკონტროლობას შორის? რატომ ვერ აკონტროლებენ სკოლის მანდატურები სიტუაციას და რატომ არ ინტერესდებიან განათლებისა და ძალოვანი სტრუქტურები თურქულ კაფეებში ბავშვების ვიზიტებით? კითხვები პასუხს ითხოვს, ხოლო „ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებით უახლოეს დღეებში მიმართავს.
ავტორი: ნიუპრესი