|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დევნილთა პატარა ქალაქის" დიდი პრობლემები

კოპიტნარში, კომპაქტურად დასახლებული დევნილები რთული საცხოვრებელი პირობების გამო დახმარებასა და ყურადღებას ითხოვენ. თუმცა წლებია მოთხოვნა რეაგირების გარეშე რჩება.

დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სამი წლის წინ კოპიტნარში განთავსებულ ბინებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თუმცა რეაბილიტაციას მიღმა დარჩენილი ერთი ავარიული კორპუსი მოსახლეობისთვის დღემდე საფრთხეს წარმოადგენს.

ბინის დანგრევის საშიშროების მოლოდინში მცხოვრები დევნილები თავს მოტყუებულადაც გრძნობენ. რადგან, უკვე რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების მათ საკუთრებაში გადაცემა კვლავაც მხოლოდ მშრალ დაპირებად რჩება.

კოპიტნარში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ ტერიტორიას, მისი მასშტაბურობის გამო, მოსახლეობა ,,დევნილთა პატარა ქალაქს“ უწოდებს. ,,დევნილთა პატარა ქალაქი“ ქუთაისიდან 25 კილომეტრის მოშორებით, კოპიტნარის გადასახვევთანაა განთავსებული. კოპიტნარში, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები 20 წელზე მეტია რაც ცხოვრობენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე,  6 საცხოვრებელი კორპუსია განთავსებული, სადაც სულ 400  ოჯახი ცხოვრობს. დევნილთა ოჯახებში, მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის,  მოუგვარებელი პრობლმა აწუხებს.

ყოველი დღე სახლის დანგრევის შიშით

კოპიტნარში მცხოვრები დევნილებისთვის, პირველი და მთავარი პრობლემა მათი საცხოვრებლის გვერდით მდებარე ავარიული კორპუსია, რომელიც დანგრევის პირასაა და უკვე რეაბილიტირებულ კორპუსებს საფრთხეს უქმნის.

როგორც დევნილებისგან ირკვევა, კოპიტნარში, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების განახლება სამი წლის წინ განხორციელდა. თუმცა ზემოთაღნიშნული  ავარიული კორპუსი, მოსახლეობისთვის გაურკვეველი მიზეზით, რეაბილიტაციის მიღმა დარჩა. ავარიულ კორპუსში მართალია არავინ ცხოვრობს, თუმცა გვერდით მდებარე დასახლებული კორპუსის მაცხოვრებლებს ყოველდღიურად ბინის დანგრევის საშიშროების წინაშე აყენებს.

გარდა ამისა, აღნიშნული ავარიული კორპუსის მწყობრიდან გამოსული სახურავი, წვიმის დროს გვერდით მდებარე რეაბილიტირებულ ბინის კედლებსაც აზიანებს.  ,,ავარიულია კორპუსი და შესაბამისად სახურავიც. საერთოდ ეს ერთი კორპუსი დიდი პრობლემაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის და დრულად დასანგრევია.  პრობლემის მოსაგვარებლად ბევრი ვიარეთ, თუმცა დახმარების იმედი გადაგვეწურა და შემდეგ ისევ ჩვენ ვუშველეთ თავს. ფაქტიურად დასანგრევი კორპუსის გადახურვა მოგვიწია. სხვა შემთხვევაში აქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. თავზე გვაწვიმდა და გვათოვდა“, - ამბობს კოპიტნარში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოლეგ მურღულიანი.

როგორც კოპიტნარში მცხოვრები მოსახლეობა განმარტავს, მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად, დანგრევის პირას მყოფი ავარიული კორპუსის არც რეაბილიტაცია და არც დემონტაჟი ამ დრომდე მომხდარა. ,,ბევრი ვიარეთ შტაბში, მაგრამ ჩვენი პრობლემის მოგვარებით არავინ დაინტერესებულა“, – განმარტავს ოლეგ მურღულიანი.


ცხოვრება ,,სხვის კედლებში“

,,დევნილთა პატარა ქალაქში“, საცხოვრებელ ტერიტორიაზე, მოსახლეობას საბავშვო ბაღი, საშუალო სკოლა, სასურსათო მაღაზიები და ქალაქისკენ მიმავალი სპეციალური სამარშრუტო ხაზიც აქვთ. თუმცა მათი საცხოვრებელი ფართები, როგორც მოსახლეობა განმარტავს, დღემდე გაურკვეველი საკუთრებაა. რადგან მათთვის ბინების დაკანონება ამ დრომდე არ მომხდარა. როგორც დევნილები განმარტავენ, ხელისუფლებისგან მრავალი დაპირების მიუხედავად, ჯერჯერობით, მაინც ,,სხვის კედლებში“ ცხოვრობა უწევთ. ,,აქ დასახლება არ დაგვიშალეს, მაგრამ არც არაფერი დაგვიმტკიცეს. მოდიან, გვპირდებიან, რომ მალე ეს ბინები ჩვენი საკუთრება იქნება, თუმცა ჯერ ისევ სტუმრების სტატუსით ვცხოვრობთ,“- ამბობს დევნილი დავლეთ თავლიანი.

კოპიტნარის ტერიტორიაზე, სადაც დღეს, ,,დევნილთა პატარა ქალაქი“ არსებობს, საბჭოთა კავშირის დროს, სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ კი მიტოვებულ და ცარიელ ტერიტორიაზე, როგორც ირკვევა, უსახლკაროდ დარჩენილმა დევნილებმა ბინა დროებით დაიდეს.

,,თავიდან გვქონდა დაბრუნების იმედი და ეს დროებით თავშესაფარი იყო. ზამთარში იატაკიც კი აყარეს და შეშად გამოიყენეს წლების წინ. მოსახლეობას დღესაც სჯერა აფხაზეთში დაბრუნების. ამასობაში კი  წლები გადის და ეს კედლებიც არ ხდება ჩვენი საკუთრება“, – ამბობს დავლეთ თავლიანი.

დევნილების განმარტებით, მათ დღემდე ვერ გაარკვიეს რომელი ინსტანციისა, თუ სახელმწიფო სტრუქტურის ბალანსზეა აღნიშნული ტერიტორია. ,,თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ კოპიტნარის ყოფილი სამხედრო გარადოკი, სადაც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, მათზეა მიწერილი. თუმცა, პასუხს როგორც სჩანს, ტერიტორიაზე არ აგებენ. სხვა შემთხვევაში, სულ მცირე, ამ ავარიული შენობისგან მაინც გაგვანთავისუფლებდნენ“,- განმარტავს დავლეთ თავლიანი.

ავტოქარხნის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ მეშველიანი, რომლის დაქვემდებარებაში შედის კოპიტნარის ტერიტორია, განმარტავს, რომ დევნილების პრობლემები მისთვის კარგად ნაცნობი თემაა. ,,ვიცი მათი პრობლემების შესახებ. დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის გვერდით არსებულ ავარიული კორპუსის პრობლემაც გადასაწყვეტია. თუმცა ამ საკითხზე ჯერ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. თუმცა მხედველობაში მაქვს და ცდას არ დავაკლებ, რომ პრობლემები დევნილებს რაც შეიძლება მალე  მოუგვარდეთ“, – ამბობს მერაბ მეშველიანი.

ავტორი: ანა ჯანაშია