საკადრო წმენდა რეორგანიზაციის სახელით
ბაღდათის
მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, მიზეზად სკოლამდელი დაწესებულებების რეორგანიზაცია სახელდება.
როგორც ,,ნიუპრესისთვის“ გახდა ცნობილი, ბაღდათში ბაგა-ბაღებში ,,წმენდა“ მას შემდეგ
დაიწყო, რაც გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ნინო გრძელიძე დაენიშნა. გათავისუფლებული თანამშრომლები
პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ. მათი თქმით, ახალი თანამშრომლების შერჩევა პარტიულთან ერთად ნათესაური ნიშნით ხდება. გათავისუფლებულ თანამშრომელთა შორის არიან პენსიონერებიც, თუმცა იმ პენსიონრებმა, ვისაც ნათესავები ან ნათლია-მირონები აღმოაჩნდათ ადგილობრივ თვითმმართველლობაში, საკუთარი ადგილები შეინარჩუნეს.
მუნიციპალიტეტის ბაღების უკვე ყოფილი გამგეები ,,ნიუპრესთან“ მათი გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობენ: ,,46 წელია უკვე ამ ბაღს ვემსახურები, რომელიც ყოფილი კოლმეურნეობის შენობაშია განთავსებული. ვცდილობდი, შემენახა და მაქსიმალური კომფორტი შემექმნა ბავშვებისთვის, რათა მათთვის ბაღის გარემო კარგი და ხალისიანი ყოფილიყო. როდესაც ხელშეკრულებებს გაუვიდა ვადა, ამის შემდეგ მოგვივიდა ბრძანება, რომ ყველა, ჩემიდან დაწყებული, ვინც ვმუშაობდით ბაღში, ვიყავით გათავისუფლებულები. 9 იანვრიდან გავასაჩივრების ვადად მოგვცეს ერთი თვე. ამ დროისთვის მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე მოყავთ სხვა პიროვნება ჩემს ადგილზე. მე პირადად არ ვყოფილვარ აგიტატორი, არჩევნების პერიოდში ვმუშაობდი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ და არ ვიცი, რამდენად უნდა გამხდარიყო ეს ჩემი გათავისუფლების მიზეზი“, - განაცხადა დიმის #2 ბაგა-ბაღის ყოფილმა გამგემ იამზე ახვლედიანმა.
სოფელ დიდველის ბაგა-ბაღის უკვე ყოფილი გამგე იამზე გიორგაძე მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიუთითებს. ,,9 იანვარს ჩაგვაბარეს გათვისუფლების ბრძანებები და ეს მოხდა ყველა საბავშვო ბაღში. ველოდით, რომ ამის შემდეგ დაიწერებოდა ახალი ბრძანებები, გვპირდებოდნენ კიდეც ამას, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ახალი ბრძანებები დაიწერებოდა მათზე, ვისი დარჩენაც იყო გათვალისწინებული, ხოლო დანარჩენები სახლში გაგვიშვეს. ჯერ-ჯერობით არც მათი ბრძანებებია დაწერილი, ვინც ჩვენ ჩაგვანაცვლებს. საუბრობენ იმაზე, რომ მე "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით ვიბრძოდი და ეს გახდა სწორედ ჩემი გათავისუფლების მიზეზი. შეგიძლიათ, მობრძანდეთ სოფელში და გაიგოთ, თუ როგორი გამგე ვიყავი მე“, - აცხადებს გიორგაძე.
,,ნიუპრესი“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა ბაგა-ბაღების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელთან, ნინო გრძელიძესთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ. მთელი დღის განმავლობაში ის არც თავის სამუშაო კაბინეტში გამოჩენილა და არც გამგეობაში. მის ძებნაში ფეხდაფეხ შემოვიარეთ აპარატის უფროსისა და სპეციალისტების სამუშაო კაბინეტები, სადაც თანამშრომელთა რჩევის თანახმად, შესაძლებელი იყო მისი ნახვა, თუმცა მის კვალსაც ვერ მივაგენით. რამდენიმე უპასუხო სატელეფონო ზარის შემდეგ საღამოს საათებში მის პირად ტელეფონზე მეუღლემ გვიპასუხა, რომელმაც განგვიცხადა, რომ გრძელიძე შინ არ იმყოფებოდა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" აგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და შემდგომ მასალებს უახლოეს
დროში შემოგთავაზებთ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე