ტკივილისა და სიხარულის ზეიმი
ჩაის სახლ ,,ფოე-ფოეში“ დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა
დასკვნითი საღამო ჩატარდა, სადაც ომში დაღუპულ ჯარისკაცთა დედები იყვნენ მიწვეულნი.
მათ წინაშე მარჯანიშვილის სტუდიის ბავშვები ლიტერატურული პერფორმანსით წარსდგნენ. როგორც აგვისტოს ომში დაღუპული გივი სახელაშვილის დედამ, რუსუდან ჯოხაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე მათთვის ტკივილისა და სიხარულის ნაზავით
გამოწვეული ზეიმია, ვინაიდან ამ დღეს ისინი სამშობლოსთვის გმირულად დაცემულ შვილებს
იხსენებენ. მათი თქმით, ,,3 მარტი“ დღესასწაულია
ყველა ქართველი დედისთვის, რომლებიც თავიანთ შვილებს ღირსეულად ზრდიან, განსაკუთრებით
კი, ომში დაღუპულ ვაჟკაცთა დედებისათვის.
,,მე-7 წელია, რაც შვილი დამეღუპა და როგორც წინა,
ასევე ახლანდელი ხელისუფლებისგან, ყურადღება და დაფასება არ გვაკლია, რაც გამოიხატება
საპენსიო დანამატსა ოჯახის თითოეულ წევრზე თუ ჩვენი ტკივილის გასაზიარებლად ღონისძიებებზე მიწვევით. დღეს საუკეთესო კონცერტი
გვაჩუქეს კადეტთა ლიცეუმის მოსწავლეებმა. თითოეულ მათგანს ვუსურვებ სასწავლებლის წარმატებით
დამთავრებასა და გაბრწყინებულ ქვეყანაში ცხოვრებას, რომ მათ არასდროს ენახოთ ომი და
მასთან დაკავშირებული უბედურება“, - აცხადებს რუსუდან ჯოხაძე.
აღნიშნული ღონისძიება მერიის პატრონაჟით ჩატარდა. ყველა სტუმარს ტკბილეულით სავსე კალათები გადაეცათ.
,,წინა ხელისუფლებამ თამარ მეფის ორდენით დაგვასაჩუქრა.
ახლანდელი ცდილობს ნოვაციები შემოიტანოს. ყურადღებას და პატივისცემას ნამდვილად არ
გვაკლებენ. მკვდარ შვილს მაინც ვერავინ დამიბრუნებს. სამწუხარო ფაქტია, ომების წინააღმდეგი,
ხალხის ერთიანობისთვის მებრძოლი, ძალიან კარგი პიროვნების, ბორის ნემცოვის მკვლელობა. ნამდვილად
არ მინდა ქართველი ახალგაზრდების მსგავს პროცესებში მონაწილეობა. თითოეულ ახალგაზრდას
მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, განსაკუთრებით, შინდისელებს, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან და ყველა ქართველს ვუსურვებ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას“ , - აცხადებს
ზურა კაკაურიძის დედა იზო კობახიძე.
ავტორი: თინათინ გურგენიძე