|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი მეცნიერი, რომლის გამოგონებით „ნასაა“ დაინტერესებული, საქართველოდან მიდის

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ჯონი გიგინეიშვილი ერთ-ერთია, რომელმაც ბაზალტისგან, საწარმოო ტექნოლოგიური და საქსოვი ბოჭკოს, ძაფის გამოყენების უნიკალურ მეთოდებს მიაგნო, რომელთა პრაქტიკაში დანერგვაზე მუშაობას დიდი ხანია მას სხვადასხვა ქვეყანა სთხოვს. ერთ-ერთ დაინტერესებულ ორგანიზაციას „ნასაც“ წარმოადგენს, თუმცა საქართველოში ამით არავინ ინტერესდება.
ჯონი გიგინეიშვილის განცხადებით, ბაზალტის ძაფისგან ნებისმიერი ფორმისა და პროფილის კომპოზიციური მასალა შესაძლებელია მივიღოთ, რომელიც სამჯერ უფრო მტკიცე და მსუბუქია ვიდრე ფოლადისა და ლითონის კონსტრუქციები.
მისი თქმით, იდეა უკვე დაპატენტებული აქვს და ინვესტიციის ჩადების შემთხვევაში ძაფისგან, მშნებელობის ყველა - მათ შორის მანქანათმშნებელობის, სამოქალაქო, სამხედრო და საავიაციო სფეროში, უამრავ მასალას აწარმოებს.
ამის შესახებ მეცნიერმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ბაზალტის ძაფით შეგვიძლია არმატურა, ნებისმიერი სახის მილი დავამზადოთ. უნიკალურია ბაზალტის ძაფი და ჩვეულებრივი არმატურისგან განსხვავებით, ის კოროზიამედეგია. (კოროზია- გარემოსთან ქიმიური ან ფიზიკურ–ქიმიური ურთიერთქმედების შედეგად, მეტალების თვითნებური განადგურება). სიმტკიცით ბაზალტთან ვერც ერთი ლითონი ვერ მივა“, - განაცხადა ჯონი გიგინეიშვილმა.
გიგინეიშვილის განცხადებითვე, ის ბეტონის არმირებული კოჭის ტექნოლოგიის ავტორიცაა. ეს ტექნოლოგია რუსეთსა და უკრაინაში უკვე დიდი ხანია გამოიყენება თუმცა საქართველოში- არა.
მეცნიერი აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო ქარის გენერატორებს დადგმას ინებებს, მას გენერატორების, დგარების, პროპელერების დამზადება შეუძლია, თან ისე, რომ არაფრის შემოტანა საჭირო არ გახდება. მისი თქმით, გენერატორების ექსპორტზე გატანაც იქნება შესაძლებელი.
ჯონი გიგინეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მას ამ მხრივ მატერიალური თანადგომა 90-იანი წლებიდან არ აქვს, ამიტომ ის საქართველოდან წასვლას გეგმავს.
„დასახმარებლად სამწუხაროდ, დღემდე არავინ მოსულა. მოდიან იმისთვის, რომ ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია წამართვან. არ მინდა ასეთ ხალხთან ბრძოლა. ამიტომაც საქართველოდან წავალ და ვეცდები, ჩემი პროექტები რეალობად ვაქციო, რომლებსაც კაცობრიობისთვის უდიდესი სიკეთის მოტანა შეუძლია“, - განაცხადა ჯონი გიგინეიშვილმა.


წყარო:newspress.ge

ავტორი: ნიუპრესი