|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მედიამონოპოლია, თუ არასწორ ადგილზე ,,პარკირებული“ ,,მეგა ტვ“?

  დარღვეული სამაუწყებლო არეალი და კანონი მაუწყებლის შესახებ, თუ ერთი ადამიანის მონოპოლისტური ამბიციები, რა ხდება და როდის დასრულდება დავა ტელეკომპანია ,,რიონსა“ და ,,მეგა ტვ“-ს შორის, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება, ამის გარკვევას "ნიუპრესი" შეეცადა.

რამდენიმე ხნის წინ ტელეკომპანია ,,რიონისგენერალურმა დირექტორმა თამარ ღვინიანიძემ  კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიაში  ,,მეგატვ“ - ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.  აღნიშნული  მიზეზი ტელეკომპანიის ,,მეგა“ - ახალი პროექტი ,,შუადღე ქუთაისშიგახდა. ღვინიანიძის თქმით,  ,,მეგა წარმოადგენს ხონის ტელევიზიას და მას არც  სიტყვაქუთაისის გამოყენების უფლება აქვს და არც ქუთაისში მაუწყებლობის.  მისივე თქმით, ფრაზა ,,ჩვენ ქუთაისიდან ვმაუწყებლობთ“,  უკვე კანონდარღვევაა და ტელეკომპანიის მესვეურებს კარგად უნდა სცოდნოდათ, რომ აღნიშნული ფრაზა მის გაღიზიანებას და ადეკვატურ ქმედებას გამოიწვევდა.

    ,,დავა ტელევიზიებს შორის მომდინარეობს 2006 წლიდან.  2005 წელს ამ ქალაქში ხონიდან გადმოსახლდა  ,,მეგა ტვ“, რომელსაც ლიცენზიაში გადახდილი ქონდა 6 000 ლარი, ხოლო ქუთაისსა და მიმდებარე რაიონებში მაუწყებლობა კი რეალურად ღირდა 40 000 ლარი, შესაბამისად ეს თანხა ტელეკომპანია ,,რიონს“ ქონდა გადახდილი. 2006 წელს მათ განცხადებით მიმართეს კომუნიკაციების მარეგულიებელ კომისიას, კერძოდ კი დიმიტრი ქიტოშვილს და სთხოვეს ქუთაისში მაუწყებლობის უფლება. ქიტოშვილმა მათ უპასუხა, თქვენი ლიცენზია მოიცავს ხონს და მიმდებარე ტერიტორიას და ქუთაისში მაუწყებლობისთის საჭიროა ხელახალი აკრედიტაციის მიღება. იგივე თხოვნით მიმართეს მათ უკვე 2007 წელს უკვე ახალ დირექტორს, თუმცა მისგანაც უარი მიიღეს, რადგანაც 2006 წელს ისინი სანქცირებულები იყვნენ ჩემს მიერ შეტანილი სარჩელის გამო, რომლის მიხედვითაც მე ვითხოვდი მათ ხონში დაბრუნებას, რადგანაც ის არ იყო ქუთაისის მაუწყებელი“ ,- აცხადებს ღვინიანიძე.

   ღვინიანიძის განცხადებით,  დავა, რომელიც ამდენი წელია გრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ კანონიერების აღდგენის მოთხოვნითაა. მისივე განცხადებით, მიუხედავად მრავალგზის დაკისრებული სანქციებისა, ტელეკომპანია ,,მეგა“ მაინც აგრძელებს მაუწყებლობას ქუთაისში და არ ითვალისწინებს მარეგულირებელი კომისიის შეხედულებებს, ამის მიზეზად კი ეგრეთწოდებულ ,,ზურგზე“ საუბრობს, რომელიც ,,მეგა ტვ“ - ს კომისიაში ყავს.

    ,,უკვე 10 წელი გავიდა და ერთი და იგივეზეა ლაპარაკი.  ერთხელ გააფრთხილეს სამაუწყებლო არეალის დარღვევისათვის, ანუ მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-40 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დარღვევისათვის, მეორედ გააფრთხილეს 2009 წელში, დიდი ომისა და ბრძოლის შემდეგ, რომელიც მე გადავიტანე.  მე ვითხოვდი, თუ შეიძლება 6000 ლარად იმაუწყებლო ქუთაისში, რატომ მახდევინებთ მე 44 000 ლარს? მაშინ გადამახდევინეთ მეც იმდენი, რამდენიც აქვს გადახდილი ,,მეგა ტვ“-ს, ან დამიბრუნეთ ჩემი თანხა. ამაზე ყური არავის  გაუპარტყუნებია და მათაც ისევ მხოლოდ გამოუცხადეს საყვედური ,,მეგა ტვ“-ს. ამ ყველაფრიდან ხუთი წელი გავიდა და მე ისინი არაფერზე  შემიწუხებია და აღარ შევდავებივარ, ვინაიდან  მივხვდი, რომ მათ უკან იდგა ძალა, რომელიც ეხმარებოდა კომუნიკაციების კომისიაში. კომუნიკაციების სამსახურის ზოგიერთი თავმჯდომარის მფარველობით ისინი ახერხებდნენ ქუთაისში დარჩენას“, - აცხადებს ღვინიანიძე.

ხუთწლიანი დუმილის დარღვევის მიზეზს  თამარ ღვინიანიძე ასე ხსნის,   ტელეკომპანიას, რომელიც მხოლოდ საკაბელოს მეშვეობით მაუწყებლობს და სამაუწყებლო არეალის 40%-ს ფარავს, არა აქვს მორალური უფლება, გადაცემა მსგავსი სახელწოდებით გაუშვას ეთერში:

,, საბოლოოდ ჩემი მოთმინების ძაფი გაწყდა მაშინ, როდესაც ვნახე მათი გადაცემის ანონსი, ,,შუადღე ქუთაისში“. ყურში მომხვა, რა თქმა უნდა ეს, რატომ მაინცა და მაინც ქუთაისში? რატომ არა მაგალითდ ,,მეგას შუადღე“ ან რატომ არა ,,ჩემი შუადღე“, ამას მოჰყვა ტიხარი ,,ქუთაისიდან  ჩვენ ვმაუწყებლობთ“.  რას ნიშნავს ეს?  ,,მეგა“ მაუწყებლობს ქუთაოსიდან  და ,,რიონი“ არ მაუწყებლობს? რა თქმა უნდა, მე ეს გავაპროტესტე და შევიტანე სარჩელი მარეგულირებელ კომისიაში, იმის გამო რომ ,,მეგა ტვ“ აკეთებდა არასათანადო და არაკეთილსინდისიერ რეკლამას. ამის გარდა, მას დარღვეული აქვს გეოგრაფიული ზონა და არეალი. კანონი ამბობს, რომ ზონის დაფარვად ითვლება სიხშირე, მათ კი ქუთაისში სიხშირე არა აქვთ. ესენი არ არიან ქუთაისის მაუწყებლები და მათ მორალური უფლება არა აქვთ გადაცემას დაარქვან ,,შუადღე ქუთაისში“,  იმიტომ, რომ საკაბელო ქსელებით მაუწყებლობა არ ითვლება ზონის დაფარვად. როდესაც მაუწყებლობ მხოლოდ საკაბელო ქსელებით და იქაც 40%-ს ფარავ, ასეთი პრეტენზიული სათაურის დარქმევის უფლება არ გაგაჩნია, რადგანაც ეს ელემენტარულ კოლეგიალურობას ცდება და ასევე უპატივცემულობაა ჩემი ხუთწლიანი დუმილის მიმართ“ ,-განაცხადა ღვინიანიძემ.

  ღვინიანიძისაგან განსხვავებული პოზიცია გააჩნია ტელეკომპანია ,,მეგა ტვ“- ის მენეჯერს ნანა თოშხუას, რომელიც აცხადებს, რომ რაც კანონით არ იკრძალება, მისი აკრძალვის უფლება არავის აქვს:  ,,იმას, რასაც არ კრძალავს კანონი, ვერ ამიკრძალავს ვერავინ. ამ საქმიანობაში ერთადერთი მარეგულირებელი ქვეყნის კანონმდებლობაა. თუ კი მარეგულირებელი კომისია ჩვენს საიტზე, ან ჩვენს საქმიანობაში აღმოაჩენს რაიმე დარღვევას, ჩვენ მივიღებთ გაფრთხილებას და გამოვასწორებთ შეცდომას. მაგრამ ის, რომ ,,მეგა ტვ“ - ის ოფისები არ მუშაობდეს ქუთაისში, ის,  რომ იურიდიულ მისამართზე იყოს განთავსებული ჩვენი სამუშაო ადგილი, ეს არ არის კანონიერი მოთხოვნა. არც ის არის კანონიერი მოთხოვნა, რომ ვინმე ჩაერიოს ,,მეგა ტვ“ - ის სარედაქციო საქმიანობაში და აუკრძალოს, რომელიმე გადაცემის სახელის შერჩევა. თუ კი, რა თქმა უნდა, ვინმეს არა აქვს დაპატენტებული აღნიშნული სახელწოდება. ჩვენ თუ გადაცემის სახელწოდებას შევცვლით, ეს იქნება ამ გადაცემის აგდება, რაც არ მოხდება“ ,-განაცხადა თოშხუამ.

   თოშხუამ ჩვენთან საუბრისას ისიც განმარტა, თუ რატომ ჰქონდა ტელეკომპანია ,,რიონსა“ და ,,მეგა ტვ“- ს ლიცენზიაზე განსხვავებული თანხა გადახდილი. მისი თქმით, აღნიშნულის დაანგარშება ეკონომიკური კოეფიციენტის მიხედვით მოხდა. სწორედ ეს არის მიზეზი განსხვავების:   ,,სალიცენზიო თანხა დაანგარიშებული იყო ეკონომიკური კოეფიციენტის მიხედვით. რადგანაც ანძა, რომელზეც ტელეკომპანია ,,რიონის“ სატელევიზიო სადგური იყო განთავსებული, არის ქუთაისში, ამიტომ გადასახდელი გამოანგარიშდა ქუთაისის კოეფიციენტის მიხედვით. რადგანაც ტელეკომპანია ,,მეგა ტვ“ -ის საეთერო სადგური განთავსებული იყო ხონის ანძაზე, შესაბამისად ,,მეგა ტვ“ - ის სალიცენზიო თანხის გაანგარიშება ხდებოდა ხონის ეკონომიკური კოეფიციენტის მიხედვით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მქონდა სატელევიზიო საქმიანობის განხორციელების უფლება საქართველოს სხვა ტერიტორიაზე. მე არ მქონდა საეთერო ანძის გადატანის უფლება, თორემ ჟურნალისტები საზღვრების გარეშე არსებობს. მე თუ კი მექნება საშუალება ჩემი ჟურნალისტი  ნიუ-იორკიდან ჩაერთება და იტყვის, რომ ის ნიუ-იორკიდან მაუწყებლობს. შესაბამისად, მე თუ კი ქუთაისში ვამზადებ რაიმე პროდუქტს, უფრო ძვირი მიჯდება მისი გამშვებამდე მიწოდება,  ვიდრე ,,რიონს“, ამის გამო მე დამატებითი სარელეო ხაზი მაქვს აღებული. ბოლოს და ბოლოს, ამ ლიცენზიებს ვადა უკვე გაუვიდა და არც მათ და არც ჩვენ ერთი თეთრი არ გადაგვიხდია ახალ ლიცენზიებში, რომლებიც ჩვენ მოგვანიჭეს. უმჯობესი იქნება, თუ კი ამას გაუსვამს ხაზს ქალბატონი თამარი“,- აცხადებს თოშხუა.

  ღვინიანიძე ,,მეგა ტვ“- ის მხრიდან დაწესებულ რეკლამების დაბალ ფასზედაც საუბრობს, რომელიც მისი თქმით, არაჯანსაღ კონკურენტუნარიან გარემოს ქმნის სატელევიზიო ბაზარზე და ხშირად მასთან მისული კლიენტი, ფასის მიუღებლობის  გამო ,,მეგა ტვ“ - ში მიდის. 

აღნიშნულ საკითზე საკუთარი მიდგომა გააჩნია ,,მეგა ტვ“ - ის მენეჯერ ნანა თოშხუას, მისი განცხდებით, მათი სარეკლამო ფასები მორგებულია ადგილობრივ ბაზარზე და ისინი ამით ხელს უწყობენ ბიზნესის განვითარებას.

  ,,ზოგჯერ არის რომ რეკლამის დამკვეთი რაღაც მანიპულირებას ახდენს. შეიძლება სულაც არ ღირდეს ,,მეგაში“ რაღაც ძალიან იაფი, მაგრამ მას უთხრას, რომ იაფია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს რეგიონის ბაზარზე ადაპტირებული ფასები. დრო ყველაზე მალფუჭებადი პროექტია, მე თუ ის დღეს ვერ გავყიდე, ხვალ უკვე გვიანია, ამიტომაც ვცდილობთ, რომ თუ კი გამოჩნდება მყიდველი, იმას მივყიდოთ ისე, როგორც შეუძლია, რომ გადაიხადოს. ხვალ და ზეგ თუ ის განავითარებს ბიზნესს და მიიღებს მეტ ეკონომიკურ სარგებელს, შესაბამისად, ჩვენც მოუმატებთ ფასს.", - ამბობს ნანა თოშხუა.

მხარეების  ურეთიერთგამომრიცხავი პოზიციების გათვალისწინებით, მათ შორის საერთო ენის გამოძებნის პერსპექტივა ნაკლებ მოსალოდნელია. სავარაუდოდ,  მათ შორის მტყუან- მართალს   კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია  გაარკვევს.  

ავტორი: გიგა გელხვიიძე