|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ხომ გვეუბნებოდნენ „ნაცების“ მსხვერპლი ხართო, ხოდა გადაგვარჩინოს „ოცნებამ“

 იპოთეკური სესხებით დაზარალებულთა პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება. მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებისა და ამ დაპირების მოთხოვნის შესასრულებლად პარლამენტის წინ არაერთი აქციის გამართვისა, იპოთეკით დაზარალებულთა გამოსახლება კვლავ გრძელდება.  იპოთეკით დაზარალებულები არა ვალის ჩამოწერას, არამედ გრძელვადიანი და დაბალპოცენტიანი სესხების გაცემას ითხოვენ. "ნიუპრესი" ერთ-ერთ დაზარალებულს გაესაუბრა. 

მარინა გვადიბაძემ სესხი წლების წინ აგრობიზნესის  წარმოებისთვის  გამოიტანა. მას მწვანილის სათბური ჰქონდა, თუმცა ოჯახში მომხდარმა უბდურმა შემთხვევებმა და სტიქიამ გვადიბაძეები ბინის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა. 2012 წელს დაწყებული პრობლემები დღემდე გრძელდება.

" საკმაოდ შეძლებული ოჯახი მქონდა, თუმცა დიდი ხნის შრომით მოყვანილი ცხოვრება,  ერთ წამში თვალწინ დამემხო.  მოხდა უბედური შემთხვევა,  მეუღლეს სტენოკარდიული შეტევა დაემართა,  შვილი "ალპაკით"  მომეწამლა, რომელიც 8 თვის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ნერვიულობაზე გულის შეტევით გარდამეცვალა დედამთილიც. ერთ წელში ოჯახის სამი წევრი დამეღუპა. იმდენად გაუბედურებული ვიყავი, სიცოცხლე აღარ მინდოდა. სათბურს ვინ ჩიოდა, თუმცა სათბურისთვის აღებული ვალი კიდევ ერთ უბედურებად გადამექცა. შვილი რომ მომისვენეს,  იმ ღამეს სტიქია მძვინვარებდა, რამაც სათბურები გაანადგურა.  ამ პრობლემების გამო ვეღარ შევძელი სესხის დაფარვა,  რის შემდეგაც საქმე სასამართლოს გადაეცა. აღარაფერი გამაჩნია, აღარც ძვირფასი ადამიანები მყავს, აღარც საარსებო საშუალება მაქვს. ერთადერთი სახლი დამრჩა, რომელშიც მე, რძალი და შვილიშვილები ვცხოვრობთ. ყოველდღე გამოსახლების მოლოდინში ვართ",-გვიამბობს მარინა გვადიბაძე.

გვადიბაძე სხვა დაზარალებულის მსგავსად, ხელისუფლებას დაპირებებს ახსენებს და დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების დაშვებას მოითხოვს.

" თითქმის ყოველდღე ხდება გამოსახლებები. გათენების გვეშინია. შვილის დაკრძალვიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ  პარლამენტთან გამოვედი  აქციაზე. ასე გრძელდება დღემდე.   ეს არის ხელისშეწყობა?  რათ მინდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც  თოხს დაგაგდებინებს  და  საქმის კეთების ნაცვლად პარლამენტთან აქციებზე დაგაყენებს. ხომ გვეუბნებოდნენ, "ნაცების" მსხვერპლი ხართო, ხოდა გადაგვარჩინოს "ოცნებამ", ჩვენმა "ოცნებამ"... ვალდებულები არიან,  გაჭირვებულ ხალხს  გვერდით დაგვიდგნენ,  გაითავისონ სახელმწიფოებრივი ვალდებულებები და მარტო საკუთარ ჯიბეზე არ იფიქრონ. არ გვინდა ჩუქება, დაბალპროცენტიანი სესხები გაიცეს, თუ არ შეეძლოთ, ამის შესახებ არჩევნებამდე არ იცოდნენ, რატომ ატყუებდნენ ხალხს?"-განაცხადა  მარინა გვადიბაძემ.

პრობლემისაგან თავის დაღწევის მიზნით იპოთეკური სესხით დაზარალებულმა პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ჩართვა სცადა, თუმცა მისი ეს მცდელობაც  უშედეგო გამოდგა.

" 3-ჯერ დავწერე განცხადება "აწარმოე საქართველო"  პროგრამაში ჩართვის თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. თუ რეალურად არსებობს ეს პროგრამა, რატომ არ მაძლევენ საშუალებას ჩავერთო? დამეხმარონ, დავიწყო ახალი საქმე, რომ ვალი გავისტუმრო და ოჯახიც შევინახო. რა მინდა პარლამენტის წინ აქციებზე, როცა  ოჯახს, მეურნეობას უნდა ვხედავდე და შვილიშვილების გამოკვებაზე ვზრუნავდე?!"-  აღნიშნა მარინა გვადიბაძემ.

გრძელვადიან- დაბალპროცენტიან სესხებთან დაკავშირებით დამაიმედებელ განცხადებას ვერ აკეთებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტის აპარატის უფროსი ვალერი ტეტუნაშვილი. მისი თქმით,  პრობლემა სისტემურია, თუმცა ბანკებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

 "ბევრი შუამდგომლობაა ჩვენგან  ბანკებზე გაკეთებული,  ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებენ, მაგრამ მათზე ზემოქმედება ჩვენ არ შეგვიძლია. ბანკი  კერძო სტრუქტურაა,  რომლის საქმიანობაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით, რადგან არ გვაქვს ამის უფლება.  ეს არის სისტემური პრობლემა.  რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, თუმცა  საბოლოო გადაწყვეტილებას ბანკი იღებს," - აღნიშნა ვალერი ტეტუნაშვილმა. 

იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. გამოსახლებულთა  სტატისტიკა საგანგაშო ნიშნულამდეა მისული.  2006 წლიდან 2014 წლის ჩათვლით გამოსახლების 65 ათასი ფაქტი დაფიქსირდა. 25 ათას ოჯახს იგივე ემუქრება. 300-მდე დაზარალებული სხვა ქვეყანას თხოვს თავშესაფარს. 90 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, ამ ადამიანებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი