როდის ექნება ქუთაისს საზოგადოებრივი საპირფარეშო?
ქუთაისში ერთ-ერთი
ყველაზე პრობლემატური საკითხი საზოგადოებრივი საპირფარეშოს უქონლობაა. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში და წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საპირფარეშოები
წლების წინ მოეწყო, თუმცა დღემდე ორივე უფუნქციოდაა.
ქუთაისის მოსახლეობა მრავალი წელია, არსებული
პრობლემის შესახებ წუხილს გამოთქვამს, თუმცა
პრობლემა პრობლემადვე რჩება.
ადგილობრივი
მცხოვრების ლაშა ედიბერაძის განმარტებით, საზოგადოებრივი საფირფარეშოს არარსებობა
ტურისტებისთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს.
"ერთი კვირის წინ, ორი მარშრუტი ტურისტების
ჯგუფი ჩამოვიდა, ტუალეტს ეძებდნენ, რომ ვერ ნახეს, ღმერთმა იცის, სად წავიდნენ. დარწმუნებული
ვარ, იმ ტურისტებს, მეორედ ჩამოსვლის სურვილი არ ექნებათ. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, სადაც უამრავი ადამიანი სტუმრობს, მსგავსი ელემენტარული პრობლემები არ უნდა აწუხებდეს.
ეს არის ნომერ პირველი პრობლემა, არა მარტო ქალაქში, არამედ ჩვენს კულტურაშიც. ზოგადად,
მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად საზოგადოებრივი საპირფარეშოები
მოეწყოს. ასეა ყველა განვითარებულ ქალაქში.
ჩვენთან საპირფარეშოს როლს, სამწუხაროდ, მიწისქვეშა გადასასვლელები და ცოტა მოფარებული
ადგილები ასრულებენ. მით უმეტეს, ტაქსისა და ავტობუსის მძღოლებმა რა ქნან?",-განაცხადა ედიბერაძემ.
„საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის განმარტებით, აღნიშნული პრობლემა მრავალი წელია არსებობს და მისი
მოუწესრიგებლობა კულტურის დეფიციტზე მიუთითებს.
"ქალაქში ადამიანები დადიან, მათ ბუნებრივი მოთხოვნილებები
გააჩნიათ და ამის დაკმაყოფილებისათვის ნებისმიერი ცივილიზებული და ნორმალური ქალაქი სთავაზობს შესაბამის ადგილებს, რასაც საზოგადოებრივი საპირფარეშოები
ჰქვია და ყველა განვითარებულ ქალაქში ნორმალური და მოვლილი საზოგადოებრივი საპირფარეშოებია,
ქუთაისის გარდა. ის რაც ქალაქში ხდება ამ კუთხით, მარაზმია. ქალაქის ცენტრში, სადაც ხალხის თავშეყრის ადგილია, არსად არის საპირფარეშო. შედეგად, ხშირად
ვაწყდებით სხვადასხვა ადგილებში გარემოს დაბინძურებას, თუმცა ადგილობრივ თვითმართველობას ეს პრობლემა არ აწუხებს და არც ცდილობს მის გადაჭრას",- აღნიშნა ქობულაძემ.
არაადაპტირებული საპირფარეშოების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ
შშმ პირები. "ახალი გაზეთს" ერთ-ერთ
მათგანი, ლევანი წ. გაესაუბრა. მისი თქმით, ძალიან ცუდია, როდესაც ადგილობრივი თვითმართველობა არ ზრუნავს შექმნას ადაპტირებული საპირფარეშო შშმ
პირებისთვის.
"ქალაქის ცენტრში მოწყობილი საპირფარეშოს უფუნქციობა ყველაზე აქტუალური პრობლემაა, თუმცა ჩვენთვის, შშმ პირებისთვის უფუნქციო, ადაპტირებული საპირფარეშოც არ არსებობს, რაც ძალიან
გულდასაწყვეტია",- განმარტა ლევან წ-მ.
"ახალი გაზეთი" არსებული პრობლემის შესახებ ქალაქის თვითმართველობას გაესაუბრა. როგორც ინფრასტრუქტურის
განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტის და დასუფთავების სამსახურის უფროსმა მალხაზ
ბასილაძემ განმარტა, აღნიშნული საზოგადოებრივი
საპირფარეშოები წყალმომარაგების ზედამხედველობის ქვეშ არის, თუმცა თვითმართველობა აწარმოებს
მოლაპარაკებას, რომ აღნიშნული საპირფარეშოები
ქალაქს გადმოეცეს. "პრობლემა მართლაც
რეალურია, თუმცა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას გადმოგვეცეს აღნიშნული ტუალეტები, რის შემდეგაც
გამოცხადდება ტენდერი და კეთილმოეწყობა აღნიშნული საპირფარეშოები",- განაცხადა
ბასილაძემ.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოეცემა, ან გადმოეცემა
თუ არა მერიას აღნიშნული საზოგადოებრივი საპირფარეშოები. ამის შესახებ საუბარი უკვე
რამდენიმე წელიწადია უშედეგოდ მიმდინარეობს,
პრობლემა კი კვლავ აქტუალური რჩება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი