თავისუფლება გისოსებს მიღმა
„ნიუპრესი“ პერიოდულად გახვედრებთ ცნობილ, თუ უცნობ პოეტებს. ამჯერად ჩვენ კიდევ ერთი პოეტის შესახებ გიამბობთ. ჩვენ შევეცდებით გაჩვენოთ, როგორია თავისუფლება გისოსებს მიღმა. რუბრიკის თანაავტორია ახალგაზრდა პოეტი და იურისტი, თემო შენგელაია.
„ასე ტრიალებს ბედის ბორბალი, ნაგვემი სულის, დიდი ხანია, ცივი ზამთარი და გაზაფხული, ერთმანეთს ცვლიან და მიხარია“,- ასე უხარია სიცოცხლე 80 წლის ადამიანს, რომელიც ბედმა გისოსებს მიღმა აღმოაჩინა. პოეტისთვის შეზღუდული თავისუფლება არ არსებობს და ეს მის ლექსებში ჩანს. როგორც თემურ შენგელაია გვიყვება, მისი ყურადღება მოხუცმა პირველივე შეხვედრისას მიიქცია. დახვეწილი წერის მანერით და რითმებად დაწყობილი განცდებით ახალგაზრდა პოეტი დაარწმუნა, რომ არსებობს რაღაც, რისი შეზღუდვაც შეუძლებელია. „23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს მომიხდა ციხეში მისვლა. დამირეკეს და მითხრეს, რომ პატიმრებს ჩემთან შეხვედრა სურდათ. სწორედ აქ გავიცანი ეს ადამიანი, რომლიც საოცრად ნიჭიერია. მის გარდა იქ კიდევ არიან სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოვებული პატიმრები, რომლებიც წერენ, ხატავენ და ა.შ. თუმცა, ჩემი ყურადღება ამ მოხუცმა მიიპყრო. სევდიანი და ამავდრულად, სასიამოვნო ადამიანი, რომლითაც ბევრი მოიხიბლებოდა ჩემს ადგილზე“,- ამბობს თემო შენგელაია. მისი ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია, პატრიოტულ ლექსებთან ერთად ვხვდებით ლექსებს სიყვარულზე, საკუთარ განცდებზე და ტკივილებზე:
„არ მეშინია შენი მშვენების,
არც ავიფარებ სიბნელის ფარდას.
თუმც არას ველი მაგ სილამაზით,
უკურნებელი სიგიჟის გარდა“.
ჩვენი ყურადღება იმ სიტყვებმა მიიქცია, რომელიც მის პირად განცდებს ასახავს. ასაკით და ცხოვრებით გამოწვეული პოეტის სევდა ასე
ჟღერს:
„იას
მეც შენსავით მოველ ერთი დღით,
იმ სხვაობით, რომ ვერ მოვიტანე:
ვერც სინაზე, ვერც სიმშვიდე, ვერც სურნელება.
ახალგაზრდობას თქვენი რიჭრაჭი ჩამიდგა მკერდში, ახალ სიცოცხლედ და აღმაფრენად, თქვენი შრიალა ტოტების ტევრში, ვეღარ ვგრძნობ ჩემი ფოთლების ცვენას“.
„მიუხედავად იმისა, რომ იგი 80 წლისაა, საოცარი სურვილი
აქვს იცხოვროს და ერთგან ამბობს კიდეც, რომ არის 80 წლის „ბიჭი“. შეუძლებელია ემოციის
გარეშე დარჩე, როცა ხედავ ადამიანის მონდომებას და სურვილს სიცოცხლისა და ცხოვრების
მიმართ“,- ამბობს თემური.
ახალგაზრდა
პოეტი მასთან შეხვედრის შემდეგ იმ ჰუმანურ თვისებებზე საუბრობს, რომელიც მოხუცში დაინახა.
„ჩემზე ძალიან იმოქმედა მისმა რამდენიმე სტროფმა, რომელიც ქუჩაში სამოწყალოდ გასულ
ბავშვებს ეხება:
„სევდით ჩავუვლი მათხოვარ ბავშვებს
შემომყურებენ, როგორც მართვები,
ვერ გავუმხილე, რომ სხვა ქუჩაზე
მეც სამათხოვროდ მივემართვები“,- ვფიქრობ, ამ სიტყვების
ავტორი აუცილებლად ჰუმანური ადამიანია. მგრძნობიარე და იმაზე მეტად დასამახსოვრებელი,
ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია“,- ამბობს თემურ შენგელაია.
ახალგაზრდა პოეტი მისი ოცნების, თუ ნატვრის შესახებ გვიყვება, რომელიც ასე ჟღერს: „ვუცქერდე ზეცის სულ პატარა მოლურჯო ნაკვეთს,
თრთოდეს ბალახი ჩემი ფეხის კვალით ნაწერი
და იყოს ისევ დარჩენილი გამხმარი ძირი
ჩემს სააკვნეზე გადანაჭერი.
ერქვას სულ რაღაც გოჯა მიწას სახელი ჩემი,
სად წინაპრებიც მყავს დამარხული
და იზრდებოდეს კიდევ ერთი წიფელი თეთრი,
ჩემს საკუბოედ გადანახული.
და იდგეს ქოხი ჩემი გამრჯე ხელით ნაგები.
ერტყას მესერი, სადაც ვერავინ შემედავება
და დახტუნავდეს ჩემი გვარის ორი ბოკვერი
და მეგონოს ეს უკვდავება.“
ავტორი: ანა ჯიქია