|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იპოთეკის მორიგი მსხვერპლი ქუთაისში

                                   

იპოთეკით  დაზარალებულების გამოსახლება თითქმის ჩვეულ ამბად იქცა. ხელისუფლება მათ დახმარებას ვერ, ან არ ახერხებს.  მიუხედავად  იმისა, გამოსახლებების შეჩერება  არაერთხელ მოითხოვეს, პროცესი მაინც გრძლედება. 

კუხიანიძეების ოჯახში კერძო მევახშე რამდენიმე დღის წინ მივიდა და ბინის დაცლა მოითხოვა.  4 სულიანი ოჯახი საკუთარი ჭერის გარეშე დარჩა. თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი ახლა მეზობლის ბინაში გადავიდა. „4 წელია პრობლემა გვაქვს, თუმცა ბინის შენარჩუნებას აქამდე ვახერხებდით. ახლა მოვიდა მევახშე და ბინის დატოვება მოგვთხოვა. ძალიან დიდ თანხას  ითხოვს. თავიდან 9 ათასს ითხოვდა, ახლა 13 ათასზე ავიდა. გვეუბნება, თუ ფულს 2 კვირაში მივცემთ,  ბინას  დაგვიბრუნებს“,- განაცხადა ჩვენთან საუბარში ოჯახის ყველაზე ასაკოვანმა წევრმა, მარგო კუხიანიძემ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ისინი თავის დროზე მაკლერმა მოატყუა და თანხა, რომელიც მათ გადაიხადეს, გაიბნა. „თანხა მევახშემ რომ მოგვცა, მაკლერმა წაიღო და წავიდა, მოგვატყუა. ბინა მევახშის სახელზე მოტყუებით გადაგვაფორმებინა. აქამდე ვიფიქრეთ, იქნებ რაღაც საშველი გაჩენილიყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ახლა ის ჩვენ გვედავება, მაგრამ ფული არ გვაქვს და როგორ მივცეთ?  ჩემი შვილი  გარდაიცვალა. უპატრონოდ დარჩენილებმა რა გავაკეთოთ?“,-ამბობს მარგო კუხიანიძე.

ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს. ოჯახის შემოსავალი  მარგო კუხიანიძის პენსია, საიდანაც მხოლოდ  75 ლარი რჩებათ. გარდა ამისა, ოჯახში ცერებრალური დამბლით  დააავადებული გოგონა ჰყავთ, რომლის პენსიასაც იღებენ. ოჯახის უმცროსმა წევრმა კი სკოლა რამდენიმე დღის წინ დაამთავრა.  მათი დედის, ნინო კუხიანიძის ხელფასი კი 250 ლარია, ის ბაღში  მომვლელად მუშაობს. „ბაღში ვმუშაობ მოვლელად. ჩემი ხელფასით რამდენ რამეს უნდა გავწვდე. ახლა კიდევ იმ სახლის ქირა უნდა გადავიხადოთ, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. სოციალურად დაუცველის სტატუსი არ გვაქვს, რომ რაიმე დახმარება მივიღოთ. მაშინ როცა სახლი გვქონდა,  მაღალი ქულები მოგვივიდა. ახლა არ ვიცი,  რა იქნება. ოჯახში ფინანსურად ძალიან გვიჭირს“, - ამბობს ნინო კუხიანიძე.

კუხიანიძეების ოჯახის მდგომარებაზე საუბრობენ მეზობლები. ისინი ამბობენ, რომ მათ ფინანსური პრობლემები აქვთ და რომ აუცილებელი გამოჩნდეს ვინმე, ვინც მათ  დაეხმარება. „ოჯახში ჯანმრთელობის პრობლემების მქონე წევრი ჰყავთ, მამა გარდაეცვალათ,  კარგი იქნება, თუ ვინმე ცოტათი მაინც შეეწევა“,- ამბობენ მეზობლები.

კუხიანიძეების  ოჯახი ისევ თაბუკაშვილის ქუჩაზე, იმავე კორპუსში, მეზობლის ბინაში გადავიდნენ. სახლში, სადაც ისინი ცხოვრობენ, პირობები არც თუ სახარბიელოა. ჩამოშლილი სახურავი და კედლები, დაზიანებული ფანჯრები და დანესტილილი ოთახები. ამ პირობებში  ცხოვრება მათ მანადე მოუწევთ, ვიდრე საკუთარ ჭერს  არ დაიბრუნებენ.

 „ამ ბინაში 120 ლარი უნდა გადავიხადოთ,  სხვა  გამოსავალი არ გაქვს. ის ბინა რომელიც დავკარგეთ, ადრე  ქარხანაში რომ ვმუშაობდი, მაშინ მივიღე,  შევაკალი თავი,  სხვა არც არაფერი გამაჩნია, არც სოფელში მაქვს წასასვლელი“, - ამბობს მარგო კუხიანიძე.

 კუხიანიძეების ოჯახის წევრებს იმედი არ აქვთ, რომ ვინმე დაეხმარებათ.  იციან, რომ ანალოგიური პრობლემები ბევრ ადამიანს აქვს. მარგო კუხიანიძის თქმით, გახშირებული გამოსახლებები კანონის ცვლილებას უკავშირდება, რომლის ამოქმედების შემდეგ გამოსახლება  სასამართლოს  გადაწყვეტილების გარეშე აღარ მოხდება. „მევახშეებს უნდათ მოასწრონ და სახლები ხელში ჩაიგდონ, ადამიანების ბედზე კი არავინ ფიქრობს“,- ამბობს მარგო კუხიანიძე.

კუხიანიძეებს ოჯახის მსგავსად დახმარებას მრავალი ოჯახი საჭიროებს.  სახელმწიფო კი  მათთვის  კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ ჩქარობს.

 

 

ავტორი: ანა ჯიქია