|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოღასკურა–პატარა მდინარე დიდი პრობლემებით

  მართალია, მდინარე ოღასკურა, რომელიც სათავეს სათაფლიის მთაში იღებს და ქალაქის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მიედინება,  მასშტაბურ საფრთხეებს ვერ შეუქმნის ქუთაისს, თუმცა გარკვეულ პრობლემას მაინც წარმოადგენს, რისი მაგალითიც არც თუ შორეულ წარსულში მოხდა. შარშან მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, ბუხაიძის ქუჩა დატბორა და მიუხედავად არა მასშტაბურობისა, მოსახლეობას ეკონომიკური ზარალი მაინც მიაყენა.

ორასკურას კალაპოტი საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული. ადგილობრივები ნარჩენებს უშუალოდ მდინარეში ყრიან. ვითარებას მდინარის ნაპირებზე თვითნებურად აგებული ავტოფარეხები, საღორეები და საქათმეები ართულებს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პრობლემა მრავალი წელია არსებობს, თუმცა პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებს და აღნიშნავენ, რომ მდინარის დაბინძურება მათ მიერ არ ხდება და ნარჩენები წყალს მოაქვს.

„ეს მდგომარეობა წლებია არსებობს. მდინარე დაბინძურებეულია. ზოგს ადგილობრივები ყრიან, ზოგიც კი წყალს მოყვება. შარშან უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ქუჩები დატბორა. იმედია, ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს ამ მდინარეს, რომელიც საფრთხეს არა მხოლოდ ადიდების, არამედ ანტისანიტარიის გამოც ქმნის“,–აღნიშნავს ადგილობრივი ნათელა მამისეიშვილი.

მოსახლეობის დაუდევრობაზე საუბრობს  „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა–დედამიწის მეგობრები“–ის წარმომადგენელი თეიმურაზ კეპულაძეც და აღნიშნავს, რომ კატასტროფულ შედეგებს არა, თუმცა მდინარის ადიდების შემთხვევაში, ეკონომიკურ ზარალს უნდა ველოდეთ.

„ეს წყალი სუფთა რომ მოდიოდეს, როგორიც, წესით, უნდა იყოს,  მაშინ დიდ ანტისანიტარიას ვერ შექმნიდა. მოსახლეობა არ უნდა ექცეოდეს მდინარეს ასე, თორემ არტახებში მოქცეული მდინარე აუცილებლად სამაგიეროს გადაგვიხდის.  ზომებიდან გამომდინარე, კატასტროფულ შედეგებს არ უნდა ველოდეთ, თუმცა მის ადიდებას ეკონომიკური ზარალი მოყვება“,–აღნიშნავს კეპულაძე.

მდინარე ოღასკურას  კალაპოტისა და სანაპიროს მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობს გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი  ნატო ქათამაძე. როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ოღასკურას რეაბილიტაციას 2 მილიონი ლარი სჭირდება. სამუშაობის შესახებ ინფორმირებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროც და უახლოეს მომავალში საპროექტო წინადადებაზე ტენდერის გამოცხადება მოხდება.

„თბილისის მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ მდინარის კალაპოტს ჭირდება ყურადღების მიქცევა,  რადგან არავინ  ვიცით, როდის მოხდება მდინარის ადიდება. უფლებამოსილების მიღების დღიდან ვითხოვდი ამ პრობლემის მოწესრიგებას. ორასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები გასულ წელს საკრებულოს მიერ მოწონებულ წინადადებათა ნუსხაში მოხვდა, თუმცა 2015 წლის ბიუჯეტში ასახვა ვერ ჰპოვა. ეს არის 2 მილიონიანი პროექტი და როგორც ჩანს,  ქალაქისთვის სხვა პრიორიტეტული საკითხები გამოჩნდა.  რადგან  ადგილობრივი ძალებით ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხდა, მივმართე სამინისტროებს. შევაგროვე 2500 ხელმოწერა,  აქვე მქონდა მე–13, მე– 15–ე და მე–17 ბაგა–ბაღების, 35–ე  და „გოქაძის სკოლის“ დირექორების მოთხოვნა, რომ მდინარეში არსებული ანტისანიტარია ბავშვებს საფრთხეს უქმნიდა. ასევე  „წერეთლის უნივერსიტეტის“ გეოგრაფიის დეპატრამენტის ასოცირებული პროფესორის მზია კუბეციანის დასკვა, იმის შესახებ, თუ რა საფრთხეებს ქმნიდა დაბინძურებული მდინარე მოსახლეობისთვის“.

როგორც ქათამაძე აცხადებს, ის ამ საკითხთან დაკავშირებით  ინფარასრტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ასევე გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა.  შედეგად,  ქალაქის ვიცე–მერს ნოდარ მიქიაშვილს დაავალეს პროექტის შედგენა, დაფინასებით  კი, მას ან რეგიონული განვითარების სამინისტრო დააფინანსებს, ან 2016 წლის ბიუჯეტში მოხვდება.  ქათამაძის თქმით,  2016 წელს  მდინარე ოღასკურას პრობლემა აღარ იარსებებს.

დეპუტატი მოსახლეობის მიერ კალაპოტის დაბინძურების ფაქტზეც საუბრობს, ამავდროულად აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ პრობლემის მოწესრიგებით ადგილობრივებს უნდა აჩვენოს, რომ ორასკურა არის მდინარე და არა ნაგავსაყრელი.

„რა თქმა უნდა, მოსახლეობას აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ამასთან ერთად, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით,  გორისა და ბარნოვის ქუჩების ფეკალური მასები ჩაედინება არხში. ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება და მოსახლეობას დავანახოთ, რომ, ეს არის მდინარე და არა ნაგავსაყრელი.  დარწმუნებული ვარ, გასუფთავების შემდეგ ნარჩენებს მდინარეში აღარავინ ჩაყრის.  ამის კარგი მაგალითია პარლამენტთან არსებული არხი, სადაც ანალოგიური მდგომარეობა იყო, მაგრამ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების შემდეგ მოსახლეობა იქ ნაგავს არ ყრის. ამიტომ არის აუცილებელი სახელმწიფოს კეთილი ნება, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოხდეს,“–აღნიშნავს საკრებულოს დეპუტატი.

საკითხის შესწავლა რომ დაწყებულია, ადასტურებს ინფასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე. მისი განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ოღასკურას საკითხს კომისიის სხდომაზე გაიტანს, სადაც გადაწყდება შესარულებელი სამუშაოებისა და საჭირო თანხის რაოდენობა, რის შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ტენდერი გამოცხადდება.

„ნატო ქათამაძემ მოგვმართა ამ საკითხთან დაკავშირებით. სამინისტრო პროექტს უახლოეს დღეებში კომისიის სხდომაზე გაიტანს. ვიმსჯელებთ და გადაწყდება ორასკურაზე მხოლოდ ნაპირსამაგრი სამუშაოები შესრულდება, თუ გაწმენდითი სამუშაოებიც ჩატარდება. ასევე ვიმჯელებთ პროექტის ღირებულებაზე 1 600 000–დან 2 მილიონამდეა სავარაუდოდ. ვინაიდან, ქუთაისს აქვს პოტენციალი საპროექტო წინადადება თავად მომზადოს ჩვენ თანხებს ძირითადად  სამუშაოებისთვის ვუხდით.  სავარაუდოდ, ამჯერადაც ასე მოხდება. შემუშავდება პროექტი და მომავალ წელს აღნიშნული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება“–აღნიშნავს გიორგი ცინცაძე.

ჯერჯერობით უცნობია, მოხდება,  თუ არა მდინარის ნაპირზე აგებული შენობების გაუქმება. ამ საკითხზეც დასკვნას კომისია დადებს, თუმცა სამუშაოების დაწყებამდე, მსგავსად სხვა მდინარეებისა, ორასკურას დაბინძურება კვლავ გრძელდება, რაც ქალაქის

 ნაწილის დატბორვის რისკებს ზრდის.

 























































 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა