|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ჩემი მთავარი მიზანი, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის გადარჩენა იყო“


13 ივნის სტიქიას მრავალი გმირი ჰყავს. ეს არის შემთხვევა, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა.  იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა მოვალეობაც უშუალოდ არის სხვისი დახმარება, სტიქიას რიგითი მოქალაქეებიც ებრძოდნენ. ბოლო მონაცემებით, ვერეს ხეობის დატბორვას 19 ადამიანი ემსხვრეპლა. მათ შორის სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი. ვიდრე, ხელისუფლება და შესაბამისი სტრუქტურები სტიქიის რეალურ მიზეზებს ადგენენ,მოხალისეები თბილისის დასუფთავებას აქტიურად აგრძელებენ.

რა ხდებოდა 13 ივნისის ღამეს თბილისში,  „ნიუპრესს"  ქუთაისელი მაშველი მურად ფახურიძე უამბობს. 24 წლის მაშველი თბილისში მომხდარი სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდა და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 


მურად  ფახურიძე ერთ-ერთია იმ პროფესიონალ მაშველთა შორის, რომელიც სტიქიის ზონაში ხალხის გადასარჩენად იბრძოდა. ფახურიძე  ქუთაისელი 24 წლის ახლგაზრდაა.  ის სასწავლებად და სამუშაოდ თბილისში 4 წლის წინ წავიდა. 3 წელია, რაც მუშაობა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უწევს რთულ სიტუაციებში მუშაობა, ამბობს, რომ 13 ივნისი მისთვის  შოკისმომგვრელი იყო.

როგოც გვიყვება, რიგით გამოძახებაზე დიდუბე–ჩუღურეთიდან წყნეთის მიმართულებით მოძრაობდნენ, როდესაც გმირთან მოედანზე, მის თვალწინ   მდინარე ვერემ კალაპოტი დატოვა და  მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა დაიწყო. ის უყურებდა, როგორ დიდდებოდა წყალი და რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს.  ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა,  გადაკეტა გზები,   შეაფერხა მანქანების მოძარაობა.

„სტიქიის ეპიცენტრში მოვხვდით. არსებულმა ვითარებამ,  რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვიშალა ხელი, ვეღარ გადავადგილდით ვერც წინ,  ვერც - უკან. მდინარე თანდათან იმატებდა.. ჩვენ მივხვდით, რა საშიშროების წინაშეც ვდგებოდით.    წყალმა ავტომობილების ამოწევა დაიწყო.. მანქანები წყლის სიმძლავრემ ერთმანეთს შეაჯახა. ჩვენი მანქანა, წამებში წყლით აივსო, რამდენიმე მანქანა წლის დინებამ დააჯახა, რის შედეგადაც სამაშველო მანქანა დაზიანდა და მისი გამოყენება აღარ შეიძლებოდა. მხოლოდ თოკების გამოტანა მოვახერხეთ,   გადმოვედით და დავიწყეთ ხალხის ევაკუაცია. გამოვიძახეთ დამატებითი ბრიგადა. იყო პანიკა, წივილი-კივილი. ძალიან რთულია ასეთ მდგომარეობაში ადამიანებს სიმშვიდისკენ მოუწოდო. თუმცა, ვცდილობდით ხალხის დამშვიდებას. ზოგი გვიჯერებდა, ზოგი - არა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს მითითებებს ასრულებდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც არ გვემორჩილებოდა.  ზოგს მანქანის დატოვება არ უნდოდა, ზოგს - თანხის. მიიწევდნენ გატაცებული მანქანებისკენ, რაც გვირთულებდა სამუშაოებს.

იყო ერთი შემთხვევა, სადაც გაგვიჭირდა სამუშაოების ჩატარება. მანქანაში სამი ახლგაზრდა იჯდა. ვთხოვეთ, დაეტოვებინათ ავტომობილი, თუმცა არ დაგვემორჩილნენ. ამ დროს, მდინარის დიდი ნაკადი მოვარდა და ავტომობილს  ჩქარი დინებისკენ მიაცურებდა. სამაშველო თოკების მეშვეობით დავაბით  მანქანა  განათების ბოძზე და დავიწყეთ დაბმული მანქანიდან ევაკუაცია. ძალიან  გაგვიჭირდა, თუმცა ექსტრემალურ სიტუაციაში მაინც მოვახერხეთ სამივე ახალგაზრდის  ამოყვანა.

იყო პირონება, რომელიც ჩაკეტილი იყო  მანქანაში: ყვიროდა, ღრიალებდა, ტიროდა.. ისეთ პანიკაში იყო, კარს ვერ აღებდა, თითქოსდა შეეგუა სიკვდილს. ვეუბნებოდით, კარი გაგვიღე-თქო, ვუბრახუნედით, ვუყვიროდით, თუმცა არ რეაგირებდა.  გაოცებული იჯდა და უყურებდა მდინარეს, რომელიც წამებში დიდდებოდა.  ბოლოს მოგვიწია გაგვეტეხა კარები და ასე მოგვეხდინა მისი ევაკუაცია. ეს ყველაფერი წამებში ხდებოდა, მძაფრსიუჟეტიან ფილმში მეგონა თავი. თუმცა, იმ მომენტში არაფერზე ვფიქრობდი. ჩემი მთავარი მიზანი, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის გადარჩენა იყო. სწორედ ეს არის ჩვენი სამსახურის დედა აზრი, გადავარჩინოთ ადამიანები ", - იხსენებს ფახურიძე.

 7-კაციანი სამაშველო ბრიგადა ცდილობდა შოკში მყოფი ადამიანების  ევაკუაციას.  საზოგადოების მხრიდან გაწეულმა წინააღმდეგობამ, პანიკამ და მდინარის სწრაფმა მოქმედებამ მაშველებს სამუშაოები დაუმძიმა, რასაც ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები ართულებდა. როდესაც მაშველებმა 50-მდე ადამიანი სამშვიდობოს გამოიყვანეს, წყლის დონე საგრძნობლად იყო მომატებული. ზოოპარკი, იმ დროისთვის მთლიანად იყო დატბორილი და  უამრავი ცხოველი გალიიდან გამოქცეული. სტიქიისგან გადარჩენილებს საშიშროება ცხოველებისგან შეექმნათ. გაჩნდა ახალი საფრთხე -  მტაცებლები.

როგორც მურადი იხსენებს, სასწრაფოდ მოითხოვეს პატრულის დახმარება. საპატრულო პოლიციის მანქანებით, შექმნეს დერეფანი, შუაში მოახვედრეს სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელშიც იყვნენ გადარჩენილი ადამიანები. მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ.

„საზოგადოებაში, არსებობს მითქმა-მოთქმა იმის შესახებ,  რომ  სახანძრო-სამაშველო სამსახურებმა არ მოახდინეს დროული რეაგირება, რაც ძალიან გულსაწყვეტია. როგორ შეიძლება დახმარება არ გაგვეწია, როდესაც უშუალოდ სტიქიის დროს იქ ვიმყოფებოდით და ჩვენ გამოვიძახეთ დამატებითი ჯგუფები.  შესაძლოა, რომელიმე ეკიპაჟს რამდენიმე წუთით დაეგვიანებინა, რადგანაც  საშინლად წვიმდა.  შეიქმნა საცობებიც, თუმცა ყველა ზარზე იყო პასუხი. 1500 ზარი განხორციელდა და  აბსოლუტურად ყველაზე მოხდა რეაგირება. იმ პერიმეტრზე, სადაც სტიქია მძვინვარებდა, ყველგან   სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშობდა.

შვიდმა ადამიანმა მოვახდინეთ ორმოცდაათამდე ადამიანის ევაკუაცია. იმ მონაკვეთში ვინც იყო, ყველა ცოცხალი გამოვიყვანეთ და ამის შემდეგ ძალიან რთულია, როდესაც სალანძღავ სიტყვებს ისმენ რიგითი ადამიანებისგან,  ჟურნალისტებისგან  - თითქოსდა სამაშველო ბრიგადამ დააგვიანა. ასეთი რამ არ მომხდარა. ყველა სამაშველო ჯგუფმა სიცოცხლის ფასად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და დღემდე გაწმენდით სამაშველო  სამუშაოებებს  ვასრულებთ.  

არ შეიძლება სალანძღავი სიტყვები გამოთქვა  მათ მიმართ, ვინც  თავი შესწირეს ადამიანებს. სამწუხაროდ, დავკარგეთ  ზურაბ მუზაშვილი - 37 წლის მაშველი, რომელმაც მისი სიცოცხლე გმირულად დაასრულა. ის რამიშვილის ქუჩაზე ახდენდა ხალხის ევაკუაციას.   დაახლოებით 10-მდე ადამიანი გადაარჩინა. ბოლოს მამაკაცის დასახმარებლად მიცურავდა ჩქარი დინებისკენ, შემდეგ მორი დაეცა, რის შედეგადაც გონება დაკარგა.  იმ წამებში  მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა, რადგან მდინარემ გაიტაცა. მეორე დღეს გვამი „მზიურის“ პარკში აღმოაჩინეს.  ჩემი მეგობარი იყო, სიკვდილამდე 10 ადამიანი გადაარჩინა და ბოლოს წყალმა წაიღო. ის გმირია, ჩვენი ქვეყნის. ძალიან დიდი პიროვნება იყო.  თავის საქმის პროფესიონალი, მის წინაშე ყველა თანამშრომელი ქედს ვიხრით. ზურაბი 13 ივნისის გმირია,"- ამბობს მურად  ფახურიძე.

 დასასრულ ჩვენი რესპოდენტი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს - მსგავს ექსტრემალურ სიტუაციებში დაუჯერონ სამაშველო სამსახურს, მათ რჩევებს, მითითებებს. ეს კარგი იქნება მათივე უსაფრთხოებისთვის, რადგან წინააღმდეგობის გაწევა ზრდის რისკებს.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი