„ფორსმაჟორული“ რეორგანიზაცია ქუთაისის ბაღებში
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ააიპებში რეორგანიზაციას ატარებს. გამოცხადებული ატესტაციის მიზეზად დაწესებულებებში არსებული სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა სახელდება. ქუთაისის მერიის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ხმაურიანი განხილვა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადაწყვიტა, ააიპების ადმინისტრაციის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტაროს. ქუთაისის მერი მიიჩნევს, რომ ააიპებში რეფორმები აუცილებელია. ამ საკითხს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და განაცხადა, რომ ორგანიზაცებში გაზრდილ შტატებზე საუბარი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ქალაქის მერის განცხადებით, კონკურსი მხოლოდ ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეეხება: “კონკურსი ჩატარდება და ის არ შეეხება პედაგოგებს, სპორტისა და ხელოვნების სფეროს მუშაკებს, ტექნიკურ პერსონალს. ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს ატესტაცია“, - აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ააიპებში რეორგანიზაციის დაწყება და ატესტაცია იქ დასაქმებული ადამიანების პროტესტის მიზეზი გახდა. ქუთაისის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ეს მოულოდნელი რეორგანიზაციის გამო ისინი ატესტაციისთვის მომზადებას ვერ ახერხებენ.
ქუთაისის საბავშო ბაღების ხელმძღვანელებმა მოულოდნელ რეორგანიზაციას სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნეს: “აქ არიან ის ქალბატონები, რომლებიც ბაღების საქმიანობაზე აგებენ პასუხს და მათი საქმიანობით კმაყოფილია ქალაქი. ჩაბარებული ჰყავთ დაახლოებით 9 ათასი ბავშვი. ქალაქის მერის ინიციატივით ტარდება რეორგანიზაცია, რაშიც იგულისხმება შემცირება. საინფორმაციო ბარათში, რომელიც ჩვენ მივიღეთ, წერია: „რეორგანიზაცია შემცირების მიზნით“. ამ ადამიანების უკან მათი ოჯახები დგას“,- განაცხადა ქუთაისის ბაგა- ბაღების გაერთიანების N1 ფილიალის უფროსმა ზაალ ხონელიძემ.
ბაღების ხელმძღვანელები ატესტაციის ერთი წლით გადაწევას ითხოვენ. 26-ე ფილიალის ხელმძღვანელის თეა კორძაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ატესტაციას, ეჭვქვეშ აყენებს მათ კომპეტენციას. ააიპებში დაგეგმილ რეორგანიზაციას ხელმძღვანელთა ნაწილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს: „ჩვენ არ ვართ ატესტაციის მოწინააღმდეგეები. ჩატარდეს ატესტაცია, მაგრამ არის საუბარი, რომ ვართ „ნაციონალების“ დროს დანიშნულები და მათი მოყვანილები. ჩვენ ატესტაციით დავამტკიცებთ, რომ ჩვენი კომპეტენცია შეესაბამება იმ ადგილს, სადაც ვიმყოფებით. უბრალოდ, გვინდა გადაიწიოს ვადა“,- განაცხადა თეა კორძაძემ.
ქუთაისის ბაღების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ კარგი იქნება, თუ ტესტირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით ჩატარებული ატესტაცია უფრო სამართლიანი იქნება, ოღონდ ეს გამოცდა ერთი წლის გადავადებით ჩატარდეს. ისინი აცხადებენ, რომ „ფორსმაჟორში“ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური უფროა და ააიპებში პრობლემის გადაჭრას არ ემსახურება.
ქუთაისის ბაღების ხელმძღვანელების შენიშვნებს ქუთაისის ვიცე–მერმა ნოდარ მიქიაშვილმა უპასუხა. ის მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია ბაღებში გარდაუვალია და რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო. მიქიაშვილი განმარტავს, რომ მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ ქალაქის მერი და მერის მოადგილე ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე ატესტაციის დროს პერიოდულად საუბრობდნენ. მისი თქმით, ბაღებში რეორგანიზაციის ჩასატარებლად ახლა საუკეთესო დროა: „საუკეთესო პერიოდია კონკურსის ჩასატარებლად. ბაღებში სწავლა დასრულებულია. გამგეები გაცილებით უკეთ უნდა იყვნენ მომზადებულნი, ვიდრე გარეშე პირები. სანამ სწავლა დაიწყება, ბაღები უნდა დაკომპლექტდეს. ჩვენ ვთავაზობთ ყველას, რომ კონკურსამდე არავინ გათავისუფლდება სამსახურიდან. ვინც ზღვარს გადალახავს, გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, რეორგანიზაცია აქამდე არსებული სიტუაციის გამოსაწორებლად ტარდება. თუმცა, რა არის გამოსასწორებელი, ქალაქის ვიცე–მერს, არ დაუკონკრეტებია. ჯერ არც ისაა ცნობილი, ვინ ჩაუტარებს ტესტირებას ააიპების ადმინისტრაციის თანამშრომლებს. როგორც ადგილობრივ თავითმმართველობაში განმარტავენ, დეტალები ცნობილი ერთი თვის ვადაში გახდება.
ააიპებში მიმდინარე პროცესების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება აქვს საკრებულოს "რესპუბლიკელ" დეპუტატს ნატო ქათამაძეს. მისი თქმით, ეს პროცესი ფორმალობაა და ბაღებში ხელმძღვანელებს სანერვიულო არაფერი აქვთ. თავის მოსაზრებას ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარებული რეორგანიზაციის მაგალითით ამყარებს.
„მე ზოგადად, ააიპებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი პოზიცია, აქ 90 პროცენტი იყო წინა ხელისუფლების პარტიული აქტივი დასაქმებული. არაფერი შეცვლილა. მათ კომპეტენციას ეჭვქვეშ ვაყენებ. რა თქმა უნდა, გადახალისება აუცილებელი იყო, თუმცა დიდი ცვლილება არ იქნება. თუკი შევხედავთ მერიაში დასამებულთა პროცენტულ მაჩვენებლს, რეორგანიზაციის შედეგად უმნიშვნელო ცვლილება მოხდა. ამიტომ ნუ ინერვიულებენ“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.
ზუსტი დრო ააიპი ბაღების გაერთიანებაში მოსალოდნელი რეორგანიზაციის უცნობია, როგორ მიქიაშვილი აცხადებს, ნიუანსები ერთ თვეში იქნება ცნობილი. მერიის განცხადების საფუძველზე, ატესტაციის გავლა მოუწევთ სხვა ააიპების თანამშრომლებასაც.
ავტორი: ანა ჯიქია