|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაუბრუნებენ თუ არა იძულებით ჩამორთმეულ ქონებას მოსახლეობას

საკუთრების დაცვის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების, დაზარალებულთათვის შესაბამისი კომპენსაციის მექანიზმებისა და ზოგადად, განსახლების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არქონა, ისევე, როგორც მოქალაქეთა მიერ საკუთარი უფლებების არცოდნა, დაინტერესებულ მხარეებს აძლევს საშუალებას კანონის არასწორი გამოყენებით ან ინტერპრეტაციით შელახონ საკუთრების უფლება.

სწორედ ამიტომ, 2011 წელს, ფონდის - "ღია საზოგადოება - საქართველოს" ინიციტივით და ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში". პროექტს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" და "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია" ახორციელებდნენ.

პროექტის მიზანი საკუთრების უფლების დაცვის, ამ უფლების დაცვის გარანტიების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, ასევე, საკუთრების ხელყოფის საფრთხეების შემცირება და უკვე დაზარალებული მოსახლეობისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და განსახლების პოლიტიკის შემუშავება გახლდათ.

2004-2012 წლებში ქონების იძულებით დათმობის, სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის და ჩუქების ასეულობით ფაქტია გამოვლენილი, რომლებსაც პროექტის ფარგლებში თავი მოეყარა, გაანალიზდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც შემუშავდა.

2004-2012 წლებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამორთმეული ქონებების საკითხი კვლავ ბუნდოვანია. დაზარალებულ მოსახლეობას ამ დრომდე არ აქვს კითხვაზე პასუხი - დაუბრუნებს თუ არა სახელმწიფო იძულებით დათმობილ ქონებას, ან რა სახით მოხდება მათი უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რას აკეთებს სახელმწიფო შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინების და შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.

 "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერი გია გვილავა:

- ჩვენ, ამ პროექტის ფარგლებში, გამოვითხოვეთ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ, ვინ, რა ქონება და დროის რა მონაკვეთში გადასცა სახელმწიფოს სიმბოლურ თანხად ან საერთოდ უსასყიდლოდ. ყველა ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროში ინახება. მონაცემები მოიცავს 2004 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში გახორციელებულ ტრანზაქციებს.

აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის უძრავ-მოძრავი ქონება და წილები, ასევე, მოთხოვნის უფლებები უსასყიდლოდ იყო სახელმწიფოსთვის გადაცემული, რომლის საერთო ღირებულება 100 მილიონ ლარზე და ათეულობით მილიონ დოლარზე მეტია. თუმცა, ეს არის ამ ქონების ოფიციალური საბაზრო ღირებულება. მაგრამ რეალურად შესაძლებელია, გაცილებით მეტი თანხა ყოფილიყო.

არის შემთხვევები, როდესაც ერთი ფიზიკური პირი გადასცემს 12-15 მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, უსასყიდლოდ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ასეულობით ავტომობილია სახელმწიფოსთვის გადაცემული ასევე უსასყიდლოდ, ან როდესაც დედაქალაქში არის დაფიქსირებული უძრავი ქონების გადაცემის ფაქტები. მაგალითად, დედაენის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ერთ-ერთმა პირმა, ასევე, რამდენიმე კომერციული ფართი რუსთაველის გამზირზე და ცენტრალურ ადგილებში. არის შემთხვევები, რეგიონებშიც, სადაც სახელმწიფოს მიწის ნაკვეთები გადაეცემოდა.

_ დარღვევა ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხში იკვეთება თუ არის გამონაკლისებიც?

_ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ ეს იყო ზუსტად ის შემთხვევები, რომლებიც გარკვეულ ზეწოლასთან იყო დაკავშირებული ფიზიკურ პირზე ან ბიზნესზე. თუმცა, ჩვენს კვლევებში ასეულობით ტრანზაქციაა მოცემული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემაა. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც თავისი სურვილით გადასცემდნენ პირები სახელმწიფოს მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში დადასტურდა, რომ ქონება პირებს იძულებით დაათმობინეს. ჩვენი კვლევის მიზანი პრობლემების აღმოჩენა იყო და ვფიქრობთ, ამას მივაღწიეთ. გამოვიტანეთ სააშკარაოზე იმ ქონების მოცულობა, რომელიც ძალიან დიდი ღირებულებისაა და უსასყიდლოდ არის გადაცემული სახელმწიფოსთვის.

_ მიმართეს თუ არა ამ პირებმა სახელმწიფოს ქონების დაბრუნების მოთხოვნით 2012 წლის შემდეგ?

_ ჩვენ ცალკე დაგვიკავშირდა რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც მიმართეს პროკურატურას განცხადებით. თუმცა, რა შედეგი დადგა, ეს ინფორმაცია აღარ გვაქვს. ასევე, ჩვენც გვქონდა რამდენიმე ფაქტზე განცხადება პროკურატურაში შეტანილი _ ეს ეხება ანაკლიის, საირმისა და გონიოს ტერიტორიებზე გახორციელებულ ტრანზაქციებს. გამოვაქვეყნეთ კიდეც პატარა ვიდეოკლიპი, სადაც დაზარალებულები პირდაპირ საუბრობენ ზეწოლაზე, რომ მათ მუქარით აიძულეს სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქება, თუმცა, არცერთ ამ ფაქტზე პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ გვინახავს. არც კი ვიცით, დღეს გამოძიების რა ეტაპზეა ეს საქმეები.

_ აღნიშნული საკითხით მთავარ პროკურატურაში შექმნილი დეპარტამენტი არ დაინტერესდა?

_ სანამ მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნებოდა, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა პროკურატურასთან. მაშინ ოფიციალურადაც აცხადებდნენ, რომ მიმდინარეობდა საქმეების გამოძიება, თუმცა, საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე, ის დროში ჭიანურდებოდა. ახალ დეპარტამენტსაც, დაახლოებით, იგივე პასუხი აქვს, რადგან ძალიან ბევრი საქმეა მათ წინაშე. როდის მიენიჭება ამ საქმეებს პრიორიტეტი ან როდის მოუწევს გამოძიება, არ ვიცით. მათ მიერ რამდენიმე საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადება ძალიან ცოტაა, რადგან პრობლემა რეალურად გაცილებით მეტია.

_ დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებდა. თუ არის საქმე წარმოებაში მიღებული და რა ეტაპზეა ის?

_ რამდენიმე საქმე არის წარმოებაში მიღებული. ერთ-ერთი ანაკლიის საქმეზე, სადაც პირს 48 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს. ქონების ჩამორთმევა ამ შემთხვევაში განსხვავებული ფორმით მოხდა. საკუთრების უფლება ნამდვილად შეიზღუდა და ამ ადამიანმა ეს საქმე ორი წლის წინ სტრასბურგში გაასაჩივრა. ეს პროცესი ჯერ არ მიმდინარეობს. კიდევ არის რამდენიმე საქმე, რომელიც საია-მ გააგზავნა ევროსასამართლოში. ხშირად იყო ის პრობლემებიც, რომ სასამართლო სისტემის გავლით ვერ ხერხდებოდა დარღვეული უფლების აღდგენა. ძალიან ბევრმა არ იცოდა პროცედურები, არ ჰქონდათ გასაჩივრების რესურსი და ვადები გაუშვეს, რის გამოც პროცესები წაგებული აქვთ. მათ ამის შემდეგ ვერ ან არ გაასაჩივრეს სტრასბურგში. თუმცა, ეს ადამიანები რეალურად დაზარალდნენ. ეს პრობლემა, განსაკუთრებით რეგიონის მოსახლეობას ეხება.

_ რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ პროექტის ფარგლებში და შემდგომ გაცემულ რეკომენდაციებს, რამდენად ითვალისწინებს მათ ახალი ხელისუფლება?

_ ამ კუთხით ძალიან ბევრი რეკომენდაცია არსებობს, მათი დიდი ნაწილი ექსპროპრიაციას ეხება. ამ კუთხით, კანონზე რეალურად მუშაობა, რამდენადაც ვიცი, არ მიმდინარეობს და ისევ ის კანონი გვაქვს, რაც წლების განმავლობაში იყო. რაც შეეხება სხვა რეკომენდაციებს, ძირითადად, ჩვენი მოთხოვნა იყო გამოძიება დაწყებულიყო და აღდგენილიყო ხალხის უფლებები. თითქოს გადაიდგა ნაბიჯები მთავარ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნით, მაგრამ, ჯერჯერობით, შედეგი არ გვაქვს. გასაგებია, რომ ბევრი საქმეა, მაგრამ ამ დეპარტამენტის შემთხვევაში, არ ვიცით, როგორ და რა საქმეებს ანიჭებენ პრიორიტეტს, ვინ წყვეტს ამას და რატომ არის ეს საქმეები ნაკლებმნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, რეკომენდაციების დიდი ნაწილი ძალაში არ არის.

პრობლემების ნაწილი ეხება ექსპროპრიაციას, ნაწილი _ განსახლების პრობლემას, საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ა. შ. ამ კუთხით უზენაეს სასამართლოს აქვს კარგი პრაქტიკა და ნაწილობრივ ეს მოგვარებულია, თუმცა, საკანონმდებლო დონეზეც უნდა მოგვარდეს. ეს პრობლემა ყოველთვის იქნება, თუ კანონმა არ გაითვალისწინა და მიწის კადასტრი და საჯარო რეესტრის მუშაობის პრინციპი ამ კუთხით არ გაუმჯობესდა.

_ რეალურად რამდენად არის შესაძლებელი, დაზარალებულ პირებს სახელმწიფომ ზიანი აუნაზღაუროს?

_ ამაზე საუბარი ახლა ძალიან რთულია. ჩვენ ჯერ ის პრობლემა გვაქვს, რომ რეალურად არ ვიცით, რამდენი ადამიანია დაზარალებული _ ეს არავის დაუთვლია. შესაბამისად, არ ვიცით, რა თანხაა საერთო ჯამში კომპენსაციის სახით გაცემული. ის, რაც ჩამოერთვათ, გასაგებია, მაგრამ მარტო უძრავი ქონებაც არ არის პრობლემა. თუ დადასტურდა სახელმწიფოს, პროკურატურის, სამართალდამცავების ჩარევა, მაშინ გამოდის, რომ ეს ზიანი უნდა აანაზღაურონ. თუ დიდ თანხაზეა საუბარი, მაშინ რამდენად არის სახელმწიფო ამ ზიანის ანაზღაურებისთვის მზად? თეორიულად, შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა, პრაქტიკულად რამდენად გახორციელდება ეს ყველაფერი, ძალიან ძნელი სათქმელია.

 

კომიქსის ავტორი რუსუდან ხიზანიშვილი

 

მასალა მომზადებულია პროექტის _ "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში" _ ფარგლებში.

 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველო".

პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდის შეხედულებებს.


 

ავტორი: ნიუპრესი