"ცხელი ზაფხული და „დასვენება ქუთაისურად“
სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დასრულდა. რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდები თავიანთ კუთხეებს დაუბრუნდნენ. ადგილობრივების უმეტესი ნაწილიც, როგორც ყოველთვის, ცხელ დღეების გატარებას ქალაქიდან მოშორებით, მთის ან ზღვის კურორტებზე ამჯობინებს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებენ. „ნიუპრესი“ დაინტერესდა, სად და როგორ შეიძლება დაისვენო ქალაქიდან გაუსვლელად.
ზაფხული გამორჩეულად
ცხელი ამინდებით არ დაწყებულა. წვიმიანი ივლისის მიუხედავად, მოლოდინი იმისა, რომ აგვისტოში
მაინც „გამოიდარებს“, ძალაში რჩება. აგვისტოს
ცხელი დღეების შესახვედრად ადგილობრივების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. ზღვაზე, მთაში
თუ მშობლიურ სოფელში დასვენება ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, როგორც ქუთაისში იტყვიან, ყველაზე „იაფი“ დასვენება საკუთარ სოფელში გამოდის.
„თან შრომობ, თან ისვენებ“, მაგრამ... რა უნდა გააკეთონ მათ, ვინც ქალაქიდან გასვლას
რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებენ?
ჩვენ თვალი გადავავლეთ
ამ მხრივ ქალაქის „შესაძლებლობებს“. ისინი,
ვინც დასვენებას ოჯახთან ერთად ამჯობინებენ, ან საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გატარება სურთ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ „გაბაშვილის
გორას“ ირჩევენ.
"მე და ჩემი მეგობრები ხშირად ამოვდივართ პარკში, მაგრამ ატრაქციონებით არ ვსარგებლობთ. უბრალოდ ისე ვისვენებთ, ნაყინს მივირთმევთ. ატრაქციონები რაც არის, არც ისე სახალისოა. როცა სტუმრად ახლობლის ბავშვები მოდიან ატრაქციონებზე ისინი მოგვყავს. ჩვენ უბრალოდ ვზივართ და ისე ვისვენებთ. შუა აგვისტოში ჯობია სადმე მდინარეზე წახვიდე", - ამბობს ნათია ხურციძე.
საზაფხულო სეზონთან
დაკავშირებით პარკის დირექტორს კახა კუხიანიძეს ვესაუბრეთ. „პარკი 2008 წელს გაიხსნა. განახლდა ყველა ატრაქციონი,
რესტავრირება ჩაუტარდა ე.წ. „ეშმაკის ბორბალს“. ყველა ატრაქციონი უსაფრთხოა. ჩვენი
პარკი ძირითადად საოჯახო დასვენებისთვისაა განკუთვნილი“, - ამბობს კახა კუხიანიძე.
პარკის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ მოთხოვნა დაბალია, შესაბამისად თავს იკავებენ
სიახლეების შემოტანისგან. „ბოლო 2 წელია შემცირებულია პარკში დასვენების მსურველთა
რაოდენობა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ქვეყანაში მოსახლეობას ეკონომიკურად უჭირს. ამიტომ
ვერ ახერხებენ, თუნდაც კვირაში ერთხელ ამოვიდნენ თავიანთ ბავშვებთან ერთად. სამწუხაროდ,
არ არის ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანის გონება დასვენებისკენ იყოს გადართული“,- აღნიშნა
კახა კუხიანიძემ.
რაც შეეხება ტარიფებს,
ამბობს, რომ მინიმალურია. თუმცა პარკის დირექტორის თქმით, ელექტროენერგიის ღირებულების
გაზრდის შემთხვევაში, გამორიცხული არაა, ატრაქციონების ღირებულება გაიზარდოს. „არ გვინდა
ფასების გაზრდა, მაგრამ თუ ელექტროენერგიის ღირებულება გაიზრდება, მოგვიწევს კალკულაციის
გაკეთება.ვერ ვმუშაობთ მოგებაზე. პარკი მოგებას მაშინ მიიღებს, როცა გაივსება. ჩვენ
კიდევ 2 ბავშვიც რომ მოვიდეს,
ვალდებული ვართ ატრაქციონები ჩავრთოთ. წლიური ბრუნვა დაახლოებით ნახევარი მილიონია,
ყოველ შემთხვევაში ასე იყო აქამდე. წელს, ალბათ,
ასეც არ იქნება. აქტიური სეზონი უკვე გასულია. მაისი, ივნისი და ივლისის შუა
რიცხვების შემდეგ უფრო კლებულობს მომხმარებელთა რაოდენობა. ამ თვეებში კი არც ამინდი
იყო შესაფერი დასვენებისთვის“, - განაცხადა კახა კუხიანიძემ.
„ბესიკ გაბაშვილი პარკის“ გარდა ქუთაისში კიდევ ერთი პარკია- „მოსწავლე ახალგაზრდობის“.
„მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკი“ , განსხვავებით „გაბაშვილის
პარკისა“ ქალაქის ბიუჯეტიდან 195 000
ლარით ფინანსდება. დაფინანსების დიდი
ნაწილი 121 000 (62 %) სახელფასო ფონდზე იხარჯება. პარკს 22 თანამშრომელი ჰყავს.
პარკის დირექტორი
გიზო თავაძე ამბობს, რომ პარკს უამრავი დამსვენებლი სტუმრობს. ზაფხულის ცხელ დღეებში
გაგრილებისა და დასვენებისთვის ამ ადგილს თითქმის მთელი ქალაქიდან სტუმრობენ. განსაკუთრებით
ავანგარდის, ნიკეას, ჭავაჭავაძისა და გუგუნავას ქუჩების მცხოვრებლები. დამსვენებლებს შორის არიან უცხოელებიც.
პარკში ხალხმრავლობას რამდენიმე უფასო ატრაქციონიც განაპირობებს: "დახუთულ სიცხეში სახლში ყოფნას ჯობია აქ გამოვიდე. შვილიშვილები მომყავს. ბავშვები ატრაქციონებზე ერთობიან, თან ვადევნებ ბავშვებს თვალს თან ვისვენებ. მეტი უკეთესი ადგილი არ არის დასავენებლად ქუთაისში, ხალხიც იმას ჯერდება რაც არის. უკეთესი რომ იყოს უკეთეს ადგილზე წავიდოდნენ. აუზია თაბუკაშვილზე, მაგრამ იქ ხშირად ვერ დაგვყავს ბავშვები. სადაა მაგდენი ფული. ამიტომ ასე გვირჩევნია ", - ამბობს ლეილა ლომაძე.
პარკში ხალხმრავლობას
დირექტორი მოწერიგებულ გარემოს და უფასო ატრაქციონებს უკავშირებს. მისი თქმით, ეს ადგილი
ქალაქის „ფილვებია“:
“საღამოს პარკი
მთლიანად სავსეა. მოდიან ოჯახებით, ბავშვები მოჰყავთ. დავდგით 70-მდე ძელსკამი. გაითიბა
პარკის ტერიტორია, შეთეთრდა ხეები. 6 ათასი
ხეა აქ, ძირითადად კედრის ხეები, წიწვოვანი და ფაქტიურად, ეს ქალაქის ფილტვებს წარმოადგენს.
რაც შეეხება ატრაქციონებს, გვაქვს როგორც ფასიანი, ისე უფასო ატრაქციონები - ასეთი სულ ოთხია. გარდა ამისა,
რესტავრაცია ჩაუტარდა „მატარებელს“,
ავტოპარკს, კარუსელებს. ისინი იჯარითაა გაცემული 6 თვის ვადით. ატრაქციონები
ზამთარში არ მუშაობენ. ფასები საკმაოდ დაბალია
- 50 თეთრი. ერთი ატრაქციონი ღირს
მხოლოდ 1 ლარი. წელს კიდევ 2 ახალი საბავშვო ატრაქციონი დავამატეთ.
ვცდილობთ, ყოველ წელს განვაახლოთ პარკის ატრაქციონები და შევამატოთ ახალი“, - ამბობს
გიზო თავაძე.
პარკის ყოველწლიური შეოსავალი 3-4 ათასია. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ქვაფენილების დადგმის თხოვნით მიმართეს. გიზო თავაძის თქმით, ფილაქანის დაგება შეიძლება წელსვე მოხერხდეს.
ავტორი: ანა ჯიქია