|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავა "რუსთავი 2"-სთვის: კერძო თუ პოლიტიკური ინტერესი?

არასამთავრობო ორგანიზაციებმა (მედიის განვითარების ფონდი - MDF საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS ტოლერანტობისა და მარავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI) ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საკუთრებასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოში ყველაზე რეიტინგული, კერძო ტელეკომპანიის სრულფასოვან ფუქნციონირებას. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე დააყადაღა ტელეკომპანიის ქონების ნაწილი. ამ დრომდე კომპანიის თანამესაკუთრეობაზე და მოსალოდნელ სამართლებრივ დავაზე არაერთ პირს განუცხადებია, მათ შორის არა მხოლოდ ტელეკომპანიასთან უშუალოდ დაკავშირებულ, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო კრიტიკის საგანი. ამ ფონზე, უშუალოდ კომპანიის მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე ქმედებები პირველად განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ დავას აქვს კერძო სამართლებრივი ხასიათი, ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ამ პროცესის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით კიდევ უფრო მყარდება. საქართველოში მედიის თავისუფლების და პლურალიზმის განვითარებისათვის აუცილებელია, ამ ეჭვის გაქარწყლება, რისთვისაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს და ტელეკომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. მოვლენების ასეთი განვითარება განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება, აღმოჩნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რა დროსაც სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნვესაყოფად პლურალიზმს და მოსაზრებათა მრავალფეროვნებას დემოკრატიული პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ და ყურადღებით დააკვირდებიან "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მოვლენების განვითარებას".

ავტორი: ნიუპრესი