|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 პროფესია, რომელთა წარმომადგენლებსაც უმუშევრობა არ ემუქრებათ

 გლობალური განათლების სისტემა ნელ-ნელა იცვლება. მომავალი სტუდენტები პროფესიის არჩევისას სულ უფრო პრაგმატულები ხდებიან და „მყვირალა სახელწოდებიანი“, ე.წ. ზე-პოპულარული პროფესიებისგან განსხვავებით, სამომავლო მიზნებზე მორგებულ პროფესიას ირჩევენ.

ძალიან მიმზიდველია დილერების, ჯობერების, ფინანსური ანალიტიკოსების, მაღალტექნოლოგიურ ინჟინრების და სხვა მსგავსი პროფესიები, მათ პროფესიით დასაქმების შემთხვევაში, კოლოსალური ხელფასები და პრემიები აქვთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გასულ წლებში ამ პროფესიებს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი აბიტურიენტი ირჩევდა, მათგან წარმატებული კი, განსაკუთრებით გაზრდილი კონკურენციის პირობებში, ძალიან ცოტაა. მსგავს პროფესიებზე მეოცნებე ახალგაზრდები ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებიან და სწავლაზე მინიმუმ 5-7 წლის, ასი ათასობით დოლარისა და ნერვების დახარჯვის მერე, სხვა პროფესიაზე გადაწყობაც ძალიან უჭირთ. ბევრი უკვე მიხვდა, რომ ჯობს სასურველი პროფესია თავიდანვე იმ სფეროებში შეარჩიოს, სადაც არც განსაკუთრებულ უნარებსა და არც განაკუთრებული ხარისხის დიპლომს არავინ გთხოვს და ანაზღაურებაც მაღალია. მაგალითისათვის, აშშ-ში გამოქვეყნდა იმ 8 პროფესიის სია, რომელთა მისაღებად უმაღლესი განათლება არაა საჭირო. ამავე დროს, ეს პროფესიები ძალიან მაღალშემოსავლიანი და მაღალმოთხოვნადია. ამ პროფესიების დასაუფლებლად არათუ ბაკალავრის დიპლომი, ხშირად მოკლევადიანი კურსების გავლაც კი საკმარისია, რაც უამრავ დაზოგილ დროსა და თანხას ნიშნავს. ყველაფერთან ერთად, სტუდენტს გარანტიაც აქვს, რომ რომელიმე პროფესიიდან ერთ-ერთის არჩევისას, მინიმუმ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში არაფერი ემუქრება, შეუძლებელია ამ პროფესიებზე მოთხოვნა 21-ე საუკუნეში შემცირდეს. მსგავსი პროფესიების სიაში პირველი ვებ-დეველოპერია.

  როდესაც ვებგვერდებზე „დაძვრებით“, გიფიქრიათ თუ არა ადამიანზე, ვის მიერაც ეს ყველაფერია შექმნილი? ვებ-დეველოპერის ფუნქციაში შედის საიტის დიზაინის გადაწყვეტა, მისი შემუშავება და საბოლოო სახის მიცემა. მათ კომპეტენციაში ასევე შედის, საიტის მართვა და შესაძლო პრობლემების გადაჭრა. აშშ-ს შრომის დეპარტამენტის პროგნოზის მიხედვით, ვებ-დეველოპერების ვაკანსიები 2012 წლიდან 2022 წლამდე 20%-ით გაიზრდება. ციფრული ეპოქის ხანაში რთული მისახვედრი არაა, რომ იგივე ტენდენციები იქნება მსოფლიოს დანარჩენ ნაწილშიც. სმარტფონების, ტაბლეტებისა და მსგავსი მოწყობილობების ბუმი იმაზე მიუთითებს, რომ ვებ-დეველოპერის პროფესია კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური. ელექტრონული კომერცია და ვაჭრობა სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც ასევე განაპირობებს კომპანიებისთვის კარგი ვებ-გვერდების საჭიროებას. განსაკუთრებით აქტუალური მობილური აპლიკაციების შექმნა ხდება. „მონაცემებზე სწრაფი წვდომისა და ელექტრონული მომსახურების სერვისის საჭიროება ვებ-დეველოპერებზე მასობრივ მოთხოვნას ქმნის“ ,– აცხადებენ სპეციალისტები. ამ პროფესიის შესაძენად კი მოკლევადიანი სერთიფიკატის კურსები სრულიად საკმარისია.

  სიაში მეორე ფარმაცევტის ტექნიკური დამხმარის პროფესიაა. იმის ნაცვლად, რომ სამედიცინო კოლეჯში წლები ისწავლოთ, ამ პროფესიის დასაუფლებლადაც რამდენიმე თვეა საკმარისი. ისინი ლიცენზირებულ ფარმაცევტებს ეხმარებიან წნევის გაზომვაში, რეცეპტების მიხედვით წამლების გაცემაში, მათ შეფუთვაში, აღჭურვილობის მოწესრიგებაში და მომხმარებელთა შეკითხვების პასუხსა და ინფორმირებაში. ისევე როგორც ვებ-დეველოპერების შემთხვევაში, ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა 2022 წლამდე 20%-ით გაიზრდება. მზარდი მოთხოვნის მიზეზი მოსახლეობის ზრდაა, რომელთა მხრიდანაც სულ უფრო იზრდება მედიკამენტებსა და პირველად სამედიცინო კონსულტაციაზე მოთხოვნა.

სხვადასხვა გამოკვლევების მიხედვით, ამერიკელთა 70% ერთ წამალს მაინც მოიხმარს ექიმის მიერ დანიშნულს, მათი ნახევარი კი ორ და მეტ მედიკამენტსაც. ამიტომ აფთიაქების წინ რიგები სულ უფრო იზრდება.

  იმ პროფესიებს შორის, რომლებიც კვალიფიკაციის დაბალ დონეს მოითხოვენ, მოთხოვნა კი საკმაოდ მაღალია, მესამე ადგილზე გამათბობლების, კონდიციონერებისა და მაცივრების შემკეთებლის პროფესიაა. დღევანდელი ცივილიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ტემპერატურის კონტროლია. გამათბობლები უზრუნველყოფენ სითბოს ზამთარში, გამაგრილებლები კი სიგრილეს ზაფხულში. მაცივრები კი ჩვენს პროდუქტს უსაფრთხოდ ინახავენ. მათი შემკეთებელ-მემონტაჟეების პროფესიაც შესაბამისად მოთხოვნადია. მათ მოვალეობებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი დაემატა – მომხმარებელთა ინფორმირება ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით. ამ პროფესიაზე მოთხოვნის ზრდა 2022 წლისთვის 21%-ს შეადგენს. მათზე მოთხოვნას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ თითქმის ყველა სახლსა თუ საოფისე შენობაში არის დამონტაჟებული გამათბობელი ან კონდიციონერი. ამასთანავე, ბევრი მსგავსი მოწყობილობა მინიმუმ 10-15 წელში საჭიროებს განახლებას ან სრულიად გამოცვლას, რაც დამატებით სამუშაოს ნიშნავს. ამ პროფესიის შეძენას კი ბაკალავრის ხარისხი სულაც არ სჭირდება.

მეოთხე პროფესია დიაგნოსტიკური სამედიცინო სონოგრაფიაა. ამ პროფესიას თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში უმაღლესი კვალიფიკაცია არ სჭირდება, რადგან დიაგნოზის დასმა თანამედროვე აპარატების საშუალებითაა შესაძლებელი, მთავარია მათი მოხმარება ვიცოდეთ. ამ პროფესიაზე მოთხოვნა 2022 წლისთვის, რეკორდულად, 46%-ით გაიზრდება. პროფესიაზე მოთხოვნის ზრდა ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა, დიაგნოზის დასასმელად ექიმის ინსტიტუტს ნელ-ნელა ანაცვლებს ტექნიკური მოწყობილობები, რომელთა მართვაცაა საჭირო. ამ მართვის შესწავლისთვის კი სპეციალური კურსების გავლაც საკმარისია უმაღლესი განათლების მიღების გარეშე.

  სულ უფრო პოპულარული ხდება სამშენებლო მენეჯერის პროფესია. შენობები და ცათამბჯენები რომელსაც თვალი ასე შეეჩვია, თავისით არ შენდება. სამუშაო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი არიან სამშენებლო მენეჯერები. ამ პროფესიაზე მოთხოვნა 2022 წლისთვის 16%-ით გაიზრდება. მოთხოვნის ზრდას განსაკუთრებით წინასწარმეტყველებენ მომდევნო 5-10 წლის განმავლოაბში, რადგან კომერციული პროექტების ბუმია მოსალოდნელი. „ეკონომიკის გაჯანსაღებასთან ერთად, მოსალოდნელია კომერციული ფართების, საცხოვრებელი სახლების, სავაჭრო მოლების მშენებლობების მატება, რაც ლოგიკურად ზრდის მოთხოვნას სამშენებლო მენეჯერებზე“, – აცხადებენ სპეციალისტები. ამ სფეროში მუშაობის უფლების მოსაპოვებლად კი მოკლევადიანი ლიცენზირებული კურსების გავლა სრულიად საკმარისია.

   2022 წლამდე 11%-ით გაიზრდება  ბუღალტრებისა და აუდიტორების დამხმარე პერსონალზე მოთხოვნა. არც ამ პროფესიას სჭირდება უმაღლესი განათლება. მათი მთავარი მოვალეობა ქვითრების, ვაუჩერებისა და ნაღდი გადახდების აღრიცხვა-გატარებაა. მათ მოვალეობაში ასევე შედის მონაცემების კომპიუტერულ პროგრამებში შეყვანა და ანგარიშის ტექნიკური მომზადება. ეს პროფესია სულ უფრო აქტუალური ხდება კომპანიებისთვის, რომელთაც ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შემდეგ რეგულატორები მეტ მოთხოვნებს უწესებენ.

გიყვართ იურისპრუდენცია, მაგრამ არ გხიბლავთ უმაღლეს სასწავლებლებში წლების გატარებისა და ასეული ათასი დოლარის დახარჯვა? მაშინ იურისტის დამხმარის პროფესია სათქვენო ყოფილა. მათ მოვალეობაში შედის კვლევების ორგანიზება, დოკუმენტაციის მომზადება-ორგანიზება. ისინი ასევე აწარმოებენ მოპალარაკებებს კლიენტებთან. 2022 წლამდე ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა 17%-ით გაიზრდება. ძვირადღირებული იურისტების დაქირავების ნაცვლად, კლიენტები იურიდიული კონსულტაციის მისაღებად ხშირად ამ პროფესიის ადამიანებს მიმართავენ, რომელთა მომსახურებაც გაცილებით იაფი ჯდება. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა სტომატოლოგის ჰიგიენისტის პოზიციაზე. სტომატოლოგის ლიცენზიის მოპოვება ძვირადღირებული და გრძელვადიანი შრომაა, რასაც ვერ ვიტყვით მათ დამხმარე პერსონალზე. ამ პოზიციაზე მოთხოვნა 2022 წლისთვის 33%-ით გაიზრდება.

 
წყარო: ჟურნალი "საქართველოს ეკონომიკა"

ავტორი: ანა ჯიქია