|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსახიობთა მოთხოვნები და ოპერის თეატრის ხელმძღვანელების პასუხები

გასულ კვირას ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრი და მუსიკალური დარბაზი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ამის მიზეზი არ გამხდარა კლასიკური სპექტაკლის პრემიერა დრამატული კონფლიქტით. თეატრალურმა კონფლიქტმა სცენიდან სხვა სივრცეში გადმოინაცვლა და ყოფითი შინაარსი მიიღო.

ოპერის დასის რამოდენიმე მსახიობმა ეჭვქვეშ დააყენა თეატრში არსებული მართვის სისტემის ეფექტურობა, აღნიშნული არაეფექტურობა, მათი თქმით, გამოიხატება დაბალ ხელფასებში, რეპერტუარის სიმწირეში - თვეში მხოლოდ ორი სპექტაკლის არსებობაში, დირიჟორის მომღერლებთან ნაკლებ მუშაობაში, ხელოვნურად გაზრდილ შტატებში და გამქრალ ინვენტარში.

მოთხოვნებსა და ბრალდებებს ორი ადრესატი ჰყავდა: ოპერის თეატრის მმართველი როზა დვალიშვილი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.

თეატრის ხელმძღვანელები ბრალდებების  დიდ ნაწილს უსაფუძვლოს უწოდებენ, რამოდენიმეს სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან, თუმცა დასის მოპროტესტე წევრებს ერთ საკითხში ეთანხმებიან, ეს საკითხი დაფინანსებაა.

„მეც ვეთანხმები, რომ დაფინანსება უფრო მეტი უნდა იყოს“, - ამბობს რევაზ ჯავახიშვილი.

„1 200 ათასზე წარვადგინეთ ოპერის ბიუჯეტი, მივიღეთ - 730 ათასი, თუმცა არის დაპირება, თანადგომის  ნიშნები სამინისტროსგან, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ესაა“, - აღნიშნა როზა დვალიშვილმა.

მაგრამ, სანამ სამინისტროს დაპირებები ამოქმედებულა, მანამდე როზა დვალიშვილმა ყველა დაინტერესებული პირი მიიწვია წამოჭრილ კითხვებზე პასუხების მისაღებად. „ყველა დაინტერესებული პირი მოვიწვიე, მათ შორის გუნდის წევრი ის ქალბატონიც, რომელიც ამ ბრალდებებს აყენებს. პასუხს აგებენ, თუ მათი ბრალდებები გამქრალ როიალსა და სარკეებზე არ დადასტურდება. გუნდში შევალ და ვაპირებ ვთქვა: თქვენ უნდა მოთხოვოთ პასუხი თქვენს კოლეგას, რომელიც ასეთ მდგომარეობაში გაყენებთ, რადგან გუნდის სახელით ლაპარაკის უფლება მას არა აქვს“, - განაცხადა როზა დვალიშვილმა.

თუმცა პროტესტანტი მსახიობების ერთი ნაწილი სწორედ უფლებების საკითხზე აქცენტირებს და „ნორმალური არსებობის უფლებას“ უსვამს ხაზს. „არაფერს მიუღებელს არ ვითხოვთ; დატვირთულად შრომას და იმას, რომ ხელფასი არ იყო სასაცილო, შევძლოთ ელემენტარულად არსებობა. ვფიქრობთ, იმ ბიუჯეტით, რაც ახლა თეატრს აქვს ამის შესაძლებლობა უნდა იყოს. არავის ინტერესებში არ შედის თეატრის უკუსვლა, მხოლოდ სხვანაირი ხედვაა საჭირო“,- აღნიშნავს მომღერალი სოფიო ბერიშვილი.

მსახიობები ამ სჭიროებათა შორის, არასაჭიროსაც მიუთითებენ, რომელიც ოპერაში რიგი შტატისა და პოზიციის სახით არსებობს. თეატრის მმართველი არც ამ შენიშვნას იღებს. „შტატები „გაბერილიაო“ რომ ამბობენ, ახალი საშტატო განრიგი დამიმტკიცა სამინისტრომ, ოდიშარიას მრჩევლებს არ მოჩვენებიათ ის „გაბერილი“, რადგან რეალური შტატები არის. თანაც, სწორედ შარშანდელი შტატები წარვადგინე ჯერჯერობით, თუმცა წერილი მივაკარი შიგა მოსმენაა და დამატებით შედეგებს გაცნობებთ და კორექტირებას განვახორციელებთ-თქო“, - ამბობს როზა დვალიშვილი.

კორექტირების შესაძლებლობას თეატრის მმართველი ხელფასების საკითხშიც მიუთითებს. „ჩვენს სოლისტებს ხელფასები აქვთ 500 ლარიდან 250 ლარამდე, მაგრამ თუკი 250 იღებ, გამოაცხადე, რომ განვვითარდი ამ წლის განმავლობაში და 500 ლარი მინდა, გამოუცხადე სხვებს კონკურსი, ჩვენ გავითვალისწინებთ მთელ ნამუშევარს, ჩანაწერები მაქვს ყველა სპექტაკლის, შევხედავთ რეზულტატს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაშინ როცა სოლისტს ვეკითხები, რამდენი საათი მუშაობთ და მას თვეში 15 საათი გამოუდის მუშაობა. ამ 15 საათში 300 ლარს იღებს. მაშინ როცა ადმინისტრაცია დილიდან 6 საათამდე მუშაობს და მსახიობებს უმზადებს ყველაფერს. ხელფასი არის მასში განივთებული შრომა და საბოლოო ჯამში რეზულტატი. რეზულტატი მაჩვენე!“, - აღნიშნავს როზა დვალიშვილი.

რეზულტატი დიდწილად დამოკიდებულია ფინანსებზეც. თეატრში აღნიშნავენ სადადგმო დაფინანსების არარსებობას. მაგალითად, სწორედ მცირე დაფინანსება განსაზღვრავს თვეში ორ სპექტაკლს. „ოპერას ზოგადად, სჭირდება  ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა. თითო, რიგითი სპექტაკლი რაღაც თანხა ჯდება: იქ ტექნიკური პერსონალია, რაღაცის დაქირავება გჭირდება, ზოგჯერ მუსიკოსის მოწვევა. როცა სპექტაკლს ცოტა მაყურებელი ჰყავს სიტუაცია წამგებიანი ხდება - მეტს ხარჯავ, ვიდრე იღებ. ამიტომ, გვირჩევნია გავუშვათ ორი ხარისხიანი სპექტაკლი და ჰყავდეს მაყურებელი, ვიდრე ხშირად  და არ ჰყავდეს“, - ამბობს რევაზ ჯავახიშვილი.

თუმცა ამ სიმცირეში განვითარების პერსპექტივის ჩახშობას ხედავს მომღერლების ერთი ნაწილი. „ოპერის თეატრში მომღერალი არის უპირველესი. თანაც ყველაზე კარგად მომღერალი იზრდება სცენაზე. როცა თვეში ორი სპექტაკლია, რამდენჯერ უნდა მოგიწიოს სცენაზე სიმღერა?! სამ ან ორ თვეში ერთხელ. ამით თუ განვსაზღვრავთ, ჩვენი პროფესიულად ზრდის საშუალება არ არის“, - ამბობს სოფიო ბერიშვილი.

ოპერაში თვლიან, რომ მომღერალთან ერთად ოპერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებელი. ნაკლებად დასწრების მიზეზებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მაყურებლის პასიურობასა და ოპერით დაინტერესების ნაკლებობაშიც ხედავს.

„ჩაატარეთ სოციოლოგიური გამოკითხვა რამდენი ადამიანი იყიდის ბილეთს და შემოვა სპექტკლზე, პრემიერა რომ გვაქვს 700 ზარი შემოდის მოსაწვევი რატომ არ გამომიგზავნეო და ერთი ადამიანი არ გეკითხება ბილეთი რა ღირსო. ზოგადად მენტალობის პრობლემაა - ჩვენ არ ვისწავლეთ ერთმანეთის შრომის დაფასება“, - ამბობს რევაზ ჯავახიშვილი.

მთავარი დირიჟორი სპექტაკლებზე დაუსწრებლობას არც ობიექტური მიზეზებით გამორიცხავს. „ერთი და იგივე ფილმს ადამიანები ხუთჯერ და ექვსჯერ არ უყრებენ, თუკი ის შედევრი არ არის. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ შედევრები არა გვაქვს, უნდა ვაღიაროთ. მაყურებელი ერთხელ მოვა, მეორედ აღარ  მოვა ერთსა და იმავეზე“,- აღნიშნავს რევაზ ჯავახიშვილი.

თუმცა მუსიკოსის თქმით ოპერით დაუინტერესებლობის პრობლემა სცილდება მხოლოდ ქუთაისის ოპერის თეატრის საზღვრებს და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს. დრომ შეცვალა ოპერისადმი დამოკიდებულება, რის გამოც „სტაბილური დასი ძალიან დიდ სახელოვან ოპერებშიც აღარ არსებობს, არსებობს ორკესტრი და გუნდი. იტალიაში უდიდესი თეატრები დგას კატასტროფის წინაშე, თავს ვერ ირჩენენ. ჩვენ ვინარჩეუნებთ დასს, კარგს ვაკეთებთ თუ ცუდს ეს კიდევ სხვა საკითხია“, - ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

კარგისა და ცუდის, უფრო ზუსტად საჭიროსა და არასაჭიროს გაგებაში ერთმანეთს ნაკლებად ეთანხმება დირიჟორი და მსახიობთა ერთი ნაწილი. ისინი მიდგომებს უწუნებენ დირიჟორსა და სამხატვრო ხელმძღვანელს და მომღერლებთან ნაკლებ მუშაობაში ადანაშაულებენ. „შარშან ცნობილი საოპერო მომღერალი თემურ გუგუშვილი გვსტუმრობდა და მან თქვა, რომ მომღერლის განვითარებისთვის აუცილებლია მისი დირიჟორთან მუშაობაო, თავის დროზე რომ არ მემუშავა ოდისეი დიმიტრიადთან და სხვა დირიჟორებთან მე მომღერლად ვერ შევდგებოდიო. მომღერლის დირიჟორთნ მუშაობა ჩვენც აუცილებლობად გვესახება“, - მიაჩნია სოფიო ბერიშვილს.

პასუხად დირიჟორი აღნიშნავს, რომ „დირიჟორი მუშაობს ინტერპრეტაციაზე, მუშაობს ხედვაზე, რადგან მუსიკა ძალიან ფართე ცნებაა...დირიჟორს არ ევალება მომღერალთან უშუალოდ მუშაობა, არ მაქვს ამის ფუფუნება. მჯერა იმ ადამიანის კო-რეპეტიტორის, რომელიც უშუალოდ მუშაობს მომღერალთან. არ შეიძლება დირიჟორი ყოველ დღე იჯდეს  მომღერალთან იმიტომ, რომ მას ფიზიკურად არ სცალია ამისათვის. მითუმეტერეს ჩემს მდგომარეობაში - მაკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა სამხატვრო ხელმძღვანელობის და იმის გარდა, რომ იქ მომღერლებთან უნდა ვიმუშაო, იქ არის ორკესტრი, იქ არის გუნდი, თანამშრომლობა ადმინისტრაციასთან. რაღაც მოლაპარაკებებში  მონაწილეობა და თეატრის განვითარებაზე ზრუნვა“.

„თუკი ბატონ რევაზს არა აქვს დრო, მაშინ მეორე დირიჟორს მისცენ იმის საშუალება რომ მეტი დიდხანს იმუშაოს ჩვენთან. თეატრმა უნდა მოძებნოს ამის რესურსი. ამბობენ, რომ მესამე დირიჟორიც გვეყოლება, ვნახოთ, ყველა პრობლემა მოგვარებადია. მთავარია ყველა მხარის ინტერესი ემსახურებოდეს თეტრის ინტერესებს“, - ამბობს სოფიო ბერიშვილი.

თეატრის ინტერესების პრიორიტეტულობაზე აქცენტირებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც.  „მუსიკოსს ხშირად თეატრი და ხელოვნება კი არ უყვარს, არამედ საკუთარი თავი ამ თეატრში. ამიტომ ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს. მთავარია არა ის, თუ რა პოზიციაზე იქნები, არამედ თეატრი როგორ განვითარდეს და წინ წავიდეს“, - მიაჩნია რევაზ ჯავახიშვილს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა