ქუთაისელები „საოცნებო" მაჟორიტარის ძიებაში
„სად არის გუბაზ სანიკიძე? იძებნება გუბაზ სანიკიძე" - ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებული ეს სტატუსები გასულ კვირას სოციალურ ქსელ facebook-ის ქუთაისელი მომხმარებლების განხილვის თემას წარმოადგენდა.
სად არის გუბაზ სანიკიძე? რას საქმიანობს მაჟორიტარი, რას ჰპირდება საკუთარ ამომრჩევლებს უკვე არჩევნების შემდეგ და რა პოზიცია აქვს პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა-არგადატანასთან დაკავშირებით? „ახალი გაზეთი" ამ კითხვებზე პასუხის მიღებას მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელისგან, გელა გაბადაძისგან შეეცადა. ჩვენ ასევე იმის გარკვევაც ვცადეთ, რამდენად იცნობენ მოქალაქეები საკუთარ მაჟორიტარს და რა მოლოდინები აქვთ მისგან.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის ბიურო გასული წლის 12 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. ბიუროში 4 ადამიანია დასაქმებული. მაჟორიტარის ბიურო მიმდინარე წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ნაცვლად ცენტრალური ბიუჯეტიდან 60 000 ლარით ფინანსდება. რაც 20 000 ლარით მეტია წინა მაჟორიტარის ბიუროს ხარჯებთან შედარებით.
გელა გაბადაძის თქმით, ამ დროისათვის მაჟორიტარ დეპუტატთან დაახლოებით 230 განცხადებაა შესული. როგორც გაბადაძე ამბობს, მოქალაქეები ძირითადად უმუშევრობას, საცხოვრებელი ფართებსა და სოციალური სახის პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. გელა გაბადაძის თქმით, მათ მოქალაქეების დასახმარებლად ფინანსური რესურსი არ აქვთ, ამიტომ ისინი შემოსულ განცხადებებს მერიის შესაბამის სამსახურში ამისამართებენ და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მოქალაქეთა წერილებზე რეაგირების პროცესს უწევენ მონიტორინგს.
გელა გაბადაძის თქმით, ზემოთაღნიშნული ფუნქციის შესრულების გარდა, ბიუროს წევრები მოქალაქეებთან გასვლით შეხვედრებს მართავენ და მათ პრობლემებსაც ეცნობიან. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს გარდა, გაბადაძე თავად მაჟორიტარის მუშაობაზეც საუბრობს. მისი თქმით, გუბაზ სანიკიძეს მოქალაქეებთან შესახვედრად კვირაში ერთი დღე, ხუთშაბათი აქვს გამოყოფილი.
„გუბაზი არის ქუთაისში, არის პარლამენტში და მუშაობს. ის ინფორმაცია, რომ თითქოს მაჟორიტარი არ სჩანს, არის აგებული რაღაც ჭორებზე. გუბაზი ყველგან ვერ იქნება და ვერ გამოჩნდება. პარლამენტშიც გადატვირთული რეჟიმი აქვს და წინასწარ ვერ დაგეგმავს შეხვედრას. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქე პარლამენტშიც გამიშვია მასთან შესახვედრად. ჩვენს მუშაობაში თუ რამ არის გასაუმჯობესებელი, გაუმჯობესდება და ქუთაისი მალე დაინახავს რას აკეთებს და ვის დაეხმარა გუბაზ სანიკიძე," - ამბობს გელა გაბადაძე.
ქუთაისის მაცხოვრებლებმა სოციალური ქსელის მეშვეობით ქალაქის მაჟორიტარის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილების განხილვაზე (სადაც ერთ-ერთ საკითხს ქალაქიდან პარლამენტის გადატანა-არგადატანის თემა წარმოადგენდა), მაჟორიტარი არ ესწრებოდა. ქალაქის აქტიური საზოგადოების ერთ-ერთი წარმომადგენლის ირაკლი ჯულაყიძის თქმით, ამ ეტაპზე ქუთაისისათვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო ქალაქის სტატუსის შენარჩუნებაა. აღნიშნულთან დაკავშირებით კი მაჟორიტარის პოზიცია მათთვის უცნობია.
ირაკლი ჯულაყიძე მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში მაჟორიტარი დეპუტატის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ქუთაისის მიმართ გაცემული დაპირებებიც აუხდენელ ოცნებად რჩება.
„ჩემი აზრით, პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა იმსჯელოს დეპუტატის გამოწვევის პროცედურებზე და იმ დეპუტატებმა, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს სათანადოდ ვერ ასრულებენ, უნდა დატოვონ ადგილები. ქუთაისისათვის დღეს მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციას მაჟორიტარის გარდა, ყველა დეპუტატი აფიქსირებს. პორტი ამ ქალაქში არ გამოდის, კოსმოდრომს ვაშენებთ ახლა და რაკეტებს გავუშვებთ ჰაერში. უყვარს ხალხს მთვარეზე გაფრენა," - ამბობს ირაკლი ჯულაყიძე.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კითხვის პასუხი თუ სად არის ქუთაისის მაჟორიტარი ისევ სოციალურ ქსელში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე იპოვეს, სადაც გუბაზ სანიკიძეს სესიის დროს სძინავს. მძინარე სანიკიძის ფოტო მიიტანა საქართველოს <
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე