|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოს რკინიგზის" აზარტული შემოსავლები

"საქართველოს რკინიგზამ" დამატებითი შემოსავლების ძიება ფართების გაიჯარებით დაიწყო. ამ მიზნით, სადგური "ქუთაისი 2"-ის კუთვნილი შენობა რკინიგზამ კაზინო "ლას ვეგასს" და ფირმა "კიდობანი 2011" მიაქირავა. თუმცა, ირკვევა, რომ ამ უკანასკნელმა, "საქართველოს რკინიგზასთან" საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან, ოფიციალური რეგისტრაცია ერთი წლის შემდეგ გაიარა.

სს "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ სარკინიგზო დანიშნულებით გამოუყენებელი ქონება შემდგომი განკარგვისთვის და შემოსავლის ზრდის მიზნით,  სს "საქართველოს რკინიგზის" შვილობილ კომპანიას გადაეცემა.

როგორც ჩანს, სააქციო საზოგადოებამ სადგური "ქუთაისი 2"–ის კუთვნილი შენობა სწორედ ასეთ გამოუყენებელ აქტივად მიიჩნია და შპს „რეილვეი პროპერტი მენეჯმენტს“ გადასცა.

შვილობილი კომპანია შპს "რეილვეი პროპერტი მენეჯმენტი" "საქართველოს რკინიგზამ" 2009 წელს დააფუძნა, რომელსაც თავისი კუთვნილი უძრავ–მოძრავი ქონების განკარგვის უფლება მიანიჭა.

კომპანიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მითითებულია, რომ ის ორიენტირებულია საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვაზე, რითაც ხელს უწყობს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.

ბიზნესის განვითარების მიზნით შპს "რეილვეი პროპერტი მენეჯმენტმა" 2010 წელს საჯარო აუქციონი ჩაატარა. აუქციონში გამარჯვებულ პირად შპს "კოდობანი 2011" გამოცხადდა, რომელსაც სადგური "ქუთაისი 2" ათწლიანი იჯარით გადაეცა.

"კოდობანი 2011"–ს  უფლება მიეცა ქვეიჯარით მესამე პირზე გაეცა იჯარით აღებული ობიექტი ან ობიექტის ნაწილი. ამ მიზეზით "კიდობანი 2011"–მა ვაგზლის ტერიტორია მესამე პირს, კაზინო "ლას ვეგასს", გადასცა ქვეიჯარით.

სს "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ კაზონოს არსებობის შესახებ ინფორმაცია იმ მიზეზით არ აქვთ, რომ ხელშეკრულება მათი მხრიდან მოიჯარის ბიზნეს საქმიანობაში ჩარევას არ ითვალისწინებს.

სლოტ–კლუბ კაზინოთა ქსელი "ლას ვეგასის" ორი დაწესებულება ქუთაისში 2000 წლიდან ფუნქციონირებს. კაზინოს წარმომადგენლები ამ საკითხით ჩვენი დაინტერესების გამო გაღიზიანდნენ და აგრესიული ტონით ინტერვიუზე უარი გვითხრეს.

"საქართველოს რკინიგზისა" და მისი შვილობილი კომპანიის მონაცემებით, ხელშეკრულება "კიდობანი 2011"–თან 2010 წლის 30 სექტემბერს გააფორმდა. თუმცა, როგორც გაირკვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიცილური მონაცემების მიხედვით, "კოდობანი 2011" სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღად 2011 წლის 9 დეკემბერია მითითებული. ამ ფაქტთან დაკავშირებით შპს "რეილვეი პროპერტი მენეჯმენტში" კომენტარს არ აკეთებენ. "საქართველოს რკინიგზაში" კი აცხადებენ, რომ ამ გარიგებით მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღეს.

ირკვევა, რომ ყოფილი სადგურის ტერიტორიაზე ახლადაგებული კომერციული ფართები  "კიდობანი 2011"–ს ეკუთვნის და 1 კვ.მ ფასი 10–20 ლარამდე მერყეობს. ფირმას ფართების დიდი ნაწილი უკვე იჯარით აქვს გაცემული.

ამჟამად, სადგურ "ქუთაისი 2"–ის ადმინისტრაცია კაზინოს მიმდებარე ტერიტორიაზე ცალკე მდგომ შენობაშია განთავსებული. აღნიშნული სადგურიდან ინტენსიურად მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები ხორცილდება. დღეში ერთხელ კი, სამგზავრო რეისი, მხოლოდ წყალტუბოს მიმართულებით სრულდება.

„სადგური "ქუთაისი 2" მხოლოდ სამგზავრო მატარებლის უსაფრთხო გადაადგილებას ემსახურება," – აღნიშნავს რკინიგზის სადგურის დირექტორი მამუკა ხვადაგიანი.

წყალტუბო–ქუთაისის სამგზავრო რეისი 40 თეთრი ღირს. იგი წყალტუბოს რაიონის იმ სოფლების მოსახლეობისათვისაა ხელმისაწვდომი, სადაც ავტოტრანსპორტი ცუდად ან იშვიათად დადის.

ავტორი: დეა მანაგაძე