|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საწვავზე ფასის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდება

ლარის კურსი საწვავის ფასებზე ადეკვატურ გავლენას ახდენს. ქართველი იმპორტიორების განაცხადებით, ეროვნული ვალუტის დაცემა თუ გაგრძელდა, საწვავზე არსებულ ფასებს ვერ შეინარჩუნებენ. რა მაჩვენებლით შეიძლება საწვავი გაძვირდეს, კომპანიებში ვერ აკონკრეტებენ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ვარაუდობენ, რომ ამ დიაპაზონში (რაშიც ლარია დოლართან მიმართებაში) საწვავი, შესაძლოა, მაქსიმუმ 5 თეთრამდე გაძვირდეს.

სავალუტო კურსის ცვალებადობის გამო საწვავმა გაძვირება მცირე ინტერვალით დეკემბრიდან დაიწყო, თვის ბოლოს კი 5 თეთრამდე მოიმატა, მაგრამ იანვრის დასაწყისში 2-3 თეთრით შემცირდა კიდეც.

როგორც იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირებამ კომპენსირება, გარკვეულწილად, ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინა, თუმცა საწვავის გაძვირება მაინც გარდაუვალი გახდა. დიდი ალბათობით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ამ ეტაპზე საწვავი გაძვირდა "ლუკოილის" ქსელში. კომპანია "ევროსუპერს" 2.22 ლარად ყიდის, "პრემიუმ ავანგარდის" ფასი 2.15 ლარია, "ევრორეგულარი" 1.99 ლარი ღირს, ხოლო ევროდიზელის ფასი 2.17 ლარს შეადგენს.

გაძვირების პირობებშიც კი ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე "ლუკოილი" პროდუქტს ყველაზე დაბალ ფასში ყიდის. შედარებისთვის, "სოკარის" ქსელში "სუპერის" ფასი 2.27 ლარს შეადგენს, "პრემიუმი" 2.22 ლარია, "ევრორეგულარი" - 2.10 ლარი, ხოლო ევროდიზელის ღირებულება 2.22 ლარს შეადგენს.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თავს იმით იმშვიდებს, რომ დოლართან მიმართებაში არა მხოლოდ ლარმა, არამედ ყველა ვალუტამ დაკარგა წონა. იგი არ გამორიცხავს, ეროვნული ვალუტის ოდნავ გაუფასურებამ საწვავის ფასზეც იმოქმედოს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს პირდაპირპროპორციულ ზრდას არ გამოიწვევს.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში, ნოდარ ხადურის განმარტებით, არა მხოლოდ ლარმა, არამედ ყველა ვალუტამ დაკარგა პოზიცია დოლართან მიმართებაში. "ლარი, დაახლოებით, 8%-ით გაუფასურდა, სხვა ქვეყნებში კი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, 20-40 ან 50%-იანი ვარდნაა...

არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ ფასები პროპორციულად გაიზარდოს. როგორც იცით, არის რიგი პროდუქციისა, რომელიც უმნიშვნელოდ გაძვირდა, მაგრამ არის ისეთიც, რომლის ღირებულებაც არ გაზრდილა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, შეიძლება კურსი არ იცვლებოდეს, მაგრამ მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ფასი შეიცვალოს", - განმარტა ხადურმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი საწვავის საცალო ფასზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

"საწვავის ფასზე მოქმედებს ორი ძირითადი ფაქტორი: პირველი - საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე "პლატცის" მიხედვით და მეორე – ლარის გაცვლილით კრუსი დოლართან მიმართებაში. 2013 წლის ბოლოს, იმის გამო, რომ ლარი იყო გაუფასურებული, მოხდა საწვავის 5 თეთრით გაძვირება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ წლის დასაწყისიდან, მართალია, ლარი გაუფასურებას განაგრძობდა, მაგრამ საერთაშორისო ფასები იყო შემცირებული და ამან, გარკვეულწილად, კომპენსირება მოახდინა, ყოველ შემთხვევაში, ფასებზე არ უმოქმედია.

გარდა ამისა, სადღესასწაულო დღეები იყო და ფასების ზრდის მიმართულებით კორექტირება არ მომხდარა. უფრო მეტიც, ბენზინი 2-3 თეთრით გაიაფდა. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, ეს დამოკიდებულია ლარის ფაქტორზეც. თუ ეროვნულმა ვალუტამ კვლავ გააგრძელა გაუფასურება, ეს, სამწუხაროდ, საწვავის ფასზე გავლენას მოახდენს.

არის მეორე ფაქტორიც - საერთაშორისო ფასებმა დაიწყოს მატება და იგი საქართველოში საწვავის საცალო ფასზე აისახოს, თუმცა ამის ნიშნები ჯერ არ არის. ვინაიდან ეს უკანასკნელი ფაქტორი ჯერ არ შეიმჩნევა, გვრჩება ლარის გაცვლითი კურსი და, შესაბამისად, საწვავის ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ 

იმერყევებს ლარი დოლართან მიმართებაში. თუ ვარდნა გაგრძელდა, ბუნებრივია, საწვავის ფასზეც იმოქმედებს", - განმარტავს მთვრალაშვილი.

საწვავის გაძვირებას კომპანია "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე პირდაპირ ლარის კურსის გაუფასურებას უკავშირებს.

"სავალუტო კურსის გავლენა არავისთვის არ არის სიახლე. ნებისმიერ იმპორტულ საქონელზე ეს არის ერთადერთი განმსაზღვრელი პირობა. ყველა გარიგებას დოლარში ვახდენთ. ასეთივე ლოგიკაა ნებისმიერ იმპორტულ ნაწარმთან დაკავშირებით. ამავე დროს, ჩვენს ინტერესებშია, ფასი მომხმარებლისთვის მისაღები იყოს. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ფასი დაიწევს, თუცმა ამის წინაპირობა ჯერჯერობით არ არის", - აცხადებს მიშველაძე.

"რომპეტროლის" კომერციული დირექტორის თენგიზ ჭიჭინაძის ინფორმაციით, კომპანია საწვავის გაძვირებას უახლოეს პერიოდში არ აპირებს.

"ლარის კურსის ვარდნა მოქმედებს ყველა სეგმენტზე, რაც იმპორტს უკავშირდება. ჩვენ საწვავს დოლარში ვყიდულობთ და სავალუტო ცვლილება ამ ბაზარზე განსაკუთრებით მტკივნეულია. თუმცა, ფასის შენარჩუნებას ჯერჯერობით ვახერხებთ. ამ მიმართულებით ცვლილებას უახლოეს პერიოდში არ ვგეგმავთ", - აცხადებს ჭიჭინაძე.

"გალფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნინო ჯიბლაძეს თქმით, კომპანიას ნავთობპროდუქტები არ გაუძვირებია, თუმცა, ლარის კურსის ვარდნის გამო, არ არის გამორიცხული, ფასის კორექტირება მოხდეს.

"მაქსიმალურად ვცდილობთ ფასების დაწევას. უკიდურესი აუცილებლობა თუ არ იქნა, ფასს შევინარჩუნებთ. ჯერჯერობით ამას შემოტანილი მარაგების ხარჯზე ვახერხებთ. თუკი ლარის გაუფასურება გაგრძელდება, ფასების გადახედვა მოგვიწევს.

ვფიქრობ, რაღაც დოზით ცვლილებები იქნება. მომხმარებლის ინტერესებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, კურსის ვრადნამ ჩვენი კომპანიის ფასებზეც მოახდინოს გავლენა", - აცხადებს ჯიბლაძე.

ანალიტიკოსი ბექა კემულარია განმარტავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდა ვალუტის კურსის ცვალებადობას უკავშირდება და ხშირად კომპანიები ფასებს ერთნაირად ცვლიან, რაც არაჯანსაღი კონკურენციითაა გამოწვეული.

"ვალუტის კურსი პირდაპირ არის მიბმული საწვავის ფასზე, რადგან შესყიდვა ხდება დოლარში. რამდენად შეესაბამება ეს 3-4 თეთრიანი ზრდა სავალუტო რყევას, კომპანიამ თავად უნდა გადაწყვიტოს.

იმპორტიორებს შეუძლიათ, საწვავის ფასი თავიანთი სურვილის მიხედვით განსაზღვრონ, მით უმეტეს, ქართულ ბაზარზე არ არის ჯანსაღი კონკურენცია. ოლიგოპოლიურ კომპანიებს კონკურენციას უწევენ მხოლოდ არაბრენდირებული კომპანიები, რომელთა წილი ბაზარზე 10 პროცენტს არ აღემატება", - ამბობს კემულარია.


გაზეთი ”რეზონანსი”


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა