|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოსახლეობა იაფი სასურსათო ჯიხურების დემონტაჟს მოითხოვს

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ჯიხურების განთავსებას ხმაურიანი პროტესტი მოჰყვა. ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, აღნიშნული ჯიხური, ღამის 12 საათზე დადგეს.

"მოვითხოვთ ჯიხური გადადგან სხვა ადგილზე. აქ ანტისანიტარია იქნება და ეზოში გავლა შეუძლებელი გახდება," - აცხადებენ newpress.ge-სთან საუბარში ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები. იმ შემთვევაში, თუკი ჯიხურის დემონტაჟი არ მოხდება, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ.

"იაფი პროდუქტი მოსახლეობას", - ამ სლოგანით, ჯიხურები ქუთაისში სხვადასხვა ადგილას დაიდგა.

ქუთაისის ქუჩებში ჯიხურების გამოჩენას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ჯიხურების ქალაქის ქუჩებში განთავსება საზოგადოებრივი კონტროლის ჯგუფის წევრებმა და ქუთაისის საკრებულოს უმცირესობამ გააპროტესტა.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია გოქაძის განცხადებით ქალაქში ჯიხურები ხელისუფლების მაღალჩინოსნების ხელშეწყობითა და მფარველობით დაიდგა.

"ქართულ ოცნებას" და "პატრიოტთა ალიანსს" ეს დაჭირდათ ქულების დასაწერად. ერთი წელია ერთმანეთში რაღაცეების გარკვევას ცდილობენ. ამ შემთხვევაში, ერთმა ჯგუფმა, ალბათ, აჯობა მეორე ჯგუფს და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია ერთმანეთის წინააღმდეგ,"- განაცხადა გია გოქაძემ.

საზოგადოების პროტესტის შემდეგ, ქალაქის ცენტრალური უბნებიდან ჯიხურები აიღეს. თუმცა, რამდენიმე ადგილზე ისინი ამ დრომდეა განთავსებული.

ქალაქის ტერიტორიაზე ჯიხურების გახსნას შპს "მადლი" უზრუნველყოფს.



ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა