აფხაზ ახალგაზრდებს იდეოლოგიამ აზროვნება მთლიანად შეუცვალა – შეხვედრა აფხაზ პოეტთან
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აფხაზი პოეტის, თემო ხაჯბას პოეზიის საღამო "აფხაზის ლექსები“ გაიმართა. აღნიშნული საღამო ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა და კითხვა –პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ქართველოლოგიის განყოფილების წარმომადგენელთა თქმით, ეს პოეზიის საღამო "კიდევ ერთი ნაბიჯია აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენის" საკითხში.
თემო ხაჯბა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის
III კურსის სტუდენტია.
აფხაზეთის განათლების სამინისტრომ ახლახან მისი ლირიკული ლექსების კრებულიც გამოსცა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მის ოჯახს დღემდე მუდმივი კონტაქტი აქვს აფხაზეთში დარჩენილ ნათესავებთან. ახალგაზრდა პოეტის მამა ომის დროს აფხაზეთში იმყოფებოდა, თუმცა ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებდა.
"ზურაბ ხაჯბა ომის პერიოდში არ იბრძოდა. იგი ქართულ და აფხაზურ ოჯახებს ეხმარებოდა მიცვალებულების გადასვენებაში. საერთოდ თემო ხაჯბას ოჯახის წევრები საქართველოს დიდი პატრიოტები და ქართული ცნობიერების მატარებელნი არიან", – აღნიშნა სამეცნიერო ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის განყოფილების თანამშრომელმა, ჟურნალისტმა ნანული ცხვედიანმა.
თემო ხაჯბას თქმით, მას ძალიან ბევრ აფხაზთან აქვს უერთიეთობა და ხშირად ეს კონტაქტი დებატების რეჟიმში მიმდინარეობს.
"მამაჩემის თაობის აფხაზებს კიდევ აქვთ რაღაც სითბო შემორჩენილი ქართველების მიმართ, მაგრამ ჩემი თაობის წარმომადგენლებს იდეოლოგიამ საერთოდ შეუცვალა აზროვნება და მათ საქართველოს ხსენება არ უნდათ. თუ გინდა მათთან კონფლიქტი მოგივიდეს, საქართველო უნდა ახსენო. თუმცა, როდესაც ვეუბნები, რომ არც რუსი, არც კაზაკი არავინ არ მღერის აფხაზურ სიმღერებს, არავინ ცეკვავს აფხაზურ ცეკვებს და არსად აფხაზური ენის ისეთი პროპაგანდა არ ხდება როგორიც საქართველოში, მათ ამაზე პასუხი არა აქვთ“, – აღნიშნა თემო ხაჯბამ.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი