|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

400 ათას ლარზე მეტი ჩინოვნიკთა სააღდგომო პრემიებისთვის, 8-ჯერ ნაკლები სოციალურად დაუცველთა ნობათებისთვის

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულმა 667-მა თანამშრომელმა მიმდინარე წელს, სააღდგომოდ პრემიების სახით ჯამში 40 9094 ლარი მიიღო. მაშინ როდესაც, რიცხობრივად 3-ჯერ მეტ სოციალურად დაუცველთა (2500 ადამიანი) სააღდგომო ნობათებს 8-ჯერ ნაკლები თანხა (50 400 ლარი) მოახმარეს.

ქუთაისში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სააღდგომო ნობათის გადასაცემად, მერია მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, 9 594 ლარით ნაკლებ დახარჯა. ასევე, შემცირებულია იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებიც სასაჩუქრე ნობათს მიიღებენ.

პროდუქტების ჩამონათვალი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილ სასაჩუქრე ნობათი წლების განმავლობაში არ იცვლება. ერთი პაკეტი, საშუალოდ, 20-22 ლარი ღირებულებისაა.

10 ცალი კვერცხი, 1 პასკა, 230 გრამიანი მაიონეზი, 1კგ შაქარი, 200 გრამი კარაქი, გაყინული ქათამი, 1 შედედებული რძე, 0.5 კგ შოკოლადი, 1 კგ. ფქვილი - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვლია, რომელიც ქუთაისში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მერიისგან სააღდგომოდ მიიღეს.

მერიის სოციალური სამსახურის მონაცემებით, ქალაქში 7 700-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახია. თუმცა, მიმდინარე წელს, სააღდგომო დღესასწაულისთვის ნობათი მხოლოდ 2 500-მა მიიღო. მერიის სოციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ სადღესასწაულო ნობათი ააიპ „მადლიერების სახლის“ 500-ვე ბენეფიციარს გადაეცა.

ასევე, მერიის მიერ წახალისებულთა შორის მოხვდნენ ინვალიდთა კავშირის წევრები, ჩერნობილელები, მრავალშვილიანი დედები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა ოჯახები - ყველა ის ოჯახი, ვინც მერიას განცხადებით მიმართა.

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის  ორგანიზაციის ხელმძღვანლი, გოგი წულია განცადებით, უზნეობა არის, როდესაც ათასობით ლარის პრემიას იღებენ მერიაში, როცა სოციალურად დაუცველებისათვის მხოლოდ ერთ პასკას იმეტებენ.

"ეს არის სრული უზნებობა. თუმცა, ჩემი მოწოდება, რომ შეაჩერონ პრემიების გაცემა, არის მგლის თავზე სახარების წაკითხვა. უბრალოდ, მინდა მოსახლეობამ დაიმახსოვროს ამ ადამიანების სახელები, რომ  წინასაარჩევნოდ მათი დაპირებები და ნიანგის ცრემელები არ მიიღონ", - აცხადებს გოგი წულაიამ. 

 სადღესასწაულო ნობათის შესაძენისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი 2014 წლის 23 მარტს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულად ინდმეწარმე გიორგი კვიმსაძე გამოვლინდა, რომელმაც აღნიშნული დავალების შესრულებაში 50 470 ლარი მოითხოვა.

ქუთაისის ვიცე–მერის, ნოდარ მიქიაშვილის განმარტებით, სატენდერო კომისიამ გამარჯვებული კომპანიის დისკვალიფიკაცია მოახდინა. დისკვალიფიკაციის მიზეზი, მიქიაშვილის განმარტებით, გამარჯვებულმიერ ელექტრონულ სისტემაში არასრულყოფილად ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია გახლდათ. კერძოდ,  მას არ ჰქონდა წარმოდგენილი შეთავაზება და ფასების ცხრილი. როგორც მიქიაშვილი განმარტავს, მას მხოლოდ მითითებული ჰქონდა თავისი პირადი მონაცემები.

მხოლოდ გვარი და სახელი ეწერა და ამ ორ სიტყვიდან ერთი სიტყვა, სახელი შეცდომით იყო. იმდენად უპასუხისმგებლოდ იყო წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომ მივეცით დისკვალიფიკაცია და მიუხედავად იმისა, რომ ფასთა დიდი სხვაობა 3 400 ლარი ფიქსირდებოდა, გადავედით მეორე ადგილზე,“ - აცხადებს ნოდარ მიქიაშვილი.

ვიცე-მერის ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ შესყიდვების საგენტოში იჩივლა. სააგენტომ თავის მხრივ 2 დღეში დავების საბჭო დანიშნა, რომელიც დასკვნას სარჩელის განხილვიდან 10 დღეში აქვეყნებს.

„აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, ტენდერის მიზანი შეუსრულებელი რჩებოდა, რადგან აღდგომა გასული იქნებოდა და ნობათებს ვერ დავარიგებდით. მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვეწყვიტა ეს ტენდერი და მეორე ადგილზე გასულთან, ერთ პირთან მოლაპარაკებით ხელშეკრულება გაგვეფორმებინა. თუმცა, სახელმწიფოს რომ ზიანი არ მიეღო, მასთან ხელშეკრულება დავდეთ იმ თანხაზე იაფად, ვიდრე პირველ ადგილზე გასულს ჰქონდა წარმოდეგნილი. საბოლოოდ, შეთანხმება შედგა 50 400 ლარზე და მიზანსაც მივაღწიეთ, სააღდგომოდ ნობათები უკვე რიგდება,“ - აცხადებს ნოდარ მიქიაშვილი.

სოციალურად დაუცველთათვის საარდგომო ნობათების ელქტრონულ ტენდერში მეორე ადგილზე ინდმეწარმე, რამაზ ხელაძე გავიდა, როემლმაც აღნიშნული სამუშაოს შესრულებაში მერიის მიერ შეთავაზებულზე 3 425 ლარით მეტი მოითხოვა. როგორც ირკვევა, რამაზ ხელაძეს ანალოგიურ ტენდერებში მონაწილეობა გასულ წლებშიც მიუღია და გამოცდილება აქვს.

ხელაძემ სააღდგომო ნობათები სოციალურად დაუცველთათვის 2013 და 2012 წლებში შეიძინა.

2011 წლიდან აღდგომის დღესასწაულისთვის სოციალურად დაუცველთათვის ნობათებისთვის გადასაცემი თანხა თვითმმართველობაში ყოველწლიურად იზრდებოდა და შესაბამისად, იზრდებოდა ნობათის მიმღებ ბენეფიციართა რიხვიც.

რთადერთი რაც ამ წლების მანძილზე არ შეცვლილა, ეს პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც სასაჩუქრე პაკეტში შედის. წელსაც მერია სოციალურად დაუცეველებს იმ პროდუქებს სთავზობს, რითაც წლებია უკვე ასაჩუქრებს. თუმცა, მცირედი ცვლილება იყო 2011 წლაღდგომის დღესასწაულისთვის. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ერთ სასაჩუქრე პაკეტში, იმ დროს, ერთი ცალი სანთელიც შედიოდა.

„მადლიერების სახლის“ ბენეფიციარი, თამარ ფხაკაძე ერთ-ერთია, ვისაც მერიის სააღდგომო ნობათი გადაეცა. როგოც თამარ ფხაკაძე ამბობს, იგი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება და 20 წელია „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარია. მისი თქმით, აღნიშნული დახმარება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „დღესასწაულისთვის ამ დახმარებას ველოდებოდი. რამდენიმე დღე მეყოფა და აღარ მომიწევს პროდუქტის ყიდვა,“ - ამბობს თამარ ფხაკაძე.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა