თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი კერვალიშვილი და დავით ბაიდარაშვილი 700 ლარით დაჯარიმდნენ, დავით მაჭავარიანის ბრალეულობა კი ამ დროისთვის არ დადასტურდა.
ინდიდენტის მონაწილეების თქმით, მათ ჩხუბი არ დაუწყიათ, უბრალოდ, აეროპორტში ჩოჩქოლის ხმა მოესმათ, რა დროსაც გასაშველებლად მივიდნენ, თუმცა რას მოჰყვა კონფლიქტი, მათთვის უცნობია.
მათი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დევნა გამორიცხულია, რადგან ისინი აეროპორტში შეფერხებული რეისის გამო იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ბარსელონადან ჩამოფრინდნენ და ბარგს ელოდებოდნენ, რადგან გუშინ ბარგის საჰაერო ხომალდიდან ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.
ინციდენტში მონაწილე სამი პირი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ, ისინი სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. მომდევნო პროცესი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის 12 დეკემბერს ჩაინიშნა.
შსს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავებულ მეოთხე პირს კი ბრალი სს კოდექსის 126–ე მუხლით აქვს წარდგენილი. ის დაკავებული რჩება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი