თამბაქოს კვამლით შიდა სივრცის დაბინძურებაში საჯარო და სამედიცინო სექტორები ლიდერობენ
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგი ჰაერის ხარისხის შემოწმებასაც ითვალისწინებს. ჩატარებული კვლევების წლიური შედეგების თანახმად, 2024 წლის განმავლობაში, ჰაერში წვრილი ნაწილაკების კონცენტრაციის შესასწავლად მასშტაბური კვლევა ჩატარდა. თამბაქოს კვამლის არსებობის დასადგენად, 2.5 მიკრონის ზომის და უფრო წვრილი ნაწილაკების გამოსავლენად გამოიყენეს თანამედროვე, TemTop M2000 ჰაერის ხარისხის მულტიფუნქციური დეტექტორი.
კვლევა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 118 დაწესებულებაში, რომლებიც მოიცავდა: 21 საგანმანათლებლო დაწესებულებას, 15 საჯარო დაწესებულებას, 28 სამედიცინო დაწესებულებას, 54 სამასპინძლო დაწესებულებას.
სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებს შორის გამოვლინდა მნიშვნელოვანი სხვაობა: საგანმანათლებლო დაწესებულებებს საუკეთესო შედეგები აქვს, მაჩვენებლით 7.38 მკგ/მ3, რაც ჯანმოს სტანდარტების მიხედვით "კარგ" კატეგორიაში ხვდება. სამასპინძლო დაწესებულებებში დაფიქსირდა 10.77 მკგ/მ3, რაც ასევე "კარგ" კატეგორიას მიეკუთვნება.
სამედიცინო დაწესებულებებში საშუალო მაჩვენებელი 15.52 მკგ/მ3-ია, ხოლო საჯარო დაწესებულებებში - 18.72 მკგ/მ3. ორივე მაჩვენებელი ჯანმოს სტანდარტებით "დასაშვებ" კატეგორიაში ხვდება, თუმცა მიუთითებს გაუმჯობესების აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ ფონური მაჩვენებლები (შენობის გარეთ) ხშირად აღემატებოდა შენობის შიგნით დაფიქსირებულ მაჩვენებლებს და მერყეობდა 35-50 მკგ/მ3-ის ფარგლებში. ეს მიუთითებს გარე ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვან პრობლემაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევის მაჩვენებელი ჯანმოს სტანდარტების მიხედვით "კარგ" ან "დასაშვებ" კატეგორიებში ხვდება, საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში აუცილებელია ამ კუთხით სერიოზული ზომების გატარება. აქვე აღვნიშნავთ, რომ გარე ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხიც უაღრესად აქტუალურია, რადგან დაბინძურების მაღალი ფონური მაჩვენებლები მიუთითებს ფართო მასშტაბიან გარემოსდაცვით პრობლემებზე.
2024 წლის მონიტორინგის ფარგლებში ჩატარებული კვლევა 2017 წლიდან დაწყებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის პროგრამის გაგრძელებაა.
2017-2024 წლების მონაცემების ანალიზი მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს:
სამასპინძლო დაწესებულებები: 2017 წელს დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლიდან (140 მკგ/მ3) მკვეთრი გაუმჯობესების შედეგად 2024 წლისთვის მაჩვენებელი 10.77 მკგ/მ3-მდე შემცირდა.
- საჯარო დაწესებულებები: 2017 წლის 52 მკგ/მ3-დან თანდათანობით შემცირდა, თუმცა 2022-2023 წლებში შეინიშნებოდა მცირე ზრდა. 2024 წლისთვის მაჩვენებელი 18.72 მკგ/მ3-ს შეადგენს.
- სამედიცინო დაწესებულებები: 2017 წლის 20 მკგ/მ3-დან 2024 წლისთვის 15.52 მკგ/მ3-მდე შემცირებით აჩვენებს, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა.
შექმნილი სურათიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გაძლიერდეს მონიტორინგი საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ბოლო წლებში შეინიშნება მაჩვენებლების მცირედით ზრდა.
აუცილებელია გაგრძელდეს საინფორმაციო შეხვედრები ორგანიზაციებში, მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოზარდებთან და სტუდენტებთან შეხვედრები.
შემუშავდეს კომპლექსური გეგმა ქალაქის ფონური ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების შესამცირებლად.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლიდან მოყოლებული მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა კვლავ არსებობს გამოწვევები და საჭიროებს გრძელვადიან და მდგრად გადაწყვეტილებებს.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი
ტელ: 551150773
ავტორი: