|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საგზაო ინფრასტრუქტურა - ქუთაისის უცვლელი გამოწვევა

ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრტიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ყოველ წელს პრიორიტეტებში სახელდება. შესაბამისად, გზების, ტროტუარების და გვერდულების რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება. მიუხედავად, "უწყვეტი" სამუშაოებისა, ქუთაისის გზებზე არსებული პრობლემა პროტესტის მიზეზად და მარადიულ გამოწვევად რჩება.

მოსახლეობამ სამუშაოების ხარისხის და ვადები რამდენიმე ქუჩაზე გააპროტესტა. მათი თქმით, დაუსრულებელი სამუშაოების გამო, როგორც ავტომობილებით, ასევე ფეხით გადაადგილება უჭირთ.

მოსახლეობის პარალელურად, არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ ოპოზიციაშიც. 

საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემებს მერიის არასწორ მენეჯმენტს უკავშირებენ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. მათი მტკიცებით, მერია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თავს ვერ ართმევს. ამიტომ  პროგნოზირებენ, რომ სამუშაოები ვადებში ვერც თბილისის ქუჩაზე მოესწრება. მათივე მტკიცებით, სამუშაოები ხარვეზებითაც ხორციელდება. 

"ევროპული საქართველოს" წევრი მერაბ მეშველიანი განმარტავს, რომ მთავრი პრობლემა მერიის არასწორი მენეჯმენტია. მისი განმარტებით, ახალ გუნდს აქვს სურვილი პროექტების განხორციელების, თუმცა, არა საკმარისი რესურსი და გამოცდილება.

"მერია , რომ არასწორად მუშაობს, ეს გამოჩნდა ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში. მოსახლეობამ არ მიიღო სამუშაოები იმ ხარისხით, როგორიც არის. არასწორად დაიგო გზა და ღვარსადენები.  მერიამ ეს თავიდან არ გაითვალისწინა, რადგან ის ჯგუფია, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვს მენეჯმენტში. ყველა სამუშაო მოსახლეობასთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს, ამიტომ  პროექტირება თავიდანვე არ ხდება ზუსტად.  სწორედ აქედან იწყება ყველაზე დიდი პრობლემა, იგივე ტენდერების ჩავარდნის მხრივ. რაც შეეხება თბილისის ქუჩას, ვადები არის, მაგრამ თავიდანვე არასწორად იყო შედგენილი, ამიტომ ვთვლით, რომ პრობლემები ექნებათ"-განაცხადა მერაბ მეშეველინმა. მან ასევე ისაუბრა ბოლოს გამოცხადებულ ტენდერებზე. მისი თქმით, ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ქალაქში პრობლემებს შექმნის.

"სამ ქუჩაზე გამოცხადდა ტენდერი, მათ შორის ბარათაშვილის ქუჩაზე. რუსთაველის ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარეობს, ვერ დასრულდა და გადათხრილია, შეიძლება, მივიღოთ გადაადგილების პრობლემა. ეს არის არასწორი მენეჯმენტი,  რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანებს. ეს არის ჯგუფი, რომელსაც სურვილი აქვს მნიშვნელოვანი პროექტები გაატაროს, მაგრამ სათანადო  რესურსი არ აქვთ. არის რამდენიმე გამოცდილი თანამშრომელი, მაგრამ არაა საკმარისი. მათ მიერ დაანონსებულ ყველა პროექტს ვუყურებ ეჭვის თვალით, რადგან ვიცით, ბოლომდე ვერ მიიყვანენ. ყველა პროექტი, რაც მათ თქვეს, გაჩერდა და ვნახეთ, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ინიციატივები, რომლებიც ვერ შესრულდა", - განაცხადა მერაბ მეშველინმა.

ქალაქში გზებზე არსებულ პრობლემებს 2012 წლიდან ითვლის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია უკლება. უკლებას განცხადებით, არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ქალაქის მერს ეკისრება, რომელმაც მართვის პრობლემა შექმნა. 

"ქუთაისის გზებზე პრობლემები 2012 წლიდან დაიწყო. განსაკუთრებით თვალშისაცემი 2013 წელს გახდა, როდესაც ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სამწუხაროდ, ქუთაისს საქართველოში ყველაზე ცუდი გზები აქვს და ამის დამალვა უაზრობაა. ეს გამოწვეულია მერიის არაკომპეტენტური გუნდით, რომელთა ქალაქის მმართველობაში ყოფნა დანაშაულია. მერიაში არის რამდენიმე კარგი ადამიანი, მაგრამ ერთიანობაში ტოვებენ ცუდ შთაბეჭდილებას. ეს გიორგი ჭიღვარიას ბრალია, მას ქალაქის მართვის უნარი არ აღმოაჩნდა. მის გამო ქუთაისი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამას მომავალში ახალი კომპეტენტური გუნდის მოსვლა უშველის.  დღევანდელი მერიის პირობებში წარმოუდგენელია და არც მიკვირს, პროექტები რომ არ სრულდება",-განაცხადა გია უკლებამ. 

გზებზე გაჭიანურებულ სამუშაოებს თაღლითური სქემებით ხსნის პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია. მისი თქმით, მოქმედი მერი წინა მერის შეცდომებს იმეორებს და გზების არასწორად დაგებით თანხების არამიზნობრივი ხარჯვა ხდება. 

"ჭიღვარიამ გააგრძელა მურღულიას ხელობა, არაფერი შეუცვლია, თუ არ გააუარესა. მთელი ქალაქი გადათხრილია, ტურისტულმა სეზონმა ამ მდგომარეობაში გაიარა. ეს არის თაღლითური სქემა და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე თვეა დაიწყო სამუშაოები და ვერ დასრულდა. წყალქცევაა და არავინ ინტერესდება თურქული კომპანიის მუშაობით. მივმართავ ჭიღვარიას, რა გეპოზიორება და რა მხატვრობა მოგინდა, ქალაქი თავზე გექცევა, დაანებე პოზიორობას თავი და ქალაქს მიხედე, თორემ მურღულიას გაყინული თევზი მივუყვანე და შენ ცოცხალს მოგიყვან", -განაცხადა გოგი წულაიამ.

(რუსთაველის ქუჩა)

ოპონენტების პათოსს არ იზიარებენ მერიაში. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილეს მირზა ხიდაშელს მტკიცებულებად განხორციელებული სამუშაოების სტატისტიკა მოაქვს. მისი თქმით, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურაზე ქალაქის მასშტაბით 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. გზების უმეტესობა კი დასრულებულია. ხიდაშელის განმარტებით, ბრალდების ადრესატი "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქვეკონტრაქტორი კომპანიაა, რომელიც ვადაგადაცილებების გამო დაჯარიმდა. 

"8 მილიონი ლარის სამუშაო შევასრულეთ. გზების  უმეტესობა არის დასრულებული და პრობლემა არ შექმნილა, სადაც წლები არ ყოფილა რეაბილიტაცია, ისეთი გზები გავაკეთეთ. ვიდრე წყლის კომპანია არ მოგვცემს გზის დაგების უფლებას და საშუალებას, იქამდე ვერ ვაკეთებთ, მერე გაჭრა რომ არ მოგვიწიოს.  თბილისის ქუჩაზე მიმდინარეობს სამუშაოები. რთული პროექტია და ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს.  არა მარტო გზა, არამედ მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება. ოპოზიციის პროგნოზიც არასწორია.

 რუსთაველის ქუჩას, რაც შეეხება, აქ ნამდვილად ფიქსირდება ვადაგადაცილება, მაგრამ ხდება მონიტორინგი და კომპანია დაჯარიმდა. ეს არ არის ჩვენი კონტრაქტორი და ამიტომ რაიმე ადმინისტრაციული ბერკეტი არ გავქვს, დაჯარიმება შეგვიძლია მხოლოდ. 

ზოგადად, აქ იცვლება წყლის ქსელი და წელს გზის საფარის სრული რეაბილიტაცია არ არის გათვლილი. მომავალ წელს მოხდება რეაბილიტაცია, მოწესრიგდება ტროტუარები.  ამასთან, სამი ქუჩის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა, რომელთა მოწესრიგებაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მდგომარეობას", -განაცხადა მირზა ხიდაშელმა.

ხიდაშელი განმარტავს, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე სამუშაოები მოძრაობას არ შეაფერხებს, რადგან ამ დროისთვის რუსთაველის ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იქნება. 

ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქული კომპანია ასრულებს, ვადაგადაცილების გამო კომპანიას არაერთხელ მიეცა გაფრთხილება. წყლის პროექტის დასრულების ვადაც ერთი წლით გახანგრძლივდა და ქალაქის მასშტაბით სამუშაოები 2019 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი