"თბილისის "ტორპედო" - თემურ ცამციშვილი ფეხბურთელების თბილისში გადაბარგების ტენდენციას ეხმიანება
თბილისის "ტორპედო" - ამგვარად ეხმიანება "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი "ტორპედოდან" ფეხბურთელების თბილისის "დინამოში" გადაბარგების ტენდენციას.
როგორც ცამციშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში განმარტა, გუნდის მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ კარგ ინვესტორს შეუძლია. თემურ ცამციშვილის თქმით, ქართული ფეხბურთის პრობლემა სახელმწიფოზე დამოკიდებულებაა და ამიტომ "ტორპედოს" პოლიტიკური თამაშებიდან დისტანცირება უნდა მოხდეს.
"ზოგადად, ვიტყვი, რომ ქართული ფეხბურთის პრობლემა არის სახელმწიფო და დამოკიდებულება ზოგადად, ამ სახეობისადმი. სპორტი, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად მეტ ფულს შოულობს და ყველაზე წარმატებული ბიზნესია, სამწუხაროდ საქართველოში სახელმწიფოზე ჩამოკიდებულ მაჩანჩალა სახეობად იქცა. ყველა გუნდი, მათ შორის "ტორპედო" ელოდება, ხან მერიის, ხან ფედერაციის გადაწყვეტილებას. პრინციპში, აქ გასაკვირი არაფერია. "ტორპედოში" სრული გაურკვევლობა იყო. თბილისის "დინამო", მოგეხსენებათ, დიდი ხანია ნახევრად საბაზრო პრინციპებით თამაშობს და მაინც ელოდებიან ფედერაციიდან დაფინანსებას. ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა შეძლოს, რომ გუნდი კერძო საკუთრებაში გადავიდეს, არავითარ შემთხვევაში მერიის ზურგზე წამოკიდება და ბიუჯეტის ფულის უაზრო ხარჯვა არ უნდა მოხდეს. ეს შედეგს არ მოგვიტანს, გამორიცხულია. თუ არსებობს ვინმე კარგი ინვესტორი, აუცილებელია, რომ გუნდი გადავცეთ ამ ინვესტორს მთლიანად, ბაზით და პოლიტიკური თამაში არ უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ შედეგს დადებს ეს გუნდი, რაც ეკადრება და რაც ჩვენც გვინდა", განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
შეგახსენებთ, "ტორპედოში" არსებული ფინანსური კრიზისის გამო კლუბი დატოვა წამყვანმა ფეხბურთელებმა, რომელთა უმრავლესობამ საქმიანობა "დინამოში" გააგრძელა. მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის შემდეგ დღეს თბილისის "დინამოს" "ტორპედოს" კაპიტანი, მეკარე როინ კვასხვაძე შეუერთდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი