ტექნოლოგიური უნივერსიტეტის "გახსნას" ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია [VIDEO]
ქუთაისში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილზე გამართული აქცია-პერფორმანსი დაპირისპირების მიზეზი გახდა. მოქალაქეები, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ პერფორმანსის ორგანიზატორებს დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, ტყუილია, როდესაც ამბობენ, რომ უნივერსიტეტი არ შენდება, რადგან მშენებლობა სხვა ადგილზე მიმდინარეობს.
"როგორ არ გრცხვენიათ, რომ იტყუებით. აქ კი არა, მეორე მხარეს შენდება უნივერსიტეტი და იქ ნახეთ, მაგრამ არ გინდათ, რეალობის გამოჩენა. ნეტაი თქვენ, მეტი საქმე თუ არ გაქვთ, ამით რომ ინტერესდებით", - აცხადებდნენ ადგილზე მყოფი ადამიანები, რომელთა თქმითაც, ისინი სამუშაოებს ყოველდღიურად ასრულებენ. მათ პერფორმანსის ჩაშლის მიზნით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მიიყვანეს და ქვები დაყარეს.
დაპირისპირებაში ჩაერთო პარტია "თავისუფალი საქართველოს" შტაბის უფროსი გოგი წულაია, რომელმაც მოქალაქეებს მოთხოვა ეჩვენებინათ აგებული უნივერსიტეტი.
წულაიას თქმით, ეს არის მიზანმიმართული ქმედება მათ წინააღმდეგ, რადგან ხელისუფლებას არ სურს რეალობის გაჟღერება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი