"ტორპედოს" მომავალი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული"-თემურ ჩეჩელაშვილი
ქუთაისის "ტორპედოს" მიერ ევროთასების შესარჩევ თამაშებში მოპოვებული თანხა 240 000 ევროა. გუნდს დაახლოებით 700 ათასი ლარი სეზონის ბოლოს უნდა დაერიცხოს, თუმცა გუნდს თანხა დავალიანების დასაფარად დაჭირდება.
ქუთაისის "ტორპედოს" დავალიანება 3 მილიონს ლარს აღწევს, აქედან მილიონ 200 ათასი ლარი VTB ბანკის დავალიანებაა. კლუბს ასევე ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება და სხვა ორგანიზაციების ვალი აქვს. არსებული დავალიანების გამო მიმართა მერიამ სასამართლოს, თუმცა სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა.
კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა ვალებს არ აღიარებს. ახალი დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ "ტორპედოს" მომავალი სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ სასამართლო ამ ვალს ჯერ კიდევ კლუბის მფლობელს ზაალ ჩაჩავას დააკისრებს, შესაძლებელი გახდება კლუბისათვის სპონსორის მოძებნა. სხვა შემთხვევაში, საეჭვოა, ამ ვალით კლუბის გასხვისება მოხერხდეს.
"მერია კლუბს ვალით ვერ იბრუნებს, ამიტომ შეიტანა სარჩელი სასამართლოში. თუ სასამართლო ჩაჩავას ვალს დააკისრებს, უკვე ვალის გარეშე შესაძლებელი იქნება კლუბის ხელახალი გასხვისება", - განუცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა "ნიუპრესს".
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ინფორმაციით, ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი დაერიცხათ და გრძელდება მუშაობა სპონსორის მოძებნაზე.
გუნდის მწვრთნელის კახა ჩხეტიანის ინფორმაციით, თუ პრობლემა უახლოეს მომავალში არ მოგვარდება, გუნდი დაიშლება.
"ფედერაცია ყველაფერს ცდილობს, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს და ამას მხოლოდ სიტყვებით არ გამოხატავენ. მათ არ სურთ, რომ „ტორპედო“ დაიშალოს და რიგით გუნდად გადაიქცეს. ხშირად ველაპარაკები ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას, რომელიც სპონსორის მოძებნას ცდილობს.
იმედია, გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც უყვარს ფეხბურთი და ქუთაისის „ტორპედოს“ გვერდში დაუდგება. მთავარია, გუნდში საფეხბურთო პოტენციალი დაინახოს"-განაცხადა კახა ჩხეტიანმა "ლელოსთან" საუბარში.
"ტორპედოში" პრობლემები გასულ წელს დაიწყო, რის გამოც გუნდი ათამდე ფეხბურთელმა დატოვა.
ავტორი: ირინა მაკარიძე