თემურ ჩეჩელაშვილი "ტორპედოს" პრეზიდენტის პოსტიდან მიდის
ქუთაისის საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა თემურ ჩეჩელაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, ინფორმაციას "ტორპედო" თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. თემურ ჩეჩელაშვილმა მერს გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა.
"კლუბში ახალი მეპატრონის მოსვლის საკითხი დღე–დღეზე უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება ბატონ თემურ ჩეჩელაშვილს, მან ქუთაისის მერის სახელზე კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა", –ნათქვამია "ტორპედოს" განცხადებაში.
ინფორმაციას ადასტურებს თემურ ჩეჩელაშვილი, მისი განცხადებით, 1 ივნისიდან პასუხისმგებლობა მოიხსნა და მერის გადაწყვეტილებას ელოდება. წასვლის მიზეზად კი ინვესტორი სახელდება.
არსებული ინფორმაციით, "ტორპედოზე" პასუხისმგებლობის აღებას მერაბ ჟორდანიას სამეგობრო - ბიზნესმენ უგულავას ჯგუფი გეგმავს.
თემურ ჩეჩელაშვილი კლუბის პრეზიდენტის პოსტზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი