„ტურიზმის შესახებ“ ახალი კანონი მზადდება
„ტურიზმის შესახებ“ ახალი კანონი მზადდება, კანონპროექტის განხილვაში დღეს პარლამენტის, მთავრობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, კურორტების განვითარების სააგენტოსა და ტურიზმის სფეროში არსებული ასოციაციების, ასევე შესაბამისი გაერთიანებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
დისკუსიის მიზანი იყო დაინტერესებულ მხარეებთან ერთად კანონპროექტის განხილვა, მასთან დაკავშირებით, დამატებითი კონსულტაციების გამართვა და მონაწილე მხარეების პოზიციების შეჯერება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით, კანონპროექტი, რომელიც ტურისტული სექტორის გაუმჯობესებას და გაჯანსაღებას ემსახურება, მიმდინარე საშემოდგომო სესიის განმავლობაში დაინიცირდება.
„ფაქტობრივად კანონი დასრულებულია, მიმდინარეობს საბოლოოდ პოზიციების შეთანხმება, რომ კანონპროეტი იყოს ქმედითი, იყოს შესრულებადი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
წარმოდგენილი ცვლილებებით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, აქ მოიაზრება როგორც ტურ-ოპერატორები, ისე გიდები, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების გამწევი, ასევე მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი შემოდის ცალკე მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ, სავალდებულო იქნება როგორც სამთო, ისე სათხილამურო და ალპური გამყოლის სერტიფიცირება.
კანონი ტურიზმის შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, არეგულირებს ტურისტული ოპერატორებისა და ტურისტების ურთიერთობას. პროექტის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება, იქონიოს ფინანსური უზრუნველყოფა მისი შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის. იმის დასადგენად, თუ რამდენად ადეკვატურია ტუროპერატორის დაზღვევა ან საბანკო გარანტია, სუბიექტმა კონკურენციის სააგენტოს წლიური და კვარტალური ანგარიში უნდა წარუდგინოს.
ახალმა კანონმა 1997 წელს მიღებული დღემდე მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს.
შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსთან თანამშრომლობით გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი